რა თემატიკა მოიცვა საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა

თარიღი: 2025-09-24 18:59:15

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ორგანიზებით, 20 სექტემბერს, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იდენტობა, მეხსიერება და XX-XXI საუკუნეების ისტორიული ტეხილები. ღონისძიება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ორგანიზაცია „საქართველოში აკადემიური კვლევების მეგობრები“ (FaRiG) მხარდაჭერით განხორციელდა.

კონფერენცია ჩატარდა სამი მიმდინარე კვლევითი პროექტის ფარგლებში: „ებრაული იდენტობა საქართველოში: საბჭოთა ტრანსფორმაცია (1921-1941)“, „კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირება დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში: გმირისა და ანტიგმირის დისკურსი“ და „ილია ჭავჭავაძე: უპირობო ეროვნული გმირი იდენტობის წინააღმდეგობრივ დისკურსებში“. ეს სამივე პროექტი წარმოადგენს ინსტიტუტის პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებს და მიზნად ისახავს იდენტობის, მეხსიერებისა და ისტორიული ტრანსფორმაციების საკითხების ინტერდისციპლინურ კვლევას, რაც არსებითად უწყობს ხელს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო აკადემიურ დისკურსში ჩართვას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა საქართველოდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან და  სლოვენიიდან.

კონფერენციის მიზანი იყო პოლიტიკური ტრანსფორმაციების, იდენტობის, კოლექტიური მეხსიერებისა და კულტურული ტრავმის კვლევის სფეროში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, პრობლემების რეგიონულ და ტრანსრეგიონულ კონტექსტში გააზრება და ინტერდისციპლინური კვლევების ახალი შესაძლებლობების გამოკვეთა.

როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა: „XX-XXI საუკუნე ხასიათდება გარდამტეხი ისტორიული მოვლენებით. ორმა მსოფლიო ომმა, რევოლუციებმა, ცივმა ომმა განაპირობა მსოფლიო წესრიგის არაერთგზის გადასინჯვა. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს და ბიძგს აძლევს იდენტობისა და კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირება-რეკონსტრუირების მწვავე და წინააღმდეგობრივ პროცესს. ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, ისევე, როგორც კავკასია, იმ რეგიონთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ამ პროცესებმა განსაკუთრებით ინტენსიური სახე მიიღო“.

კონფერენციის პროგრამამ მოიცვა მრავალფეროვანი თემატიკა: მიტია ველიკონიამ (ლიუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია) ისაუბრა თემაზე ROCK’N’RETRO – ,,ახალი იუგოსლავიზმი სლოვენიურ პოპულარულ მუსიკაში“. ირაკლი ჩხაიძემ (თსუ) წარადგინა მოხსენება – ,,ომები და ჭრილობები: დამარცხების გამოწვევა დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში“. სვეტლანა სუვეიკამ (რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია) წაიკითხა მოხსენება  – ,,ძალადობა, მეხსიერება და იდენტობა: მოლდოვა მსოფლიო ომების ევროპულ გამოცდილებაში“. ნინო ფირცხალავამ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარმოადგინა ნაშრომი –  ,,გერცელ ბააზოვი: სტალინური პერიოდის ქართველი ებრაელი ინტელექტუალის ტრაგიკული ბედის პარადიგმა“. მიხეილ მეფარიშვილმა (თსუ) ისაუბრა თემაზე –  ,,საქართველოს ებრაელების 1920-1930-იანი წლების რეპრესირებული მეხსიერების აღდგენა: პერსონალური ნარატივები“. ფრენკ ჯაკობმა (ნორდის უნივერსიტეტი, ნორვეგია) წარადგინა მოხსენება – ,,რევოლუციების მეხსიერება: წარსული და თანამედროვეობის კონსტრუირება“. ნატალია მაისოვამ (ლიუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია) ისაუბრა თემაზე – ,,ტრანსმედიური მეხსიერება პოსტ-იუგოსლავიურ ვიდეოთამაშებში“. ნინო ჩიქოვანმა (თსუ) წარადგინა მოხსენება –  ,,გმირების შექმნა: ვინ არიან და რისთვის გვჭირდება ისინი“. ქეთევან კაკიტელაშვილმა (თსუ) წარადგინა მოხსენება – ,,ქართველ ებრაელთა იდენტობის ევოლუცია მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პოლიტიკურ რეჟიმებში“. თინათინ სოზიაშვილმა და მარდია დუიშვილმა (თსუ) წარადგინეს ნაშრომი – ,,გმირი და ანტიგმირი: 1990-იანი წლების პოლიტიკური ფიგურები საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში“.

როგორც ხედავთ, კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები იმ სფეროს ნაწილია,  რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს, იდენტობის საკითხებს, კოლექტიურ მეხსიერებასა და კულტურულ ტრავმას. ეს მოხსენებები ინტერდისციპლინურია და მოიცავს პოლიტიკურ მეცნიერებებს, სოციოლოგიას, ანთროპოლოგიას, ისტორიისა და კულტურის კვლევებს.

„პოლიტიკური ტრანსფორმაციების, იდენტობის, კოლექტიური მეხსიერებისა და კულტურული ტრავმის კვლევის სფეროში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სხვადასხვა ისტორიული და სოციალური კონტექსტის შედარება მკვლევრებსა და საზოგადოებებს აძლევს საშუალებას – უკეთ გააცნობიერონ საკუთარი ტრავმული გამოცდილება და იდენტობის ტრანსფორმაციის გზები. გამოცდილების გაცვლა ხელს უწყობს კრიტიკული დიალოგის ჩამოყალიბებას, ახალი ინტერპრეტაციული ჩარჩოების აღმოჩენას და მეხსიერების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებას, რაც საბოლოოდ აძლიერებს შერიგების, თანამშრომლობისა და კოლექტიური თვითშეგნების განვითარების შესაძლებლობებს“, – განაცხადა  პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა. 

და მართლაც, ღონისძიება იქცა ფართო აკადემიურ დისკუსიად, რომელმაც არა მხოლოდ წარსულის ტრავმული გამოცდილების გააზრების ახალი კუთხეები წარმოაჩინა, არამედ საფუძველი ჩაუყარა სამომავლო თანამშრომლობას ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ადასტურებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში და ხაზს უსვამს იმას, რომ იდენტობის, მეხსიერებისა და კულტურული ტრავმის კვლევა მხოლოდ ფართო საერთაშორისო დიალოგის ფარგლებში შეიძლება სრულფასოვნად განხორციელდეს და რომ მხოლოდ ფართო ინტეგრაციითა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებით არის შესაძლებელი ზემოთ აღნიშნული კომპლექსური თემების სრულფასოვანი გააზრება.

Facebook
Twitter
LinkedIn