ნინო გელოვანის მიერ ფილმში გააზრებული ,,ხე-სქემა“ ტარიელ ფუტკარაძეზე
27 ოქტომბერს თურქეთში დუზჯეს უნივერსიტეტში მიმდინარე სიმპოზიუმი – ,,ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობები“ – ეძღვნებოდა თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების 10 წლის იუბილეს. განყოფილების დაარსებასა და ფუნქციონირებაში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს, რომელსაც აქტიური ურთიერთობა ჰქონდა თურქეთელ ქართველებთან, ქართული კულტურის ასოციაციის წარმომადგენლებთან. სწორედ მისი რეკომენდაციით შეირჩა ქართული ენის მასწავლებლები, ახალგაზრდა პროფესორები: მაკა სალია, შორენა ლომაია და სხვები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ თავიანთი მასწავლებლის გზას და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ახალ თაობას ეხმარებიან წინაპართა ენისა და კულტურის დაუფლებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და ხელოვნების მუშაკები საქართველოდან, თურქეთიდან, ირანიდან და ამერიკიდან, საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გ. ჯანჯღავა, დუზჯეს, საქარიისა და სტამბულის ქართული კულტურის ასოციაციის წევრები.
ღონისძიებაზე თსუ-ს კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ასისტენტმა, პროდიუსერმა, სატელევიზიო სერიალების მკვლევარმა, რეჟისორმა ნინო გელოვანმა წარადგინა დოკუმენტური ფილმი – ,,სამყარო აჭარიდან შევიცანი“, რომელიც პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სამეცნიერო-პედაგოგიურ და პოლიტიკურ მოღვაწეობას მიეძღვნა. ფილმის ჩვენებამ დამსწრე აუდიტორია მოხიბლა და შთაბეჭდილებებით აღავსო.
,,არაერთი სარეკლამო რგოლისა და დოკუმენტური ფილმის რეჟისორის ნინო გელოვანის მხატვრული ხერხების გააზრებით ნაჩვენები კინოსურათის განხილვის შემდეგ შემიძლია ჩემი და სტუდენტთა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ: ავტორმა შექმნა ემოციური და დაუვიწყარი ფილმი, რომელიც უდიდეს დაფასებას დაიმსახურებს სხვადასხვა კინო-ფორუმზე. აღსანიშნავია ასევე ფილმის არანჟირება, რომელმაც ემოციური ფონი შექმნა მაყურებელთათვის, ის კადრები, რომლებმაც ცრემლი მომგვარა არა მარტო მე, არამედ სრულიად დარბაზს. ფილმში გადმოცემულია ყველა აქცენტი, რომელიც თურქეთელი ქართველების დამოკიდებულებებს ასახავს საკუთარი ისტორიული სამშობლოს მიმართ. მსურს მადლობა გადავუხადო ფილმის შემქმნელებს ამ ღირსეული საქმისთვის“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში სოფიკო ბზარაშვილი.
,,ნინო გელოვანის დოკუმენტური ფილმი – ,,სამყარო აჭარიდან შევიცანი“ – ლამაზად აღწერს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრებას და შემოქმედებას. აუდიტორია შთაბეჭდილების ქვეშ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნინო პირადად არ იცნობდა პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს, მან შეძლო ტარიელის პირადი მასალების გამოყენება, რათა შეექმნა პოლიტიკური და საჯარო ფიგურის შთამბეჭდავი სურათი, ასევე, მასწავლებლის, რომელმაც უანგაროდ მიუძღვნა საკუთარი ცხორება სამშობლოს კეთილდღეობას. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა – გვენახა ეს ფილმი და ასევე ვყოფილიყავით ნაწილი ჯგუფისა, რომელმაც გაიზიარა ეს თურქ კოლეგებთან, რომელთაგან უმეტესობა კარგად იცნობდა პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს და მასთან ერთად უმუშავია. ფილმი კარგად მოერგო სიმპოზიუმის საერთო თემას – ქართული და თურქული კულტურების, ენების და იდეების დაახლოებას“, – განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან მკვლევარმა, ანთროპოლოგმა რიკი ბრაუნმა.
,,ნინო გელოვანის დოკუმენტური ფილმი ეხება პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის (ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც გარდაიცვალა Covid-19-ით 2021 წლის 2 იანვარს) ცხოვრებას. თავად სიმპოზიუმი მის ხსოვნას ეძღვნებოდა. ავტორი ფილმს იწყებს საქართველოს იმ კუთხიდან, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა, პატარა სოფლებისა და მიხვეულ-მოხვეული გზების სცენებით. ფუტკარაძის ცხოვრების კონტექსტად და ფონად არის ნაჩვენები საქართველოს რესპუბლიკის ისტორია, მისი პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც ასახავს 1989 წლის 9 აპრილის დილას (საქართველოს მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტას როგორ უძღვოდა წინ დემონსტრაციები). ზოგიერთი ისტორიული ფირი არის უხარისხო და ნინო გელოვანს არ უცდია მათი „გამოსწორება“. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ,,კომენტარია“ საქართველოს ისტორიის გონებაში ჩაბეჭდვისთვის. მთლიანობაში, ფილმი არის საინტერესოდ გააზრებული და წარმოადგენს პროფესორ ფუტკარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთგვარ იმპრესიონისტულ აღწერას“, – აღნიშნავს ქართველოლოგი პოლ კრეგო.
,,ნინო გელოვანის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი კომპაქტურ ფორმატში სრულად ასახავს გამორჩეული ქართველი მოღვაწის ცხოვრებას. შერჩეულია მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი პასაჟები გმირის ცხოვრებიდან, რომელმაც მონუმენტურად წარმოაჩინა ტარიელ ფუტკარაძის როლი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, განსაკუთრებით ქართულ-თურქული ურთიერთობების განვითარებაში. ფილმის ფარგლებში მეც მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ტარიელ ფუტკარაძის წვლილზე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ ასპექტს – ,,ქუთაისური საუბრების” მნიშვნელობას შეეხო. ტარიელ ფუტკარაძის მთავარ სამეცნიერო დამსახურებად მე მივიჩნევ ქართველოლოგიაში ახალი პარადიგმის შექმნას. სწორედ ამ მომენტს ჩაავლო ხელი ფილმის რეჟისორმა, როდესაც ფილმში მარჯვედ წარმოადგინა რეკონსტრუირებული ,,ხე-სქემა“, რომლის სამეცნიერო განხილვა მომავლის საქმედ გვესახება“, – აცხადებს თსუ-ს პროფესორი, ენათმეცნიერი მერაბ ჩუხუა.
თავად რეჟისორი, რომელმაც მის ფილმზე ასეთი შეფასებები ღონისძიებაზევე მოისმინა, მონუსხული იყო თვალცრემლიანი აუდიტორიით და ასეთ სამადლობელს იხდის: ,,თვალცრემლიან აუდიტორიას რომ ვხედავდი, თითეული ადამიანის მიმართ მომინდა კომპლექსური მადლიერების გრძნობის გამოხატვა… იოლად ვიტყვი – მადლობა ბატონო ტარიელ! მადლობა ჩემს შემოქმედებით ჯგუფს, მეგობრებსა და ადამიანებს, რომლებმაც კეთილი სიტყვები არ დაიშურებს, გულთბილად შეგვხვდნენ. წინ ახალი გამოწვევებია- ახალი სწორი გზა“, -აღნიშნავს ნინო გელოვანი.