ნინი თურმანიძე სწავლის გაგრძელებას ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავს  

თარიღი: 2025-05-28 12:45:33

ქართული ფილოლოგია ნინი თურმანიძისთვის  სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ბავშვობიდან იზიდავდა. მისთვის ქართული ლიტერატურა ყოველდღიურობის ნაწილი იყო –  უძველესი ხელნაწერებით სკოლის პერიოდიდან დაინტერესდა. „ჩემი არჩევანი იმიტომ შევარჩიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე,  რომ ჩემს მისწრაფებასთან, სურვილებთან თანხვედრა დავინახე. დღემდე ჩემთვის თსუ უბრალოდ უნივერსიტეტი არ არის, აქ, ამ კედლებში  იგრძნობა ინტელექტუალური მემკვიდრეობა, სადაც დიდი ქართველი მეცნიერები მოღვაწეობდნენ. როდესაც წარმოვიდგენ, რომ იმ სივრცეში ვიმყოფები, რომელშიც ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა, განსაკუთრებულ ემოციას   ვგრძნობ“,  – ამბობს ნინი.

როგორც თავად გვიყვება, ცოდნის მიღების გარდა, საკუთარი თავის ნდობა ისწავლა, აქ ჩამოყალიბდა სრულფასოვან პიროვნებად, ისწავლა გუნდური მუშაობა, საკუთარი აზრის ღიად და  საჯაროდ გამოხატვა. ფიქრობს, რომ მის მიერ გადადგმულ  თითოეულ ნაბიჯში იგრძნობა ეს გამოცდილება. „სწორედ უნივერსიტეტის დახმარებით შევძელი  ჩემი პროფესიული ინტერესების განხორციელება, დავისახე ახალი მიზნები, რომელთა მიღწევაც ჩემი ცხოვრების უპირველეს ამოცანად იქცა. ქართული ფილოლოგიის პროგრამამ სრულიად სხვა თვალით დამანახა ჩვენი უდიდესი საგანძური – ენა და ლიტერატურა. თითოეული ლექცია, სემინარი, კონფერენცია იმის საფუძველი იყო, რომ  განმევითარებინა კრიტიკული აზროვნება, გავხმდარიყავი უფრო თავდაჯერებული“.

ერთ-ერთ  პრობლემად  ნინი საგნების არჩევის სპეციფიკას ასახელებს. „პირველივე სემესტრში დიდი წნეხი იყო ჩემთვის ამ პროცესთან დაკავშირებული მოუგვარებელი ხარვეზები. სამწუხაროდ, ვითარება დღესაც არ შეცვლილა. დიდი პრობლემაა ერთ კვირაზე გადანაწილებული 6 გამოცდაც. სტუდენტისთვის, რაც არ უნდა კარგად ჰქონდეს მას მასალა დამუშავებული, ეს რეჟიმი საკმაოდ სტრესულია. ვფიქრობ, ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ხარვეზია ისიც, რომ რამდენიმე საგანი საკმაოდ დატვირთულია მასალით, ფაქტობრივად, სემესტრის განმავლობაში არ გვრჩება იმის დრო, რომ ყველაფერი ხარისხიანად და ზედმიწევნით გავიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ, ვფიქრობ, თითოეულ სემესტრში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენე, უნივერსიტეტის დამთავრებისას მაინც მრჩება გარკვეული სიცარიელე – არასრულფასოვნად მიღებული ცოდნის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, სტუდენტების უმეტესობას სწავლასთან ერთად მუშაობაც უწევს, რაც მათ არ აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად ისიამოვნონ სტუდენტური წლებით და ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება. მგონია, რომ სახელმწიფოსგან თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს მეტი მხარდაჭერა, მოტივაცია, რათა იგრძნონ, რომ მათი შრომა ფასდება“,  – ამბობს ნინი.

რაც შეეხება საყვარელ ლექტორს, ნინის გამორჩევა უჭირს, მაგრამ მაინც ასახელებს მისთვის განსაკუთრებულ ადამიანებს:  „შეუძლებელია, არ ვახსენო ინგა სანიკიძე. როდესაც თსუ-ში ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ვაბარებდი, ჩემი მიზნები, მოლოდინები, ძირითადად, ქართული ლიტერატურის უკეთ გაცნობას უკავშირდებოდა. ვერც კი წარმომედგინა ის, რომ შეიძლებოდა, ქართული ენა და, ზოგადად, ენათმეცნიერება ჩემი ინტერესის საგანი გამხდარიყო. ძალიან კარგად მახსოვს ქალბატონი ინგას პირველი ლექცია. მისმა სიტყვებმა, ემოციამ, დამოკიდებულებამ მაგრძნობინა ის, თუ როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს საკუთარი პროფესია. მისი დიდი სიყვარული ქართული ენისადმი ჩემი მამოტივირებელი ძალა გახდა. ქართული ენისადმი სიყვარული გამიორმაგდა მას შემდეგ, რაც ძველი ქართული ენის შესწავლა დავიწყე. ამისთვის მადლობა მინდა  გადავუხადო ლელა ციხელაშვილს. მისი ყოველი ლექცია და სემინარი დიდი გამოცდილება იყო. ყოველთვის მემახსოვრება ქალბატონ რუსუდან ზექალაშვილის სემინარებიც. ვფიქრობ, ის ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია. მისი ლექციებით მნიშნელოვანი ცოდნა შევიძინე“.

ნინის სამომავლო გეგმებიც უნივერისტეტს უკავშირდება. სწავლის გაგრძელებას ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავს.  ქართულ ენაზე მუშაობა მისთვის მთავარი პრიორიტეტია.

„ბავშვობიდან მაქსიმალისტი ვარ და უნივერსიტეტშიც ყოველთვის ვცდილობდი ასეთი შედეგის დადებას – აქტიურად ვმონაწილეობ კონფერენციებში, პირველივე წლიდან ვიღებ სახელმწიფო სტიპენდიას. ყოველთვის ვცდილობდი, შევჯიბრებოდი ჩემს თავს და ყოველ ახალ სემესტრში უკეთესი გავმხდარიყავი – ეს, ასე თუ ისე, შევძელი (ბოლო 3 სემესტრი ყველა საგანში 100 ქულით დავასრულე. იმედია, ამ სემესტრშიც შევძლებ ამას).   ძალიან მაბედნიერებს თანაკურსელებთან ურთიერთობა და მათი დახმარება. ყოველთვის ვცდილობ, მიღებული ცოდნა, კონსპექტები, გამოცდილება სხვებს გავუზიარო. მიხარია, რომ მათთვის შეიძლება ,,იმედი“ ვიყო. ეს ყველაზე დიდი წარმატებაა ჩემთვის“.

ნინიმ უკვე დაიწყო საბაკალაავრო ნაშრომზე მუშაობა, რომელიც შეეხება აფორიზმის ფუნქციასა და ადგილს რუსთველის ენაში. ამბობს, რომ ქართული ენისა და ,,ვეფხისტყაოსნისადმი’’ სიყვარული მასში აღძრა პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ლექციებმა.

„მინდა, უნივერსიტეტში გატარებული წლები, მიღებული გამოცდილება და ცოდნა საფუძვლად დაედოს ჩემს მომავალ კარიერასა და საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას“, – ამბობს ნინი თურმანიძე.

Facebook
Twitter
LinkedIn