ნინო ჯანჯალაშვილის პოზიცია – როგორ უნდა აფასებდე შენს ,,ალმა მატერს“

თარიღი: 2023-10-13 19:05:53

ჟურნალისტიკის შესწავლა აბიტურიენტობიდან გახდა მისი ცხოვრების, სამომავლო კარიერის მთავარი მიზანი, რასაც უკვე შვიდი სემესტრია აკეთებს და მომავალშიც საკუთარი თავი სხვა საქმეში ვერ წარმოუდგენია. ჩვენ ვსაუბრობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მეოთხე კურსის სტუდენტზე ნინო ჯანჯალაშვილზე, რომელიც თსუ-ს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციაში სტაჟირების კურსს გადის. ,,ხშირად ვამბობ, რომ ჩემი პროფესიული გადაწყვეტილება  ყოველთვის იქნება ის ნაბიჯი, რომელსაც არასოდეს ჩავთვლი არასწორად და მეტიც, ყოველ კურსზე, ყოველ სემესტრში მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ეს სწორედ ის საქმე და ადგილი იყო, სადაც ყველაზე სწორად მოვხვდი“, – ამბობს ნინო.

ნინო ჯანჯალაშვილისთვის თსუ-ში მოხვედრა, დიდ სიხარულთან ერთად, პასუხისმგებლობასაც უკავშირდება. ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა, მრავალმხრივი ცოდნა, რასაც საქმის პროფესიონალი აკადემიური პერსონალი აძლევს სტუდენტებს. აქ დავიჯერე, რომ სრულიად შესაძლებელია აკადემიურ სივრცეში მეგობრობა როგორც შენი თაობის, ასევე, უფროსი თაობის ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში მართლაც გეხმარებიან. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტში კონკრეტულ პროფესიასთან ერთად ურთიერთობებსაც სწავლობ“, – ასეთია სტუდენტის მოსაზრება.

ნინოს უჭირს საყვარელი ლექტორების დასახელება, რადგან სხვებს გული არ დასწყვიტოს, თუმცა რამდენიმე პედაგოგის ვინაობას ჩვენი ზედმეტად ჩაკითხვის გამო გვიმხელს: ,,ოთხი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, რომ რომელიმე კონკრეტულ ლექტორთან ურთიერთობა მეტად ძვირფასი აღმოჩნდეს, ან ისეთი კურსი გაიარო მასთან, რომელმაც მეტად დაგაახლოვა და საერთო ინტერესები აღმოგაჩენინა. გავკადნიერდები და რამდენიმე სახელსა და გვარს დავასახელებ – უნივერსიტეტის დასაწყისში, როცა სწავლება მთლიანად დისტანციურად მიმდინარეობდა, ჩემთვის აღმოჩენა ქალბატონი მარი წერეთელი იყო, რომლის სტუდენტობაც ნამდვილად გამართლება მგონია… მომდევნო კურსებზე მას შეუერთდნენ ქალბატონი მაია ტორაძე და ქალბატონი ლიანა მარქარიანი“.

სიყვარულს რომ მალვა უნდა – ამ თეზას ნინო ჯანჯალაშვილი, ალბათ, არ ეთანხმება, რადგან მასთან საუბრისას მისი დამოკიდებულება უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხებისადმი  სიყვარულით განმსჭვალულია და არც ჩასაფრებული ადამიანის პოზიცია აქვს. იგი თსუ-ში არსებულ პრობლემებსაც ხარვეზებად განიხილავს. ,,ვერ ვიტყოდი, რომ უნივერსიტეტში გამოკვეთილად გადაუჭრელი, რთული პრობლემები არსებობს. ალბათ, როგორც ყველგან, არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ან უკვე არის მოგვარების პროცესში, ან მოგვარდება ურთიერთთანამშრომლობისა და საერთო სურვილით, რომ ყველაფერი რიგზე იყოს“,  – ამბობს ნინო. იგი ნამდვილად განსხვავდება იმ სტუდენტებისგან, რომლებიც უნივერსიტეტს მხოლოდ აუგად მოიხსენიებენ ისე, რომ დადებითი ტენდენციების შემჩნევა არც უნდათ. საკუთარი ,,ალმა მატერის“ იმიჯის შელახვა და შეურაცხყოფა ნინოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. ,,ნებისმიერ სტუდენტს სურს, რომ მისი უნივერსიტეტი სამაგალითო იყოს. ჩემი მთავარი სურვილი უცვლელია – ეს არის წარმატებები და საინტერესო მომავალი“, – აღნიშნავს ნინო ჯანჯალაშვილი.

