,,ქართული პოეზიის გერმანულენოვანი თარგმანები” – ნინა ზიგერის მოხსენება სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე
,,ქართული პოეზიის გერმანულენოვანი თარგმანები” – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტმა ნინა ზიგერმა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე – ,,თსუ – 107”.
,,მე, როგორც ორი ქვეყნის, ორი ერის წარმომადგენელს, ძალიან მაინტერესებს გერმანულ-ქართული ურთიერთობები და აქტიურად ვმუშაობ ამ თემებზე. ორივე ქვეყანა ჩემთვის მშობლიურია და დაინტერესებული ვარ როგორც მათი პოლიტიკური, ისე საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობებით“, – ამბობს სტუდენტი ნინა ზიგერი, რომელიც გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში დაიბადა, 2015 წლიდან კი საქართველოში ცხოვრობს, სწავლობს და იკვლევს.
ნინას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტია, მთარგმნელობითი საქმიანობისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვს. სწორედ ამაზე დაყრდნობით შეარჩია თემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციისთვის. ,,მსურდა, რომ ჩემი ენობრივი ცოდნა გერმანულსა და ქართულში სათანადოდ გამომეყენებინა, რათა მთარგმნელობით სფეროში გარკვეული წვლილი შემეტანა, თუნდაც მცირედი. გერმანული ჩემი პირველი მშობლიური ენაა და ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა გამეანალიზებინა – თუ როგორ ითარგმნა ქართული ლექსები გერმანულად“.
კვლევის ფარგლებში სტუდენტმა შეისწავლა – თუ როგორ იყო შენარჩუნებული ქართულიდან გერმანულად თარგმნილ ტექსტებში დედნისეული სიტყვიერი მასალა. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა თარგმნის პროცესში რითმის შენარჩუნებასა და მხატვრული გამონათქვამების შესაბამისობაზე. კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის თანახმად, მრავალი პოეტური ხერხის გამოყენებით მთარგმნელებმა წარმატებით შეძლეს გერმანულენოვან მკითხველამდე ქართული ლექსების სათანადოდ მიტანა. ,,სიტყვები შეირჩა კეთილხმოვნების, რიტმის სასარგებლოდ და პოეტის სათქმელში კიდევ უფრო ჩაღრმავების მეშვეობით. გერმანულ ენაში ნაპოვნი იქნა სათანადო მხატვრული გამონათქვამები, რომლებიც ორიგინალ ვერსიაში ქართული მხატვრული ხერხების ტოლფასი იყო. მთარგმნელთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ლექსებში შენარჩუნებულია დედნისეული დრამატიზმი“, – ვკითხულობთ ნინა ზიგერის ნაშრომში.
საყურადღებოა, რომ ნინას თავადაც აქვს მთარგმნელობითი გამოცდილება. გვიამბო, რომ 2020 წელს ქართულიდან გერმანულად გადათარგმნა ოსი ხალხის საგმირო ნაწარმოები – „ნართების ეპოსი ბავშვებისათვის“. სტუდენტის აზრით, ეს ჯერჯერობით მისი მთავარი მიღწევაა თარგმნის სფეროში. აღსანიშნავია, რომ თარგმანი საერთაშორისო ფონდების დახმარებით გამოიცა.
ნინა ზიგერი მიიჩნევს, რომ მისი მოხსენება აქტუალურია, რადგან ქართულ-გერმანული პოეზიის შედარებითი ანალიზი ხელს უწყობს კულტურათაშორის ურთიერთგაგებას, ლინგვისტური, ლიტერატურული კვლევების გამდიდრებას და ორივე კულტურის მეტად დაფასებას.
