ნინო ახვლედიანმა ერთი სასწავლო სემესტრი სლოვაკეთში გაატარა
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტმა ნინო ახვლედიანმა გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სლოვაკეთში გაატარა. ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტში სწავლის დროს ევროპულმა სტუდენტურმა ცხოვრებამ, საერთო საცხოვრებელში შეძენილმა მეგობრებმა და სრულიად ახალმა აკადემიურმა გარემომ ნინოს პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ნინო ახვლედიანი სლოვაკეთში გატარებულ პერიოდს თავის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავ ხუთ თვეს უწოდებს. იგი განსაკუთრებით თბილად იხსენებს ადგილობრივებს და ევროპაში გატარებულ შობას, როდესაც „ყველაფერი განსაკუთრებულად მაგიური ხდება“. თუმცა, მისი თქმით, მთავარი მაინც ადამიანები და მათთან ერთად გავლილი თავგადასავლებია.
,,საერთო საცხოვრებელში შენი მეზობლები შენთვის ძვირფასი ადამიანები ხდებიან და როგორც ოჯახის წევრებთან, ისე სვამ მათთანაც ჩაის ყოველ საღამოს. მყავდა საუკეთესო მეგობრებიც, დიდი ოთხეული ვიყავით და სხვადასხვა თავგადასავლებიც გამოვიარეთ ერთად. ყველაზე მეტად ვიოსთან, დიმასთან და არტურთან განშორება გამიჭირდა სამშობლოში დაბრუნებისას“, – იხსენებს სტუდენტი ჩვენთან საუბარში.
ნინო ახვლედიანისთვის ყველაზე გამორჩეული მოგონება სლოვაკეთში ტატრების მთების დალაშქვრაა, რაც მისთვის ევერესტის ,,დაპრყრობას“ ჰგავდა. ამის გარდა, სტუდენტმა რამდენიმე ევროპული ქალაქის დათვალიერებაც მოასწრო და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა თუ მუზეუმი მოინახულა.
რაც შეეხება აკადემიურ გამოცდილებაზე საუბარს, ნინო მიიჩნევს, რომ თსუ არაფერით ჩამორჩება იმ უცხოურ უნივერსიტეტს, სადაც ერთი სემესტრი ისწავლა. როგორც თავად ამბობს, მშობლიურმა უნივერსიტეტმა ინგლისურენოვან ლიტერატურაზე სამუშაოდ კარგად მოამზადა, თუმცა, ბრატისლავაში სწავლების მეთოდოლოგია პრაქტიკაზე უფრო ორიენტირებული აღმოჩნდა: „ხშირად მქონდა სიმულაციები, დებატები და სამიტების სტილის სემინარები, რაც ძალიან ბევრ უნარს ავითარებს და თან სახალისოა. კომენიუსის უნივერსიტეტში პროფესორები ძალიან თავისუფლად ეკიდებიან შეცდომებს. მიაჩნიათ, რომ ეს აუცილებელია – ბევრს გაკვირდებიან, რათა შენივე შეცდომებზე უკეთ გასწავლონ. ლიტერატურის კარგად ცოდნა არ არის საკმარისი, აზროვნების უნარი აუცილებელია. რაც არ უნდა კარგად იყო მომზადებული, ყოველთვის დაგისვამენ კითხვას, რომელიც საკითხს სხვა პერსპექტივით შეგახედებს“.
როგორც ნინო ამბობს, გაცვლითი პროგრამების კონკურსში გამარჯვებამ ,,დააგვირგვინა“ მისი წლების განმავლობაში გაწეული შრომა. სკოლის მედლით დასრულების შემდეგ მან ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის საუკეთესო ასეულში მოხვედრა შეძლო, რის შედეგადაც 100%-იანი გრანტითა და „გალფის“ სტიპენდიით ჩაირიცხა უნივერსიტეტში. საკუთარ წარმატებას იგი დედას უკავშირებს და ასევე ხაზს უსვამს მისი გეოგრაფიის მასწავლებლის, მანანა უტიაშვილის როლს, რომელმაც მას არა მხოლოდ საგანი შეაყვარა, არამედ ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებაც ასწავლა. სტუდენტი ყოველთვის პოულობს დროს საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებისთვის.
საგულისხმოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნინო ახვლედიანისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის. „თსუ ჩემი იდენტობის დიდი ნაწილია. გარდა იმისა, რომ ჩემი სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები მიკითხავენ ლექციებს, ვიღებ ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს და პიროვნულად ვვითარდები; ასევე, გავიუმჯობესე დისციპლინა, მონაწილეობა მივიღე საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებში და დავამყარე კონტაქტები ბევრ ინტელექტუალ ადამიანთან. თსუ-ს სტუდენტობა ნიშნავს – იყო ისტორიის ნაწილი… ჩემი უნივერსიტეტით ვამაყობ“, – აღნიშნავს ნინო ახვლედიანი.
