ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 135 წელი აღინიშნება

თარიღი: 2026-02-16 18:00:52

16 თებერვალს, თსუ-ს ყოფილ პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დამფუძნებელსა და მის პირველ პრეზიდენტს, აკადემიკოს ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილის 135 წელი შეუსრულდა.  

1914 წელს ნიკო მუსხელიშვილმა წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსი მათემატიკის სპეციალობით და თეორიული მექანიკის კათედრაზე გააგრძელა მუშაობა „პროფესორის წოდებისათვის მოსამზადებლად“.

1920 წელს ნიკო მუსხელიშვილი სამშობლოში ბრუნდება და ივანე ჯავახიშვილის მიწვევით მუშაობას იწყებს 1918 წელს დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში. თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ნიკო მუსხელიშვილი მიიწვია თეორიული მექანიკის კათედრის გამგედ. როგორც მისი ბიოგრაფებისგან ვიგებთ, სამშობლოში დაბრუნებისთანავე ნიკო მუსხელიშვილი, ერთი მხრივ, ენერგიულად განაგრძობდა რუსეთში დაწყებულ სამეცნიერო კვლევა-ძიებით მუშაობას, ხოლო, მეორე მხრივ, ანდრია რაზმაძესთან, გიორგი ნიკოლაძესა და არჩილ ხარაძესთან ერთად შეუდგა მათემატიკური სკოლის შექმნას.

1922 წელს თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა ფრანგულ ენაზე აქვეყნებს ნიკო მუსხელიშვილის პირველ სამეცნიერო მონოგრაფიას – ,,კოშის ტიპის ინტეგრალების გამოყენება მათემატიკური ფიზიკის ზოგიერთი პრობლემის ამოსახსნელად“. ამ ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ იგი აირჩია პროფესორად (1922 წ.).

უნივერსიტეტში მისვლისთანავე  ნიკო მუსხელიშვილი ტერმინოლოგიურ ძიებათა  ფერხულში  ჩაება, რომელსაც უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილი  მეთაურობდა.  ნიკო მუსხელიშვილის ღვაწლი ფიზიკა-მათემატიკური და ტექნიკური ტერმინოლოგიის დამუშავებაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. მათემატიკოსი არჩილ ხარაძე წერდა: ,,ტერმინები – ,,ტოლობა“ და ,,განტოლება“, რომლებიც მუსხელიშვილმა შემოიღო მანამდე არსებული ,,თანასწორობისა“ და ,,შეთანასწორების“ ნაცვლად, მეტყველებს არა მარტო ქართული ენის უნიკალურ შესაძლებლობებზე, არამედ იმ კაცის ელვარე ნიჭზეც, რომელმაც ასეთი განძი ენის წიაღში მოიძია“.  

1926-1928 წლებში ნიკო მუსხელიშვილი თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის დეკანია, 1928-1930 წლებში – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი, ხოლო 1930-1935 წლებში –პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგ კი – თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. პედაგოგიური მოღვაწეობის პროცესში ნიკო მუსხელიშვილმა ქართულ ენაზე შეადგინა სამი ორიგინალური სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის: ანალიზურ გეომეტრიაში (1922 წ.), თეორიულ მექანიკაში ნაწილი 1 – სტატიკა (1926 წ.) და ნაწილი 2 – კინემატიკა (1928 წ.). შემდეგში ანალიზური გეომეტრიის კურსი რამდენჯერმე გამოიცა რუსულ ენაზე მოსკოვში. წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასწავლებლებში ანალიზური გეომეტრია უმთავრესად ამ სახელმძღვანელოს მიხედვით იკითხებოდა.

ნიკო მუსხელიშვილის ნაშრომმა – „დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა“  დიდი პოპულარობა მოიპოვა და მისი ავტორი დრეკადობის თეორიის გამოჩენილ სპეციალისტად აღიარეს. ნიკო მუსხელიშვილს 1934 წელს დისერტაციის დაუცველად (წინა წლებში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი შრომების საფუძველზე) მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

ნიკო მუსხელიშვილი 1933 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1939 წელს – ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1957 წელს საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში. გაზეთმა ,,პრავდამ“ აღნიშნა, რომ ამ დიდ გამარჯვებაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ნიკოლოზ ივანეს ძე მუსხელიშვილის დრეკადობის თეორიამ.

მრავალი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა ნიკო მუსხელიშვილის მეცნიერული ღვაწლი. კერძოდ, 1969 წელს ტურინის აკადემიამ მას მიანიჭა საერთაშორისო პრემია „მოდესტო პანეტი“ – ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო. ეს ჯილდო ორ წელიწადში ერთხელ ენიჭებოდა მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერს მათემატიკასა და მექანიკაში ფუნდამენტური შრომებისათვის.

