ნინო ავალიანმა გერმანიაში ერთი სემესტრი ისწავლა
ნინო ავალიანი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს. გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ქალაქ ტრირში, Universität Trier-ში იმყოფებოდა, საიდანაც შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა.
ნინომ გაცვლითი პროგრამის შესახებ პირველად თანაკურსელებისგან შეიტყო და გადაწყვიტა, თავადაც ესარგებლა ამ შესაძლებლობით. როგორც თავად გვიყვება, კონკურსში მონაწილეობა მისთვის საინტერესო და, ამავდროულად, საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო. პირველი მცდელობა წარმატებული არ აღმოჩნდა; იმავე პერიოდში სხვა უნივერსიტეტში გაგზავნილ განაცხადზეც უარი მიიღო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია — კიდევ ერთხელ ეცადა.
„როდესაც თსუ-ში სხვა გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობა გამოჩნდა, განაცხადის წარსადგენად საკმაოდ მცირე დრო მქონდა. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვეცადე, ყველა საჭირო დოკუმენტი თავიდან მომემზადებინა და კიდევ ერთხელ გავაგზავნე განაცხადი. საბოლოოდ, სწორედ ამ მცდელობამ გაამართლა. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, იცოდე, თუ რატომ გინდა ამ შესაძლებლობის გამოყენება და პირველივე წარუმატებლობის შემდეგ რატომ არ უნდა დანებდე. ვფიქრობ, ზოგჯერ წარმატებას წინ სწორედ ასეთი მცდელობები და გამოცდილება უძღვის. კონკურსს გარკვეული აკადემიური მოთხოვნებიც ახლავს, ამიტომ კარგი აკადემიური შედეგების შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია. ამასთანავე, კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რადგან პროგრამით სარგებლობის სურვილი ბევრ სტუდენტს აქვს“, — ამბობს ნინო.
მისი თქმით, საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლა სრულიად განსხვავებულ აკადემიურ და პიროვნულ გამოცდილებასთან იყო დაკავშირებული. „ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში სწავლის შესაძლებლობა და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ურთიერთობა. როგორც სამართლის სტუდენტისთვის, ინგლისურ ენაზე სწავლა გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა ეს გამოწვევა წარმატებით გადავლახე და ამ პროცესმა მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დამიტოვა. გარდა აკადემიური გამოცდილებისა, მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი სხვადასხვა კულტურას, ადამიანებსა და ცხოვრების განსხვავებულ სტილს. უნივერსიტეტში არსებული სხვადასხვა შესაძლებლობის გამოყენებამ კი საშუალება მომცა, სასწავლო პროცესის მიღმაც უფრო აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული და ბევრი ახალი რამ მესწავლა. საბოლოოდ, გაცვლითმა სემესტრმა არა მხოლოდ ჩემი აკადემიური ცოდნა გააფართოვა, არამედ დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარიც გამიძლიერა“, — აღნიშნავს ნინო.
თსუ-ში სამწლიან გამოცდილებაზე საუბრისას ნინო ავალიანი აღნიშნავს, რომ სწორედ აქ მიეცა შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა საერთაშორისო აკადემიურ გარემოშიც გამოეცადა, მიეღო როგორც აკადემიური ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და სხვადასხვა აქტივობაში მიეღო მონაწილეობა. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის შესაძლებლობები, რომლებიც სწავლის პროცესს სცდებოდა. „თსუ-ში გატარებულმა წლებმა დამანახა, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ ლექციებსა და გამოცდებს არ გულისხმობს. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლია გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები, მიიღო ახალი გამოცდილება და აღმოაჩინო ის მიმართულებები, რომლებიც მომავალში დაგაინტერესებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სტუდენტებმა სწავლის პერიოდში მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობები“, — აღნიშნავს მომავალი იურისტი.
თავისი წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად ნინო სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვებას ასახელებს, რომელიც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამდე მიიღო. ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო ორჯერ მოიპოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტიპენდია. ამასთანავე, გახდა გაცვლითი პროგრამის მონაწილე და ერთი სემესტრი საზღვარგარეთ ისწავლა. სწავლის პარალელურად კი თსუ-ში სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც ჰქონდა. ფიქრობს, რომ თითოეული ეს შესაძლებლობა მისი აკადემიური და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
რაც შეეხება ორი ქვეყნის უნივერსიტეტების სწავლების მეთოდებს შორის გარკვეულ განსხვავებებს, მისი ინფორმაციით, ტრირის უნივერსიტეტში კურსები ძირითადად სემინარების ფორმატით ტარდებოდა და სწავლა მხოლოდ ლექციებსა და თეორიული მასალის დამუშავებას არ მოიცავდა. „სასწავლო პროცესში სტუდენტების უფრო აქტიური ჩართულობა და პრაქტიკული კომპონენტიც იყო. მაგალითად, გვქონდა სხვადასხვა საგანმანათლებლო ვიზიტი, მათ შორის ევროპის აუდიტორთა სასამართლოში, ლუქსემბურგში, რამაც საშუალება მოგვცა, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალურ გარემოსთან დაგვეკავშირებინა. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო საერთაშორისო სასწავლო გარემოც. კურსებზე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად ვსწავლობდი და მათთან ურთიერთობა საშუალებას მაძლევდა, სხვადასხვა საკითხი განსხვავებული კულტურული და სამართლებრივი პერსპექტივიდან დამენახა. ეს გამოცდილება სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანს ხდიდა. რაც შეეხება სასწავლო დატვირთვას, ჩემი გამოცდილებით, თსუ-ში სწავლა უფრო ინტენსიურია და დასამუშავებელი მასალის მოცულობაც უფრო დიდია. ტრირის უნივერსიტეტში შედარებით ნაკლები მასალის დამუშავება გვიწევდა, თუმცა მეტი ყურადღება ეთმობოდა სემინარებს, სტუდენტების ჩართულობასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ამიტომ ჩემთვის ეს ორი განსხვავებული სასწავლო მიდგომის გამოცდის კარგი შესაძლებლობა იყო. განსხვავებული იყო შეფასების სისტემაც. ტრირის უნივერსიტეტში კურსების უმეტესობაში ძირითადი აქცენტი საბოლოო გამოცდაზე კეთდებოდა და საბოლოო შეფასებაც ძირითადად სწორედ მას ეფუძნებოდა. თსუ-ში კი შეფასება ეტაპობრივად ხდება, რაც სტუდენტს მთელი სემესტრის განმავლობაში აძლევს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა სხვადასხვა ეტაპზე გამოავლინოს. ვფიქრობ, ორივე სისტემას თავისი განსხვავებული მიდგომა აქვს და ჩემთვის საინტერესო იყო მათი ერთმანეთთან შედარება“, — ამბობს ნინო ავალიანი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი მიზანია სამართლის სფეროში გააგრძელოს განვითარება და მაგისტრატურაში გააგრძელოს სწავლა. გაცვლითი პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობასაც კიდევ გამოიყენებს. ნინოს განსაკუთრებით აინტერესებს სისხლის სამართალი და სურს, მომავალში სწორედ ამ მიმართულებით იმუშაოს. როგორც თავად აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოცდილება დააგროვოს და ეტაპობრივად პროფესიულადაც განვითარდეს.
