როგორ აღმოჩნდა უნივერსიტეტის გაზეთიდან ჟურნალისტი ნინო ჩარკვიანი მიუნხენის უსაფრთხოების ცნობილ საერთაშორისო კონფერენციაზე
თსუ-ს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ჟურნალისტი ნინო ჩარკვიანი, როგორც უნივერსიტეტის გაზეთიდან წარდგენილი აკრედიტებული ჟურნალისტი, მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციას (2025) დაესწრო და საქართველოში დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. იგი, ფაქტობრივად, მსოფლიოს უსაფრთხოების პოლიტიკის დისკუსიის შუაგულში აღმოჩნდა.
,,საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის ბაკალავრი ვარ და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ჩემთვის ყოველთვის საინტერესო მოვლენა იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფორუმი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. 1963 წლიდან აქ ყოველწლიურად მართავენ დისკუსიებს სახელმწიფო ლიდერები, თავდაცვის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მე, როგორც თსუ-ს გაზეთის ჟურნალისტს, საშუალება მქონდა, რომ კონფერენციის მიმდინარეობას დავსწრებოდი.
მედიააკრედიტაციის მოპოვებამდე გავიარე შემდეგი პროცედურები: უპირველესად, კონფერენციის მედია-კოორდინაციის გუნდს მივმართე და ოფიციალური განაცხადი გავაკეთე აკრედიტაციის მოსაპოვებლად. წარვადგინე ჩემი პირადი მონაცემები, გამოცდილება და სარეკომენდაციო წერილი თსუ-ს გაზეთის რედაქტორისგან. უსაფრთხოების ზომები უშუალოდ კონფერენციამდეც მკაცრად კონტროლდებოდა. წინასწარ გადავგზავნე თანხმობა, რომ ბავარიის პოლიციის მიერ შემოწმდებოდა ჩემი წარსული. 3 კვირაში უკვე დადებითი პასუხი მივიღე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მედია ჰაბისგან, რომ მედია აკრედიტაცია წარმატებით მოვიპოვე“, – ამბობს ნინო ჩარკვიანი.
მიუნხენის სამეფო რეზიდენციის სივრცეში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის სპეციალური მედიაცენტრი იყო მოწყობილი. კონფერენციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები და რეპორტიორები 60-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან. ასეთ გარემოში მოხვედრამ ნინო ჩარკვიანს პროფესიული გამოცდილებაც უკეთ შესძინა.
,,განსაკუთრებული გრძნობა იყო იმ გარემოში ყოფნა, სადაც ჩემს გვერდით BBC-ის, CNN-ის, რადიო თავისუფლებისა და სხვა ავტორიტეტული მედიასაშუალებების ჟურნალისტები მუშაობდნენ. მედიაცენტრში კონფერენციის ყველა სესიის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იყო შესაბამისი თარგმანებით, რაც ინფორმაციის სრული და სწორი აღქმისთვის მნიშვნელოვანი იყო. სატელევიზიო ჟურნალისტებს შეეძლოთ პირდაპირ ეთერებში მედია-ცენტრიდანვე ჩართულიყვნენ; ასევე, მოწყობილი იყო სპეციალური კაბინები ინტერვიუების ჩასაწერად და რადიოსთვის/პოდკასტებისთვის აუდიოჩანაწერების გასაკეთებლად. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვისა და, თანაც, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსდამთავრებულისთვის, კონფერენციაზე დასწრება შთამბეჭდავი და საინტერესო გამოცდილება იყო. ფაქტობრივად, მსოფლიოს უსაფრთხოების პოლიტიკის დისკუსიის შუაგულში ვიყავი“, – ამბობს ნინო და გადმოგვცემს იმ ემოციურ განწყობებს, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მსვლელობისას მომუშავე ჟურნალისტთა წრეში ხდებოდა.

,,გავეცანი საერთაშორისო დონის ღონისძიების ორგანიზების თავისებურებებს; დავინახე – როგორ შუქდება ინფორმაცია სწრაფად და ეფექტურად მაღალი დატვირთვის პირობებში, დავაკვირდი მედიის მუშაობის პროცესს და ვისწავლე – როგორ უნდა მოვემზადო რთული საკითხების ოპერატიულად გაშუქებისთვის. თანამედროვე პოლიტიკური გარემო იმდენად ცვალებადია, რომ ჟურნალისტი უნდა ეცადოს, ყველანაირი მოულოდნელობისთვის მზად იყოს, მით უფრო ასეთი ტიპის კონფერენციაზე, როცა ძნელია ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ამა თუ იმ სახელმწიფო ლიდერის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ნინო ჩვენთან საუბრისას. მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო 50-ზე მეტი მთავრობების ხელმძღვანელი, ასევე 150 მინისტრი, სხვა პოლიტიკოსები და დიპლომატები. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე და მივიწყებულ კონფლიქტებზე, კიბერუსაფრთხოებაზე, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და გლობალური წესრიგის ცვლილებებზე.