ნიკო მუსხელიშვილის აქტიური  მონაწილეობით  შეირჩა და ასპირანტურაში მოსამზადებლად გაიგზავნენ  ლენინგრადის, მოსკოვისა და ხარკოვის  სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში და უნივერსიტეტებში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის  1927-1930 წლების კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენლები, რომელთა  შორის იყვნენ შემდეგში ცნობილი მეცნიერები: აკადემიკოსები – ი. ვეკუა,  ვ. კუპრაძე, ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი,  ე. ანდრონიკაშვილი, ბ. ბალავაძე; პროფესორები  – დ. ღოღობერიძე, გ. გორდაძე, ა. რუხაძე და სხვანი.  ნიკო მუსხელიშვილი  არაოფიციალურად  იმ  ასპირანტების  მეცნიერ-ხელმძღვანელადაც  ითვლებოდა, რომლებიც  იმ  დროს  დრეკადობის  თეორიის პრობლემებზე  მუშაობდნენ ლენინგრადში.

ნიკო მუსხელიშვილს ეკუთვნოდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ფილიალის ბაზაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების ინიციატივა და სწორედ ის გვევლინება ამ აკადემიის დამფუძნებელთა მამებს შორის. 

როდესაც 1941 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია შეიქმნა, მის პრეზიდენტად, 26 თებერვალს, ერთხმად სწორედ ნიკო მუსხელიშვილი აირჩიეს. 1941 წლის 27 თებერვალს აკადემიის პირველსავე სხდომაზე ნიკო მუსხელიშვილმა თავისი გამოსვლა ასეთი სიტყვებით დაასრულა: „ჩვენთვის სამწუხაროა, რომ დღევანდელი საზეიმო განწყობილება იწამლება იმის შეგრძნებით, რომ ჩვენს შორის არ იმყოფება მეცნიერი, რომელიც ყველაზე აღფრთოვანებული იყო ამ დღესასწაულის მოლოდინში;  ჩვენთვის ეჭვს გარეშეა, ივანე ჯავახიშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ მაღალ თანამდებობას, რომლის დაკავების პატივი მე მაქვს, სწორედ ის დაიკავებდა“.

ნიკო მუსხელიშვილი მეცნიერებათა აკადემიას 1972 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1972 წლის მაისში კი იგი აკადემიის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

ნიკო მუსხელიშვილი იყო უცხოეთის მრავალი აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ამგვარად, ნიკო მუსხელიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობამ დამსახურებული აღიარება ჰპოვა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის ყველაზე დიდი აღიარება არის მუდმივად მითითება ნიკო მუსხელიშვილის ზემოაღნიშნულ მონოგრაფიებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნებულ ნაშრომებში, რომელთა თემატიკა ენათესავება მუსხელიშვილის მონოგრაფიების პრობლემატიკას.

. . .

1933 წელს ნიკო მუსხელიშვილის ინიციატივით გადაწყდა თბილისის უნივერსიტეტთან ფიზიკის, მათემატიკისა და მექანიკის ინსტიტუტის დაარსება. ოთხი სექციით: ა) მათემატიკისა და მექანიკის, ბ) თეორიული ფიზიკის, გ) ექსპერიმენტული ფიზიკისა და დ) გეოფიზიკის. ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ნიკო მუსხელიშვილი, სწავლულ მდივნად – ილია ვეკუა. მათემატიკისა და მექანიკის სექცია მუშაობას შეუდგა 1933 წლის 1 ნოემბერს. 1935 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გახსნის  შემდეგ ეს სექცია ფილიალში გადაიტანეს და მის ბაზაზე მათემატიკის ინსტიტუტი დაფუძნდა; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების შემდეგ მას  ეწოდა მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი, რომელსაც 1941 წლამდე ვიქტორ კუპრაძე,  1941 წლიდან კი, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე,  ნიკო მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა. ინსტიტუტს 1944 წელს მიენიჭა ანდრია რაზმაძის სახელი. ეს ინსტიტუტი გადაიქცა ქართული მათემატიკური სკოლის ძირითად ბაზად, რომელმაც თავი მოუყარა შემოქმედებითი უნარის მქონე მათემატიკოსებს და მათ  ერთობლივი მუშაობის ხელსაყრელი პირობები შეუქმნა.

1956 წელს ნიკო მუსხელიშვილის ინიციატივით, ძირითადად, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა ერთი ჯგუფის ბაზაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნა გამოთვლითი ცენტრი (შემდგომ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი).

ნიკო მუსხელიშვილის გარდაცვალების (1976 წ.) შემდეგ საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნის უკვდავსაყოფად. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტსა და ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ეწოდა ნიკო მუსხელიშვილის სახელი; მისი სახელი ეწოდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლას და მანგლისის საშუალო სკოლას; დაწესდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის დარგებში გამოკვლევებისათვის, ასევე, მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიები ასპირანტებისა და სტუდენტებისათვის. მის ბინაში გაიხსნა სახლ-მუზეუმი; თბილისში დაიდგა ნიკო მუსხელიშვილის ძეგლი.

Facebook
Twitter
LinkedIn