ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან დანახული არჩევანი

თარიღი: 2022-10-06 21:33:30

ჯორჯთაუნის (აშშ) უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ წუთით არ დაფიქრებულა – სად გააგრძელებდა მუშაობას, რადგან საქართველოს გარდა სხვა არჩევანზე არც უფიქრია… დღეს ნიკოლოზ ფხაკაძე ISET-ის  საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის ლექტორია.სწავლება და კვლევა ახალგაზრდა ლექტორისთვის ის სფეროა, რომელიც ძალიან მოსწონს და უყვარს.

ნიკოლოზ ფხაკაძე,  ამჟამად,   ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ასწავლის პოლიტიკურ ეკონომიკას, ინდუსტრიულ ორგანიზაციასა და კონკურენტულ სტარტეგიას, ხოლო ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს  – ინდუსტრიულ ორგანიზაციასა და საკითხებს თამაშთა თეორიაში. 

პროფესიის არჩევაზე ნიკოლოზს ბევრი არ უფიქრია. სკოლაში სხვა საგნებთან შედარებით მათემატიკას უფრო კარგად სწავლობდა. ოჯახშიც  მათემატიკოსები ჰყავდა და ტრადიცია ხომ უნდა გაგრძელებულიყო…  „ბაღის ასაკიდან მოყოლებული მესმოდა ბებიაჩემისგან, რომ მეც ბაბუაჩემივით მათემატიკოსი და პროფესორი უნდა გამოვსულიყავი. ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადასვლის მერე ბებიაჩემის არჩევანი მათემატიკის ნაწილში კიდევ უფრო მეტად მომეწონა. ამაზე დიდი გავლენა იქონია ზოგიერთმა ჩემმა კლასელმა და მათემატიკის მასწავლებელმა – ოლეგ კვეტანაძემ“, – ამბობს ნიკოლოზი, რომელსაც მეცნიერული მუშაობის სურვილი  თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლისას გაუღრმავდა. მათემატიკური ლინგვისტიკის სემინარების მოსმენას თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, როგორც თვითონ ამბობს,  გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რათა მომავალში მეცნიერული საქმიანობა არ გამოერიცხა.  

„ამ სემინარების დახმარებით სწავლა ვენის (ავსტრია) ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე გავაგრძელე  – ეს თითქოს მეცნიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო,  მაგრამ მისი დამთავრების შემდეგ  პირველად დავფიქრდი –  მინდოდა ამ გზით წასვლა და, მეტწილად, ცხოვრების საქართველოს გარეთ დაგეგმვა თუ არა?  რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე.  იმ ეტაპზე ვფიქრობდი, რომ რაიმე პრაქტიკული მესწავლა და მეკეთებინა. ასე გავხდი  ISET-ის  სტუდენტი“, – გვიამბობს ნიკოლოზი, რომელსაც სამეცნიერო მუშაობის სურვილი ISET-ის  დამთავრების შემდეგ ისევ გაუძლიერდა, ოღონდ ეკონომიკური მიმართულებით.  მეცნიერული ცოდნის გაღრმავების პარალელურად  ნიკოლოზი პედაგოგიური საქმიანობითაც დაკავდა და ეს იყო საქმე, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. 

„მუშაობის და  სწავლების პერიოდში მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ცოდნის გაღრმავება, რაც მუშაობასთან ერთად თითქმის შეუძლებელი იყო. დოქტორანტურა საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, ერთადერთი გამოსავალი იყო, რაც მომცემდა საშუალებას ხარისხიანი ცოდნა შემოსავალზე ნერვიულობის გარეშე  მიმეღო.  ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს, ცალსახად, დადებითად ვაფასებ… ცოდნის გაღრმავების გარდა მნიშვნელოვანი იყო  იქაური სამეცნიერო კულტურის და აკადემიური სტანდარტის გაცნობა“, – აღნიშნა ნიკოლოზმა, რომლის  მოლოდინები უცხოეთში სწავლებასთან დაკავშირებით გამართლდა: „5-6 წლის განმავლობაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტმა შემიქმნა ყველანაირი პირობა, რომ ჯერ მესწავლა და შემდეგ მხოლოდ კვლევაზე მეფიქრა. ეს ნამდვილად დიდი ფუფუნება იყო… სწავლის პარალელურად სხვადასხვა პროფესორების ასისტენტი ვიყავი.  ასე რომ, დოქტორანტურის გარდა წარმოდგენა  საბაკალავრო განათლებაზეც შემექმნა“, -ამბობს ნიკოლოზი, რომელიც ქართული და ამერიკული სწავლების მეთოდების სხვაობას,  ძირითადად,  პროფესორების მიდგომებში ხედავს.  ეს მიდგომები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შედარება უჭირს (რა თქმა უნდა, პროფესორების  ცოდნის დონეც ასევე მნიშვნელოვანია).

სამომავლო გეგმების შესახებ ნაკლებს საუბრობს, რადგან მისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლებასა და კვლევაზე კონცენტრირებაა და მზადაა  – ყველაფერი გვერდზე გადადოს, რომ სამაგალითო,  ღირსეული ლექტორი და მეცნიერი იყოს.

Facebook
Twitter
LinkedIn