ნინო გორხელაშვილმა საკუთარი წარმატების ისტორია კონფერენციებში მონაწილეობით შექმნა

თარიღი: 2025-06-05 17:31:07

ნინო გორხელაშვილი მალე დაამთავრებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ისტორიის საბაკალავრო პროგრამას  და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავა. წარმატებისთვის ნინო ბევრს შრომობს, რადგან, მისი აზრით, საფუძვლიანი ცოდნის მისაღებად ბევრი წინააღმდეგობის და ბარიერის გადალახვაა საჭირო.  „ისტორია ჩემთვის ყოველთვის  მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ თარიღები და მოვლენები – ეს იყო გზა, რომ გამეგო, როგორ ჩამოყალიბდა სამყარო, საზოგადოებები და თვითონ ადამიანი. სწორედ ამიტომ, დიდი ხნის მანძილზე მინდოდა ისტორიის პროგრამაზე სწავლა და, როცა არჩევანის წინაშე დავდექი, თსუ ამ მხრივ საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა. უნივერსიტეტი, რომელიც ცნობილია თავისი  მდიდარი ტრადიციებით, აკადემიური მემკვიდრეობითა და მრავალფეროვანი გარემოთი,  დამეხმარა  ჩემი ინტერესები სიღრმისეულად გამემდიდრებინა.  აკადემიური ცოდნის გარდა, აქ მომეცა  შესაძლებლობა – დამეფასებინა კრიტიკული აზროვნება, დიალოგი და განსხვავებული შეხედულებების მნიშვნელობა. თუმცა, რაც ყველაზე ღირებულია – აქ შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დღემდე ჩემთან არიან: მასწავლებლები, რომლებიც ინსპირაციის წყაროდ იქცნენ; მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვიზრდებოდი. ეს ურთიერთობები გახდა ჩემი უნივერსიტეტის ყველაზე დიდი მონაპოვარი. თსუ ჩემთვის არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ცოდნა მივიღე, ის ჩემი სამყაროს ნაწილი გახდა“, – ამბობს ნინო.

საყვარელი ლექტორებიც ჰყავს – განსაკუთრებით ემადლიერება  მიხეილ ბახტაძესა და აპოლონ თაბუაშვილს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ამ პროფესორების დახმარებით კონკრეტული საკითხები შეისწავლა, სწორედ მათ მისცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა დაძლიო პროფესიული სირთულეები.

როდესაც მისი საკუთარი წარმატების ისტორიაზე ვკითხეთ, ნინო გორხელაშვილმა სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის პერიოდები გაიხსენა და აღნიშნა: „ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება. დიდი გამოცდილება შევიძინე, ვისწავლე წყაროებზე მუშაობა და, ამასთან, დიდი სიამოვნება იყო იმ თემებზე მუშაობა, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. სტუდენტთა IV საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოვადგინე მოხსენება: „ბრძოლა ტახტისთვის XIII საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში“; ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 146-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე  ჩემი მოხსენება იყო – „პროვინციის მეფეების“ ინსტიტუტის ჩამოყალიბება XIV საუკუნის საქართველოში“; აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე კი წარვადგინე მოხსენება: „დავით ნარინის მემკვიდრეების ბრძოლა სამეფო ტახტისთვის“. ჩემი სტატია ეხებოდა იგივე პერიოდს („დავით VIII-ის ურთიერთობა ილხანთა საყაენოსთან და მისი შედეგები“). ეს თემატიკა იმიტომ ავირჩიე, რომ საქართველოს ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა. ვფიქრობ, XIII საუკუნის ბოლო წლები და XIV საუკუნის დასაწყისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო საქართველოში. ამ დროს განვითარდა ისეთი მოვლენები, რომლებმაც განსაზღვრა მაშინაც და მომდევნო პერიოდშიც ქვეყნის საშინაო მდგომარეობა. ამ დროს იქმნება ისეთი პრეცენდენტები, რომლებიც მანამდე საქართველოში არ არსებოდა და ეს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ზრდის ინტერესს საკითხის მიმართ“.

ამჟამად ნინო საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობს. მისი  თემა ეხება „მრავალმეფიანობის“ პერიოდს, რომელიც XIII საუკუნის ბოლოს დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოში. ეს საკითხი  მას პირველი კურსიდან აინტერესებდა და სხვადასხვა დროს მოხსენება და სტატიაც დაწერა აღნიშნულ თემაზე, რამაც საბოლოოდ მიახვედრა, რომ მომავალშიც უნდა გაეგრძელებინა ამ პერიოდზე მუშაობა.

სამომავლოდ  ნინო გორხელაშვილი მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას კვლავ თსუ-ში აპირებს, შემდგომში კი უნდა, რომ თავისი  პროფესიით დასაქმდეს.

Facebook
Twitter
LinkedIn