ნინო დოლიძის მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტი კელნის უნივერსიტეტში
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის არაბისტიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი ნინო დოლიძე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიით იმყოფებოდა კელნის უნივერსიტეტში.
გვესაუბრება ასისტენტ-პროფესორი ნინო დოლიძე
ჩემი კვლევა თანამედროვე არაბულ ლიტერატურულ პროცესებსა და არაბული ლიტერატურის სწავლებაში დანერგილ სიახლეებს შეეხება. შემოდგომის სემესტრში საშუალება მომეცა – მემუშავა კელნის უნივერსიტეტის ისლამური სამყაროს ენებისა და კულტურების ინსტიტუტში, სადაც უახლესი არაბული ლიტერატურა კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ კონტექსტში ისწავლება.
მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1945 წელს დაარსდა. მაშინ განსაკუთრებული ინტერესი სემიტური ენების მიმართ „ქართული ინტერესიდან“ გამომდინარეობდა. რეფორმების შედეგად, აქ არსებული ფილოლოგიური და ისტორიული მიმართულებები ჯერ კიდევ 2006 წელს გაერთიანდა და გადაკეთდა არაბულ, თურქულ და ა.შ. რეგიონმცოდნეობის ცენტრებად, 2019 წლიდან კი არაბისტიკა, ირანისტიკა და ა.შ. მოიაზრება ხელოვნებათმცოდნეობა/ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფართო სფეროში (დეტალური სფერო ენების დაუფლებაა), რაც იმას გულისხმობს, რომ ლიტერატურა იქცა მომიჯნავე საგნად, რომელმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ახლო აღმოსავლეთის კომპლექსურ შესწავლაში. ინტერდისციპლინური კვლევისას არაბული ლიტერატურის შესწავლა-სწავლების პროცესში ლიტერატურული ტექსტების წმინდა ფილოლოგიურ ანალიზთან შედარებით უპირატესობა მიენიჭა მათ ანალიზს რეგიონის კონტექსტში. ამ მხრივ, ჩვენს პროგრამაშიც განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ევროპულ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუციებთან უფრო მეტად დაახლოებისა და ინტეგრაციისთვის სასურველია – დაიხვეწოს უახლესი არაბული ლიტერატურის კვლევისა და სწავლების პრაქტიკა, რაკი ის ერთ-ერთი მიმართულებაა რეგიონის მრავალმხრივ (ლინგვისტური, პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური თუ ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისით) შესწავლაში. ეს გზა გერმანიაში უკვე გაიკვალა. ამიტომ ჩემთვის, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების გარდა, სასარგებლო იყო გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და მუშაობის პროცესში მათი რჩევის გათვალისწინება.
მუხედავად იმისა, რომ ევროპაში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა ინტერდისციპლინური დისკურსები (ე.წ. Area Studies), არაბისტიკა მაინც არ ითვლებოდა ცალკე დისციპლინად და ის ისტორიული, საენათმეცნიერო კვლევებითა თუ ტექსტების რედაქტირებით შემოიფარგლებოდა. მოგვიანებით დიალექტოლოგიისა და სოციოლინგვისტიკის სწავლებას თანდათან ლიტერატურათმცოდნეობაც შეუერთდა, თუმცა აქცენტი კვლავ ტექსტის ფილოლოგიურ ანალიზზე კეთდებოდა, რასაც ისლამური მეცნიერებებისა და სემიტოლოგიის სწავლება მოითხოვდა. გერმანიაშიც, ისევე, როგორც ჩვენთან, არაბული ლიტერატურის ძველი ნიმუშები იყო ერთგვარი წყარო და/ან საშუალება რეგიონის ისტორიის, რელიგიისა თუ ენების შესასწავლად. საუნივერსიტეტო პროგრამებში მხოლოდ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გამოჩნდა ახალი არაბული ლიტერატურული ტექსტები. რეგიონის კომპლექსურად კვლევის საჭიროებამ კი, შესაბამისად, ახალი თეორიული მიდგომების აუცილებლობა განაპირობა.
