აკადემიკოს ნიკო ჯავახიშვილის ნაშრომის პუბლიკაცია არაბულ ენაზე

თარიღი: 2024-03-25 18:32:32

ამ ცოტა ხნის წინათ, არაბულ ენაზე ითარგმნა და გამოქვეყნდა აკადემიკოსის ნიკო ჯავახიშვილის ნაშრომი: „ჩერქეზთა ტრაგედიის ასახვა თანადროულ ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში (XIX საუკუნის მეორე ნახევარი)“. იგი განთავსებულია ინტერნეტში (http://justicefornorthcaucasus.info/?p=1251662245), სადაც არის მისი ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ვერსიებიც. იგივე სტატია გამოქვეყნებულია არაბულენოვან ჩერქეზულ საიტზეც: https://www.circassianews.com/2012/12/10/%d8%aa%d8%ba%d8%b7%d9%8a%d8%a9-%d9%85%d8%a3%d8%b3%d8%a7%d8%a9-%d8%a7%d9%84%d8%b4%d8%b9%d8%a8-%d8%a7%d9%84%d8%b4%d8%b1%d9%83%d8%b3%d9%8a-%d9%81%d9%8a-%d8%a7%d9%84%d9%81%d9%83%d8%b1-%d8%a7%d9%84%d8%ac-2/?fbclid=IwAR11MB0tSkIq-cloy5S_tHyCD7hmlJBBnP9Odz1QqnEn20IS7tMfDMdxTws მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს გამოკვლევა ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა ვარშავის უნივერსიტეტში გამომავალ ქართველოლოგიურ სამეცნიერო ჟურნალში „პროგეორგია“ (იხ.: Niko Javakhishvili, Coverage of the tragedy of the Circassian People in Contemporary Georgian Public Thought (Later half of the 19th century), “Pro Georgia”, № 23, 2013, გვერდები 205-214).

საქართველოს ისტორიის აქტუალურ საკითხებთან ერთად,  ნ. ჯავახიშვილი ინტენსიურად იკვლევს ქართველთა ურთიერთობებს სხვა ერებთან და ქვეყნებთან. მათ შორისაა ქართულ-ჩრდილოკავკასიური ურთიერთობებიც. „აღნიშნულ საკითხებზე დაწერილ სამეცნიერო ნაშრომებს შესაბამის ქვეყნებში ვაქვეყნებ. პრეზენტაცია ჩემი მონოგრაფიისა ქართულ-ჩერქეზულ ურთიერთობათა ისტორიის შესახებ შედგა 2005 წლის ზაფხულში, ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპში, სადაც სამეცნიერო მივლინებით ორჯერ გახლდით. 2014 წელს ეს მონოგრაფია თბილისში რუსულ ენაზე გამოსცა ჩერქეზული კულტურის ცენტრმა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებობს. ამ ნაშრომის ერთ-ერთ მონაკვეთში შესწავლილი მაქვს – თუ როგორ აისახა ჩერქეზი ხალხის ისტორიის ყველაზე ტრა­გიკული ფურცელი, კერძოდ – მუჰაჯირობა – თანადროულ ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ამ სტატიის არაბულ ენაზე ამეტყველება ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობას წარმოად­გენ­და. ამისათვის გულწრფელ მადლობას მოვახსენებ ჩემს უფროს მეგობარ ადელ ბაშ­ქა­ვის, რომელიც გახლავთ იორდანიის სამეფოს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და მეც­ნი­ერი, სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი ოფიცერი, მსოფლიოში არსებული მრა­ვალ­რიცხოვანი ჩერქეზული დიასპორის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი. ამით ჩემს სამეცნიერო ნაშრომებს არაბულენოვანი პუბლიკაციაც შეემატა. ჩემთვის ასევე სასი­ამ­ოვნო მოულოდნელობა გახლდათ ის ფაქტიც, რომ ჩერქეზმა მეგობრებმა ჩემს სტატიასთან ერთად გამოაქ­ვეყნეს ინტერნეტში გავრცელებული ჩემი ფოტო – გადაღებუ­ლი ტრადიციულ, ქართულ სა­მოსში“, – განაცხადა ნ. ჯავახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, საუნივერსიტეტო სენატისა და სადისერტაციო საბჭოს წევრი,  აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი უკვე მესამედი საუკუნეა მოღვაწეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი  300-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 22 წიგნის ავტორია. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც საქა­რთველოში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბ­ლი­კაში, შვედეთის სამეფოში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, ქალაქებში – მოსკოვსა და სანკტ-პეტერ­ბურ­გში, ასევე, ამ ფედერალური სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ ჩრდილო კავკა­სიის რესპუბლიკებში: დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთში, ადიღეში, ყარაჩაი-ჩერქე­ზეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და სხვ. მისი მონოგრაფიების პრეზენტაციები სხვადასხვა დროს შედგა როგორც თბილისში, ასევე, ქალაქებში: რიგაში (ლატვია), ვილნიუსსა და კაუნასში (ლიეტუვა), გდანსკში, ოლშტინსა და სლუპსკში (პოლონეთი), მაიკოპში (ადიღე) და სხვ.

ბალტიის ქვეყნების აკადემიურმა წრეებმა მაღალი შეფასება მისცეს ნიკო ჯავახიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, კერძოდ, ქართულ-ბალტიურ ურთიერთობათა ისტორიის მონოგრაფიულად შესწავლას, რიგის, ვილნიუსის და კაუნასის უნივერსიტეტებში წაკითხულ სალექციო კურსებს და ის მრავალჯერ დააჯილდოვეს. 2022 წლის 24 ნოემბერს გამართულ ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე ქართველი მეცნიერი ფარული კენჭისყრით აირჩიეს უცხოელ წევრად – აკადე­მიკოსად. დღეისათვის იგი არის ამ უმაღლესი სამეცნიერო წოდების მფლობელი ერთადერთი მკვლევარი კავკასიიდან, რის შესახებაც ჩვენი გაზეთი უკვე წერდა.

Facebook
Twitter
LinkedIn