წავიდა ჩვენგან ერთი კარგი კაცი, რომელიც მთელს უნივერსიტეტში იყო ცნობილი
გარდაიცვალა პროფესორი ნიკო ლეონიძე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებულ რიგებს გამოაკლდა კიდევ ერთი წევრი, საზოგადოებას – ღირსეული მოქალაქე, ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს – საყვარელი და საიმედო პიროვნება. წავიდა ჩვენგან ერთი კარგი კაცი, რომელიც მთელს უნივერსიტეტში იყო ცნობილი თავისი ბაჯაღლო პატიოსნებით, წესიერებით და ყველაზე ადამიანური პრინციპების ერთგულებით.
ნიკო ლეონიძე დაიბადა 1933 წელს და საშუალო სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ახალდაარსებულ ჟურნალისტიკის განყოფილებაზე. ეს, ალბათ, ბუნებრივიც იყო – ლეონიძეთა დიდი ოჯახის შვილისა და სახელოვანი ბიძის – გიორგი ლეონიძის გვერდით აღზრდილის არჩევანი სწორედ ქართული სიტყვიერება უნდა ყოფილიყო. ჟურნალისტიკა, რომელიც იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სფეროდ ითვლებოდა და ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდებს იზიდავდა, ერთდროულად მწერლობაც იყო და საზოგადოებრივი საქმიანობაც. წლების განმავლობაში ამ განყოფილებამ მართლაც ბევრი ცნობილი პოეტი, მწერალი, მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწე აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. მათ შორის იყო ნიკო ლეონიძეც.
ნიკო ლეონიძემ 1957 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და რედაქტორად დაიწყო მუშაობა ახალდაარსებულ თბილისის ტელე-სტუდიაში, სადაც მალე გადაიყვანეს ლიტერატურული გადაცემის განყოფილების გამგედ (გაივლის წლები და მამის კვალს გაჰყვება მისი ვაჟიშვილიც, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ტელე-რადიო-კომიტეტში რედაქტორად დაიწყებს მუშაობას, ბოლოს კი მისი ხელმძღვანელიც გახდება).
იმ დროს ჟურნალისტიკის განყოფილება მხოლოდ პრესის მუშაკებს ამზადებდა, არც რადიო და არც ტელე-ჟურნალისტიკა არ ისწავლებოდა – ამისთვის პროფესიული კადრები არ არსებობდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად 1961 წელს ჟურნალისტიკის კათედრის მაშინდელმა გამგემ, პროფესორმა დავით გამეზარდაშვილმა ასპირანტურაში სასწავლებლად მიიწვია ახალგაზრდა ტელე-ჟურნალისტი ნიკო ლეონიძე და ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. მან წარმატებით გაიარა გრძელი, მაგრამ სავალდებულო გზა ასპირანტობიდან პროფესორობამდე: 1965 წელს გახდა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ჟურნალისტიკის განხრით. 1966-1970 წლებში დაიკავა ჯერ მასწავლებლის, შემდეგ უფროსი მასწავლებლისა და ბოლოს დოცენტის თანამდებობა. 1975 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი დოქტორი გახდა ტელემაუწყებლობის თეორიაში – ჟურნალისტიკამცოდნეობის ამ ახალ დარგში.
1976-1978 წლებში დაიკავა პროფესორის თანამდებობა და მიიღო პროფესორის წოდება. ნიკო ლეონიძე იყო სსრკ ჟურნალისტთა კავშირისა და კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების სადისერტაციო საბჭოს წევრი, მრავალი კინო და ტელე-ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე და წევრი, მრავალი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე; ხელმძღვანელობას უწევდა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების მომზადებას, ხშირად ეწეოდა მათ რეცენზირებასა და ოპონირებას როგორც თბილისში, ისე მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში;
იმდროინდელ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ხოლო მისი ორი მონოგრაფია „ტელევიზიის მოამბე“ და „ტელე-ჟურნალისტიკა“ დღემდე გამოიყენება სტუდენტების პროფესიული მომზადებისას; მისი გამოკვლევები კინოსა და ტელევიზიის ესთეტიკაში, რომელიც ეხება სატელევიზიო პოეტიკის პრინციპებს, პუბლიცისტური ჟანრების სატელევიზიო ტრანსფორმაციებს, დროის პრობლემას ტელევიზიაში, სატელევიზიო დისკურსის განვითარებას და სხვა, დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას.
ნიკო ლეონიძე მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან მეცნიერთა ჯგუფს, რომლებსაც წილად ხვდათ უნივერსიტეტში ახალი სამეცნიერო მიმართულებისა და სტუდენტებისათვის ახალი პროფესიის სწავლების სისტემის ჩამოყალიბება. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ტელე-მაუწყებლობის მეცნიერული კვლევისა და სატელევიზიო კრიტიკის დაწყება.