ჩვენს რესპონდენტს, როგორც ჩანს, ძალიან არ ულხინს და ბევრი მათგანივით ყოფით პრობლემებთან გამკლავება უწევს. როგორც ნინო ამბობს, მისთვისაც, ისე, როგორც სხვა სტუდენტებისთვის მთავარ საფიქრალს მართლაც წარმოადგენს მატერიალური მდგომარეობა… თუმცა, მისი აზროვნება მხოლოდ ყოფით პრობლემებზე ფიქრით არ შემოიფარგლება და აწუხებს სოციალურ-პოლიტიკური საკითხები, რომლებიც მთლიანად ქვეყნისა და მოსახლეობის მდგომარეობაზე აისახება.

ნინო ჯანჯალაშვილს დასაქმება ბეჭდურ მედიაში სურს და ამისთვის აქედანვე ემზადება. მან იცის, რომ საქართველოში მედია-გარემო ნამდვილად არ არის ისეთი ჯანსაღი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ჟურნალისტიკის არსებობის შემთხვევაში. მისი შეფასებით, დღევანდელი პოლარიზებული გარემო, თავისთავად, გავლენას ახდენს მედია-გარემოზეც, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შეფასდება. თუმცა, მომავალი ჟურნალისტი ამჩნევს  ბევრ კარგ და საქმის პროფესიონალ ჟურნალისტსაც, რომელთა არსებობა საიმედოა ჟურნალისტიკისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნინო ჯანჯალაშვილს გარემოს დადებითი მხარეების აღქმა უფრო გამოსდის, ვიდრე წინ უარყოფითს წამოსწევს, რაც, უდავოდ, კარგად ახასიათებს, როგორც ადამიანს. სწორედ ამ აღქმის გამოა, რომ ნინო ასე საუბრობს პასუხისმგებლიანობაზე: ,,პასუხისმგებლიანობა, პირადად ჩემთვის, ნიშნავს – აფასებდე სხვის საქმეს, დროსა და საქმისათვის გაღებულ ენერგიას, ისე, როგორც საკუთარს დააფასებდი და სწორად აკეთო ნებისმიერი დავალება, რომელსაც ხელს მოჰკიდებ“.

მისი მისწრაფებები, როგორც საქმის პროფესიონალისა და ობიექტური მედიის წარმომადგენლის, საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაა; უნდა, რომ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებდეს, რაშიც თავადაც შეიტანს საკუთარ წვლილს. ,,რაც არ უნდა მხატვრულად ჟღერდეს, ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ვიყო საიმედო“, – ამბობს ნინო ჯანჯალაშვილი, რომელსაც, ჯერაც ხანმოკლე გამოცდილების მიუხედავად, ყველაფერი გამოსდის, რასაც ხელს ჰკიდებს. მას სწამს, რომ ყველაფერი მხოლოდ მის ხელშია და რომ ყველა მიზნის მიღწევა შეიძლება საკუთარი ,,მე“-ს კარგად ჩაკირკიტებით და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვით.  

,,ვფიქრობ მომავალზე, რომელშიც საკუთარ თავს შემდგარს ვხედავ. წარმოვიდგენ  – როგორ ვაკეთებ ყველაფერს ისე, როგორც მთავარ მიზნებსა თუ, გინდათ, ოცნებებში წარმომიდგენია, შესაბამისად ამ ყველაფრის რეალობად გადაქცევა – მთავარი მოტივაციაა“.

Facebook
Twitter
LinkedIn