თსუ-ს კურსდამთავრებული ნიკოლოზ ოვსიანიკოვი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საუკეთესო სპეციალისტად ყალიბდება

თარიღი: 2026-04-02 21:24:25

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიძინა სტუდენტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მრავალმხრივი ასპექტით წარმოჩენის საუკეთესო სპეციალისტად ყალიბდება. სომხეთში მიღებული საშუალო განათლების მიუხედავად, ნიკოლოზ ოვსიანიკოვმა, პირველ რიგში, მის სამშობლოს სცა პატივი და ქართული ენა საფუძვლიანად შეისწავლა. მან თსუ-ს ბაკალავრიატი დაამთავრა და დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. იგი ქართულ,  სომხურ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ორიგინალში ეცნობა სამეცნიერო ლიტერატურასა და წყაროებს სამომავლოდ დიდ მეცნიერებაში თავის საპოვნელად. ნიკოლოზი პარალელურად თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობს და უნივერსიტეტის საერთაშორისო იმიჯზე ზრუნავს მისი წვლილის გამოვლენით, რაც საზღვარგარეთის ქვეყნებთან აქტიურ ურთიერთობებში მონაწილეობას მოიცავს.

ნიკოლოზ ოვსიანიკოვი თსუ-ს ცენტრალური კანცელარიის ხელმძღვანელის, ყოფილი კანცლერის, ნუნუ ოვსიანიკოვას ძმიშვილია, რომელზეც ჯერ კიდევ წლების წინ ვიცოდით – საქართველოს, მისი სახით, როგორი გულშემატკივარი ეზრდებოდა. მოწიწებული ახალგაზრდა სრულიად შემთხვევით ქალბატონ ნუნუსთან კაბინეტში ყოფნისას პირადად გავიცანით და საუბრისას იმდენი ინფორმაცია გავიგეთ, რომ შეგვრცხვებოდა – ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სტუდენტის შესახებ ვრცლად არ დაგვეწერა. ნიკოლოზმა ბაკალავრიატი წარჩინებით დაასრულა. როგორც აღვნიშნეთ, არის მრავალენოვანი ახალგაზრდა სპეციალისტი, არაერთი სამეცნიერო სტატიისა და თარგმანის ავტორი, მიღებული აქვს როგორც საუნივერსიტეტო, ისე სახელმწიფო სტიპენდიები, ხოლო 2025 წელს გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელი. უფრო დაწვრილებით იგი თავად მოგვიყვება – როგორ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რა არის მისი არჩევანი და რა სამომავლო გეგმები აქვს?

,,დავიბადე თბილისში 2002 წელს. მშობლების დიპლომატიური საქმიანობის გამო 2003-2019 წლებში ვცხოვრობდი ერევანში, რაც ჩემთვის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის ცვლილება არ ყოფილა – ეს იყო მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელმაც ჩემი პიროვნული ჩამოყალიბება განსაზღვრა. ვსწავლობდი სომხურ სკოლაში, უცხოელებისთვის განკუთვნილ კლასში, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებთან მქონდა ყოველდღიური ურთიერთობა. თანატოლებთან კომუნიკაცია არ მიჭირდა, რადგან თავისუფლად ვფლობ სომხურ ენას, რაც ინტეგრაციას მნიშვნელოვნად ამარტივებდა. ამ გარემომ ხელი შეუწყო ჩემს მულტიკულტურულ განვითარებას – ვისწავლე განსხვავებული კულტურების მიღება, პატივისცემა და მათთან ადაპტაცია. განსაკუთრებით გამოვარჩევ სოციალიზაციის პროცესს – მეგობრებისა და ნაცნობების შეძენას, რომელთა ნაწილი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და მათთან ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებ. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო ჩემში ტოლერანტობის ჩამოყალიბება, სიახლეებისადმი გახსნილობა და მსოფლმხედველობის გაფართოება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლა თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში დავასრულე, რაც ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპად იქცა“, – ამბობს ნიკოლოზი, რომელიც სკოლის დასრულების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს ირჩევს სწავლის გასაგრძელებლად. მისი გადაწყვეტილება – ესწავლა თურქოლოგიის მიმართულებაზე, როგორც ჩანს, მის სამომავლო გეგმებსაც უკავშირდება.

,,თურქოლოგიის არჩევანი მეტწილად პრაგმატული იყო. სომხეთში ცხოვრების პერიოდში უკვე ვიცოდი სომხური და რუსული ენები და მსურდა დამატებით აღმოსავლური ენის შესწავლა, რაც მომავალში პროფესიული განვითარებისთვის  გამომადგებოდა. თურქოლოგიამ მხოლოდ ენის ცოდნა არ მომცა – მან გამაცნო თურქული ლიტერატურა, კულტურა და ისტორია, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს რეგიონზე ხედვას. სომხური და რუსული ენების ცოდნასთან ერთად, თურქული სამყაროს გაცნობამ მომცა შესაძლებლობა – უფრო კომპლექსურად შევხედო რეგიონმცოდნეობის საკითხებს. სწავლის პერიოდში განსაკუთრებული სირთულეები არ შემხვედრია – მთავარი გამოწვევა იყო ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა, თუმცა ეს საკითხი აბიტურიენტობის პერიოდში წარმატებით დავძლიე. პანდემიის პირობებში სწავლა, გამოცდები და აკადემიური პროცესის მართვა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ეს გამოწვევა საერთო იყო ყველა სტუდენტისთვის“, – აღნიშნავს ნიკოლოზი.