ნიკო ლეონიძე უპირველესად „საქმის კაცი’’ იყო და მუდამ „დამიზნებული’’ პრობლემის პრაქტიკულ გადაჭრაზე: 1962 წელს მან პირველმა დაიწყო სტუდენტებისთვის „ტელე-ჟურნალისტიკის’’ კურსის სწავლება; 1967 წელს, საქართველოს ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, მისი ინიციატივით ჟურნალისტიკის განყოფილებას გადმოეცა ფუნიკულიორის პლატოზე არსებული ტელე-ცენტრის აპარატურა და უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში შეიქმნა სასწავლო ტელე-სტუდია (მოგვიანებით ეს ტელე-სტუდია ხელახლა აღიჭურვა ისევ საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიოკომიტეტის დახმარებით). ასევე, 1977 წელს ნიკო ლეონიძემ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად უნივერსიტეტში დააარსა ხელოვნების მეორადი ფაკულტეტი, სადაც სათავეში ჩაუდგა კინო-ტელე-განყოფილებას (მოგვინებით მას საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ეწოდა);
1979 წელს, როცა ჟურნალისტიკის განყოფილება ფაკულტეტად გადაკეთდა, ნიკო ლეონიძის თაოსნობით შეიქმნა ტელე-რადიო-ჟურნალისტიკის კათედრა, რომელსაც იგი უცვლელად ხელმძღვანელობდა 25 წლის განმავლობაში, სანამ განათლების „რეფორმის’’ შედეგად ფაკულტეტი ისევ განყოფილებად არ იქცა და კათედრა არ გაუქმდა; 1980 წელს ნიკო ლეონიძემ საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიოკომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის ხელშეწყობით კომიტეტში დააარსა კათედრის ფილიალი ცალკე აუდიტორიითა და ვიდეოაპარატურით, რამაც საშუალება მისცა ტელე-რადიო-ჟურნალისტიკის კათედრის სტუდენტებს არ შემოფარგლულიყვნენ ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკით და მთელი წლის განმავლობაში ჰქონოდათ პროფესიული საქმიანობის საშუალება; 1992 წელს ნიკო ლეონიძის თაოსნობით და კომიტეტის დახმარებით შეიქმნა 45-წუთიანი სტუდენტური ტელე-პროგრამა – „საწინდარი’’, რომელიც ყოველკვირეულად გადაიცემოდა პირველი არხის ეთერით. აქ აიდგა ფეხი ბევრმა ახალგაზრდამ, ვინც შემდეგ სხვადასხვა ტელეარხის ცნობილი სახე გახდა (იგი ერთი წლის შემდეგ შეწყდა ფინსანსური პრობლემების გამო, მაგრამ ისევ განახლდა 2001-2004 წლებში).
1995 წელს ნიკო ლეონიძემ პირადი კავშირების წყალობით დაიწყო ყოველწლიური სამეცნიერო კრებულის „ტელე-რადიო-ჟურნალისტიკის საკითხების’’ გამოცემა, რომელიც კათედრის თანამშრომლებს სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნების საშუალებას აძლევდა (სულ გამოიცა 7 კრებული). ეს მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ფაკულტეტის ერთადერთი პერიოდული სამეცნიერო კრებული „ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები’’ 1921 წლის შემდეგ აღარ გამოსულა და სამეცნიერო პუბლიკაციები მედიის საკითხებზე მეტად გაძნელდა.
ნიკო ლეონიძის დამსახურება სამთავრობო ჯილდოებითაც იყო აღნიშული, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ჯილდო იყო კოლეგების პატივისცემა და სტუდენტების სიყვარული. იგი ყოველდღიურად ზრუნავდა თავისი ახალგაზრდა თანამშრომლების პროფესიულ წინსვლაზე, პირადად ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობას, ყოველნაირად ეხმარებოდა კურსდამთავრებულებს სამუშაოზე მოწყობაში. ასე გრძელდებოდა 40 წელი, სანამ ახალმა ხელისუფლებამ ფაკულტეტების რიცხვი მინიმუმამდე არ შეამცირა, სამეცნიერო კათედრები არ გააუქმა და ყველაზე პროფესიული კადრები ქუჩაში არ გაყარა. ამ რეპრესიების ტალღაში მოჰყვა ნიკო ლეონიძეც – 2005 წლიდან იგი უნივერსიტეტს აღარ დაბრუნებია, თუმცა ნიკო ლეონიძეს უნივერსიტეტი არც არასდროს დაუტოვებია – დარჩამისი წიგნები, მისი დაარსებული ტელე-სტუდია, მისი შედგენილი სასწავლო პროგრამები და, რაც მთავარია, მისი აღზრდილი მრავალი სპეციალისტი, ვინც დღეს მის საყვარელ საქმეს განაგრძობს უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და საქართველოს ტელე-რადიოეთერში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი