ნიკოლოზ დევდარიანმა საზღვარგარეთ 5 წლიან სადოქტორო პროგრამაზე შეაჩერა არჩევანი
თსუ-ს სტუდენტი ნიკოლოზ დევდარიანი ჯერ კიდევ ბავშვობიდან გამოირჩეოდა მათემატიკის მიმართ სიყვარულით და განსაკუთრებული უნარებით… თბილისის N64 საჯარო სკოლაში სწავლის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა ოლიმპიადებში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ინტერესი ცოტათი მინელდა, რადგან უფრო მეტად პროგრამირებამ და ელექტრულმა ინჟინერიამ გაიტაცა. ამ კუთხითაც მან არაერთ ჰაკათონში გამოიჩინა თავი… სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიულ განვითარებასაც ამ მიმიართულებით გეგმავდა, თუმცა, არჩევანის გაკეთების დროს ისევ მათემატიკის სიყვარულმა გადაძალა… „გავაცნობიერე, რომ ამ დარგში მინდოდა მეტის სწავლა და გაკეთება, ამაზე ფიქრიც კი მაბედნიერებდა, რასაც პროგრამირებაზე ვერ ვიტყოდი. ამ უკანასკნელს, უბრალოდ, პრაგმატული მიზნებით ვსწავლობდი. დამეთანხმებით, 17-18 წლის ასაკში ძალიან ძნელია გადაწყვეტილების მიღება, თუ რა გსურს აკეთო მომავალში, თუმცა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მხრივ გამიმართლა, ვინაიდან, როდესაც ეროვნული გამოცდების საიტზე დავრეგისტრირდი, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი – რა იქნებოდა ჩემი მომავალი პროფესია. ეჭვი არ შემპარვია ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვინაიდან მათემატიკის მიმართულებით მქონდა სწავლა გადაწყვეტილი, ვიცოდი, რომ ამ მხრივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში საუკეთესო სასწავლებელი იყო და არჩევანი მასზე შევაჩერე“, – ამბობს ნიკოლოზი.
როგორც ახალგაზრდა მათემატიკოსი ამბობს, მას სჯეროდა, რომ თსუ-ს საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით და აქ მომუშავე პროფესორების გამოცდილების დახმარებით, ყველაზე კარგი შანსი ექნებოდა საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობის არც ისე მცირე პერიოდს კოვიდ პანდემია დაემთხვა, საბოლოოდ, ამ პერიოდს მაინც დადებითად შევაფასებდი. ზოგადად, ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ და მიყვარს რაღაცების დიდი ხნით ადრე დაგეგმვა, შესაბამისად პირველი კურსის დაწყებამდევე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამეგრძელებინა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ნიშნებისთვის ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიმექცია და ვცდილობდი, რომ ყველა საგანი 91+ ქულაზე დამეხურა. ამ პროცესში ძალიან დიდი შრომის ჩადება და, გარკვეულწილად, გართობაზე უარის თქმამაც მომიწია. შეიძლება ითქვას, რომ გამოცდაზე გამოძინებული არასდროს მივსულვარ. ხშირად ვამოწმებდი ამერიკული უნივერსიტეტების მათემატიკის პროგრამის მიღების მოთხოვნებს. ასევე ვიცოდი, ამ პროცესში თუ რა დიდი ყურადღება ენიჭება კვლევით გამოცდილებას – ეს ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი პროცესი იყო. იმ პერიოდში გამოვაქვეყნე ორი სტატია, რომელთაგან ერთ-ერთი წარვადგინე თსუ-ს სტუდენტურ კონფერენციაზე. მადლობელი ვარ ჩემი ხელმძღვანელის, ბატონი შალვა ზვიადაძის, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიულ განვითარებაში“, – ამბობს ნიკოლოზი.
2023 წლის დეკემბერში ნიკოლოზმა კიდევ ერთი რთული ეტაპი გადალახა: დამოუკიდებლად შეავსო ამერიკული უნივერსიტეტების აპლიკაციები, ატვირთა ყველა საჭირო საბუთი და გააგზავნა. აღსანიშნავია, რომ მას, ასევე, მოუწია ინგლისური ენის სერტიფიკატის გამოცდის ჩაბარება და პროფესორებისგან სარეკომენდაციო წერილების მიღება, რის გამოც მათი მადლიერია. ნიკოლოზმა საბოლოო არჩევანი City University of New York-ის მათემატიკის 5 წლიან სადოქტორო პროგრამაზე შეაჩერა, სადაც აგვისტოდან შეუდგება სწავლას. მომავალ მეცნიერს დიდი მოლოდინები აქვს, ვინაიდან, როგორც თავად გვითხრა, მათემატიკის ფაკულტეტი ბრწყინვალე მათემატიკოსებითაა დაკომპლექტებული, განსაკუთრებით გამოყოფს ბატონ დენის სალივანს, რომელმაც 2022 წელს ნობელის პრემია მოიპოვა მათემატიკაში.