გერმანიისგან განსხვავებით, საქართველოში არასოდეს დამდგარა აღმოსავლური კულტურის უცხოდ წარმოჩენის საკითხი, რადგან ისტორიულად თავს, გარკვეულწილად, ამ არეალის წარმომადგენლებად აღვიქამდით. მაშინ, როცა ჩვენთან არაბულ წყაროებს ქართული ისტორიოგრაფიისთვის იყენებდნენ ან ქართულ-აღმოსავლურ ენობრივ თუ ლიტერატურულ პარალელებს იკვლევდნენ, გერმანიაში ლამის გასული საუკუნის 70-იან წლებამდე გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ არაბული (სპარსული, თურქული…) ლიტერატურა უცხოა, თავისებურია; რომ მას ევროპული ლიტერატურათმცოდნეობითი მიდგომებით ვერ გააანალიზებ. ბერძნული კულტურა დიდხანს რჩებოდა ერთგვარ საზომად, სტანდარტად, რომელთან მიმართებაში „სხვა“/„უცხო“დაბალი რანგისა იყო…
რეგიონთმცოდნეობა გერმანიაში (ზოგადად, დასავლეთში) განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ განვითარდა. აღმოჩნდა, რომ ლიტერატურის ისტორიის სწავლება აღარ არის საკმარისი. არაბისტიკამ კულტუროლოგიური და სოციოლოგიური მიმართულებები აითვისა, ლიტერატურათმცოდნეობაზე მაღლა დადგა – დაინტერესდა როგორც „მაღალი“, ისე პოპულარული ლიტერატურით, პოპკულტურით და 80-იან წლებში განვითარებული კულტურის მეცნიერებების (Cultural Studies) ანალოგიით ხელოვნების ნიმუშების როგორც წარმოების/პროდუცირების, ისე აღქმის პროცესის შესწავლა დაიწყო. ამგვარად, ლიტერატურის კვლევა და სწავლება წმინდა ტექსტოლოგიურ გამოცდილებას თანდათან დაემშვიდობა. არაბისტიკის ინტერესების სფეროში აღმოჩნდა მუსიკაც, კინოც, თეატრიც, ვიზუალური ხელოვნებაც, გრაფიტიც, პერფორმანსიც, მედიაც, სოციალური ანთროპოლოგია და სოციალური გეოგრაფიაც კი. არაბისტიკა მოიცავს ყველა ხედვას, რასაც კი ლიტერატურული ტექსტი შეიძლება შეეხოს, დაწყებული სოციალ-პოლიტიკური თუ ისტორიული კონტექსტით, დამთავრებული ნაწარმოების როგორც კულტურის პროდუქტის შექმნისა და აღქმის საკითხებით. ეს მიდგომა „არაბული გაზაფხულის“ (2010) შემდეგ გამყარდა, როცა არაბისტიკის კულტუროლოგიურმა ასპექტმა მეტი პოლიტიკური საყრდენი/სარჩული შეიძინა – კვლევისა თუ სწავლებისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა კულტურის პროდუქტი როგორც სოციალური პრაქტიკა (არა როგორც საზოგადოებრივი აზრის ამსახველი ნიმუში).
ამგვარად, დღეს უახლესი არაბული ლიტერატურული ნაწარმოებები განიხილება როგორც კულტურული პრაქტიკა, რომელსაც გააჩნია ღრმა ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი. აღარ არის საკმარისი არაბული ორიგინალების მხოლოდ როგორც საზოგადო მოვლენების ანალიზის წაკითხვა, საყურადღებოა პირდაპირი ბმა ლიტერატურასა და საზოგადოებას, ტექსტის შექმნასა და მის აღქმას შორის კონკრეტულ პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში (მაგ., როგორ აღიქმება გადასახლებული არაბების მიერ სხვადასხვა ენაზე შექმნილი ნიმუშები, ან სხვა ენის (ინგლისურის, ფრანგულის, ბერბერულის…) გავლენით არაბულ ქვეყანაში დაწერილი ნაწარმოებები და ა.შ.).
თუ სხვადასხვა ქვეყნებში ეროვნული ლიტერატურის სწავლების პროცესი ეროვნული კულტურის წარმომჩენად, ხშირად ერთგვარი ნაციონალური პროექტის ნაწილადაც კი გვევლინება ხოლმე, არაბული ლიტერატურა ტრანსნაციონალური ხასიათისაა. ამიტომ, ერთი მხრივ, უნდა გამოვკვეთოთ მისი კულტუროლოგიური და პოსტკოლონიური ასპექტები, მეორე მხრივ, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ უახლესი არაბული ლიტერატურის კვლევა ვერ შემოიფარგლება პოსტკოლონიური თეორიით დადგენილი ნაციონალური საზღვრებით. მნიშვნელოვანი საკითხია დასავლური სამეცნიერო ჰეგემონიის დასრულება, მისი სამეცნიერო პრაქტიკის დეკოლონიზაცია. ევროპულ სამეცნიერო ლიტერატურას აღარ ენიჭება აშკარა უპირატესობა. კარგია ისიც, რომ დღეს უკვე შესაძლებელია პირდაპირ ეკონტაქტო არაბ ავტორებს. მეორე მხრივ, დიგიტალური ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების, წყაროების, მონაცემებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების თავისუფლად წვდომისა და სოციალური მედიის პირობებში ამ ინსტრუმენტებისადმი კრიტიკულად მიდგომაც მნიშვნელოვანია.