                             ქართველოლოგიის, თურქოლოგიისა და არმენოლოგიის სინთეზი

,,საბაკალავრო ნაშრომი თსუ-ში დავიცავი თემაზე – „თანამედროვე თურქულ-სომხური ურთიერთობები“, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან აერთიანებდა ჩემს ენობრივ და რეგიონულ ინტერესებს. სწორედ ბაკალავრიატში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება – საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა მაგისტრატურაში. ამჟამად ვმუშაობ სამაგისტრო თემაზე – „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის გამოწვევები“, რომელიც მოიცავს რეგიონის სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ასპექტებს. აღსანიშნავია, რომ ბაკალავრიატში პარალელურად გავდიოდი არმენოლოგიის საგნებს, რის შედეგადაც ქართველოლოგიის, თურქოლოგიისა და არმენოლოგიის სინთეზი ჩემთვის მყარ საკვლევ საფუძვლად ჩამოყალიბდა. ეს მაძლევს შესაძლებლობას კვლევისას გამოვიყენო წყაროები ორიგინალ ენებზე, რაც კვლევის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის“, – აღნიშნავს მომავალი სპეციალისტი.

ამ ეტაპზე ნიკოლოზ ოვსიანიკოვს გამოქვეყნებული აქვს, დაახლოებით, 10 სამეცნიერო სტატია და თარგმანი, რომლებიც ძირითადად კავკასიის რეგიონის სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება. სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი კვლევითი ინტერესები მჭიდროდ უკავშირდება იმ რეგიონს, რომელსაც პირადადაც კარგად იცნობს.

,,სტიპენდიებისა და გრანტების მიღებას ვაფასებ, როგორც შრომის დაფასებასა და დამატებით მოტივაციას. განსაკუთრებით გამოვარჩევ თურქოლოგიის პროფესორის, მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიას, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა. 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში ვიკვლევ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ეს პროექტი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი ეტაპია“, – ამბობს ნიკოლოზი.

       საუკეთესო სივრცე, სადაც წარმატებულ სტუდენტს დასაქმების საშუალებასაც აძლევენ

როგორც აღვნიშნეთ, მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად, ნიკოლოზ ოვსიანიკოვი მუშაობს თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტში, სადაც,  თავდაპირველად, სტაჟიორის პოზიციაზე იყო დასაქმებული. ,,ეს ჩემი პირველი მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება იყო. შემდგომში, მიღებული გამოცდილებისა და ჩართულობის საფუძველზე, დავიკავე მთავარი სპეციალისტის პოზიცია. ეს საქმიანობა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან ვაკავშირებ. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, უშუალოდ ვარ ჩართული პროცესებში, რომლებიც უკავშირდება უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, საერთაშორისო პროექტებსა და უნივერსიტეტის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას. ყოველდღიურად მიწევს უცხოელებთან ურთიერთობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს კომპეტენციას და მაძლევს საშუალებას – პრაქტიკაში გამოვიყენო ენობრივი ცოდნა. რაც შეეხება გამოწვევებს, ყველაზე მნიშვნელოვანი დროის ეფექტიანი მართვა და პასუხისმგებლობების სწორად განაწილებაა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და გუნდის მხარდაჭერამ, რაც მაძლევს საშუალებას წარმატებით შევუთავსო სწავლა და საქმიანობა. თსუ გვაძლევს შანსს, რომ მის წიაღში განვვითარდეთ და ახალგაზრდებმა აქედანვე შევხედოთ ჩვენს პერსპექტივებს მომავალში“, – ამბობს ნიკოლოზი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ნიკოლოზი იმასაც გვიმხელს, რომ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას და რეგიონმცოდნეობის მიმართულებით აქტიურ კვლევით საქმიანობას აპირებს. მისი მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გამოწვევების, განვითარების პერსპექტივებისა და მათი (რეგიონულ და საერთაშორისო) პროცესებზე გავლენის კომპლექსური შესწავლა. პარალელურად, ნიკოლოზ ოვსიანიკოვი ჩვენს უნივერსიტეტშიც აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, რადგან სწორედ ეს უნივერსიტეტი მიაჩნია მას საუკეთესო სივრცედ ახალგაზრდა სპეციალისტების ხელშესაწყობად, გამოსაზრდელად და რეალური პერსპექტივების დასასახად.

Facebook
Twitter
LinkedIn