საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო თავყრილობა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში

თარიღი: 2025-06-12 11:17:27

22-24 მაისს  ნაციონალიზმის კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (ASN) 29-ე კონფერენცია გაიმართა,  რომელსაც ამჯერად კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტი მასპინძლობდა. თსუ-ს კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩიქოვანის ინფორმაციით,ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო თავყრილობა, რომელშიც მონაწილეობდნენ ნაციონალიზმის, ეთნიკურობის, ეთნიკური კონფლიქტების, ეროვნული იდენტობის, მიგრაციისა და დიასპორათა პრობლემატიკით დაინტერესებული მეცნიერები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. წარმოდგენილი კვლევითი მიმართულებები მოიცავდა პოლიტიკის მეცნიერებებს, ისტორიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, კულტურის კვლევებს, გეოპოლიტიკას, უსაფრთხოების კვლევებს, ეკონომიკას, გეოგრაფიას, სოციოლინგვისტიკას, ფსიქოლოგიას და მათთან დაკავშირებულ სფეროებს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორები ნინო ჩიქოვანი, ივანე წერეთელი და ირაკლი ჩხაიძე. მათი მოხსენებები, რომელთაგან ორი – ნინო ჩიქოვანისა და ივანე წერეთლის – შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში, ეხებოდა გმირებისა და ანტიგმირების სახეების კონსტრუირებას ახალი იდენტობის მშენებლობის პროცესში დამოუკიდებელ საქართველოში  (ნინო ჩიქოვანი), შიშებით მანიპულაციას და იდენტობაზე დამყარებულ ევროსკეპტიციზმს საქართველოში (ირაკლი ჩხაიძე), პოლიტიკურ ფიგურებს, როგორც მეხსიერების არეებს (ივანე წერეთელი). მოხსენებებს მოჰყვებოდა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეკითხვები, მოსაზრებები და კომენტარები სექციების მუშაობაში მონაწილე სხვა მკვლევრებისა და მრავალრიცხოვანი დამსწრე აუდიტორიის მხრიდან.

ნინო ჩიქოვანის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტს მიეძღვნა მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები. წარმოდგენილმა საკითხებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა, გაიმართა საქართველოში 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების ამსახველი ფილმის ჩვენება.

კოლეგებისა და მკვლევართა ფართო აუდიტორიისათვის საკუთარი კვლევის შედეგების წარდგენას, დისკუსიებში მონაწილეობას, აზრთა ურთიერთგაზიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უკვე არსებული სამეცნიერო კავშირების განმტკიცებისა და ახალი კონტაქტების დამყარებისათვის.

Facebook
Twitter
LinkedIn