ნინი ჩარკვიანის შეფასებები  – რა განსხვავებაა საზღვარგარეთ სწავლებასა და თსუ-ში სწავლებას შორის?

თარიღი: 2023-10-19 12:07:49

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნინი ჩარკვიანი ჩარლზის უნივერსიტეტში (პრაღა, ჩეხეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობს.

,,საქართველოს საზღვრებს გარეთ სწავლა ჩემთვის მუდამ საინტერესო გამოცდილებასა და მრავალფეროვან შესაძლებლობებთან ასოცირდებოდა. ეს არის შანსი – გამოსცადო საკუთარი თავი, მიიღო განათლება სრულიად სხვა გარემოში და განვითარდე. მინდოდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში მესწავლა და საერთაშორისო სტუდენტთა ქსელს შევერთებოდი, ამიტომ გადავწყვიტე თსუ-ს გაცვლით პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა და კონკურსიც წარმატებით გავიარე. ახლა პრაღაში ვარ, შემოდგომა-ზამთრის სემესტრს ჩარლზის უნივერსიტეტში ვისწავლი“, – ამბობს ნინი.

კონკურსში მონაწილეობისთვის  რა მონაცემების წარდგენა დასჭირდა? – ამ კითხვაზე პასუხად ნინი ჩარკვიანი გვიყვება: ,,თსუ-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის დამჭირდა სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი ლექტორისგან, ასევე, პირადი ინფორმაციის შევსება იმის შესახებ – თუ რომელ კურსსა და ფაკულტეტზე ვსწავლობ. მეორე ეტაპი გასაუბრება იყო, სადაც კვლევისადმი ჩემს ინტერესებსა და მოტივაციაზე მკითხეს. სხვადასხვა კონფერენციაზე ჩემი მონაწილეობა ვახსენე და ვისაუბრე  – თუ რატომ მინდა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ღრმად შესწავლა“.

როგორც ნინი ჩარკვიანი აცხადებს, ათზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა მოკლევადიანი საგანმანათლებლო თუ სამოგზაურო მიზნებით, თუმცა მთელი სემესტრით სხვა ქვეყანაში ,,გადაბარგება“ მისთვის სრულიად ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. ,,გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ოჯახისგან ცალკე ცხოვრებამ უფრო დამოუკიდებელი გამხადა. უფრო მეტად დავინახე სხვადასხვა დავალებაზე დროის სწორად განაწილების საჭიროება და ამ მხრივ ჩემ თავზე ვმუშაობ. უცხოელი მეგობრების შეძენა და პრაღის ულამაზესი არქიტექტურით ტკბობა კი ჩემი აქაური გამოცდილების საუკეთესო ნაწილია“, – ამბობს ნინი.

რა განსხვავებაა საზღვარგარეთ სწავლებასა და თსუ-ში სწავლებას შორის?  – ჩვენ მიერ ამ საკითხით დაინტერესებას ნინი ასე ეხმაურება: ,,ჩარლზის უნივერსიტეტში ლექციები თსუ-სთან შედარებით უფრო მეტად ინტერაქციულია, სემინარებიც და დავალებებიც უფრო მეტად ანალიტიკაზეა ფოკუსირებული. აქ დავრწმუნდი, რომ თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაც სწავლების საკმაოდ მაღალ ხარისხს გვთავაზობს, თუმცა, ჩარლზის უნივერსიტეტში თსუ-ზე ბევრად მრავალფეროვანი და მრავალმხრივია იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა გავლაც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტს შეუძლია. საგნები, რომლებსაც ამ სემესტრში გავივლი, შეეხება საერთაშორისო მიგრაციებს, ვიშეგრადის ქვეყნების პოლიტიკას, ბალტიისპირეთის ქვეყნების თანამშრომლობას, ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და ადამიანის უფლებებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში“.

ნინი ჩარკვინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩარლზის უნივერსიტეტი გამოირჩევა გამართული ინფრასტრუქტურით – ყველა აუდიტორია აღჭურვილია პროექტორითა და სწავლებისთვის საჭირო სხვა საშულებებით. გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტი თავის შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს და ამბობს: ,,პრაღის უმშვენიერესი ქუჩები და ხიდები მთელ მსოფლიოში განთქმულია. ჩემზე პირველი შთაბეჭდილებაც ამან მოახდინა. ჩარლზის ხიდიდან გავყურებ ხოლმე მთელს ქალაქს და მზის ჩასვლის ელფერები სულ მაოცებს. ღამით ლამპიონების შუქით განათებული პრაღაც ასეთივე ლამაზია, მთელი თავისი ისტორიულობითა და ქანდაკებებით. ჩემში ერთგვარ სიამაყის განცდას იწვევს, როცა ვიაზრებ, რომ უძველეს, მე-14 საუკუნეში დაარსებულ უნივერსიტეტში ვსწავლობ; იმ შენობაში მიტარდება ლექციები, სადაც ფრანც კაფკა, რაინერ მარია რილკე, ნიკოლა ტესლა და მეცნიერების, ხელოვნებისა თუ პოლიტიკის სხვა ცნობილი მოღვაწეები სწავლობდნენ“.

Facebook
Twitter
LinkedIn