აკადემიკოს ნიკოლოზ ჯავახიშვილის სამეცნიერო მივლინება ლიეტუვასა და ლატვიაში

თარიღი: 2026-10-01 12:10:07

2026 წლის 27 აგვისტოდან – 20 სექტემბრამდე თსუ საქართველოს ისტო­რი­ის ინსტი­ტუ­ტის ასოცირებული პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევ­რი, აკადემიკოსი ნიკოლოზ ჯავახიშვილი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ლი­ეტუვისა და ლატვიის რესპუბლიკებში. 27 აგვისტოდან – 9  სექ­ტემ­ბ­რის ჩათვლით მან დაჰყო ლიეტუვაში, ხოლო 10 სექტემბრიდან – 20 სექტემბრამდე – ლატვიაში.

ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს რიმვიდას პეტრაუსკა­სის მიწვევით, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა აღნიშნულ უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების მო­კ­­ლე კურსი თე­­მაზე: „ლიეტუვურ-ქართული ორმხრივი ურთიერთობები: ისტო­რია და თანამედ­რო­ვეობა“. ეს საკითხი შესწავლილია მისივე მონოგ­რა­ფიაში: „ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები“, რო­მელიც 2011-2019 წლების განმავლობაში ოთხჯერ გამოიცა: ქართულ (2011), ლა­ტ­ვიურ (2015) და რუსულ (2015; 2019) ენებზე, როგორც თბილისში, ასევე, რიგაში.

31 აგვისტოს, ვილნიუსის უნივერსიტეტში გაიმართა მისი რექტორისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომის გადა­ცე­მის ცერემონია. ეს წოდება მას მიე­ნი­ჭა თსუ-ის აკა­დე­მიური საბჭოს 2024 წლის 31 ივლისის გადა­წ­­ყვ­ე­­ტი­ლებით, ვილნიუსისა და თბი­ლისის უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებაში შეტა­ნი­ლი მნიშვნელო­ვანი პირადი წვლილისათვის. აკა­დე­მიკოსი რიმ­ვიდას პეტრაუსკა­სი კარგად იცნობს საქართველოს, სადაც სამეცნიერო მივლინებით 2015, 2018 და 2024 წლებში იმყოფებოდა. იგი მონაწილეობდა თსუ-ში გამართულ საერთაშორისო სამეც­ნი­ერო კონ­ფერენ­ცი­ებში, რომელთაგან უკანასკნელი მიეძღვნა საქართველოს და ლი­ე­ტუვას შორის დიპ­ლო­მატიური ურთიერთობის დამყარების 530 წლისთავს.

კაუნასის ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეც­ნი­ე­­რებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ანჯეი პუქშტოს მიწვევით, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ქართულ-ლიეტუვური ურთიერ­თო­ბე­ბი XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე“.

10 სექტემბრიდან ნიკოლოზ ჯავახიშვილმა სამეცნიერო მივლინება გააგრძელა რი­გა­ში, სადაც იგი ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ივ­არს კალ­ვინშმა მიიწვია. ამ აკადემიის უცხოელ წევრად ნ. ჯავახიშვილი 2022 წლის 24 ნოემბერს აირჩიეს. ამჟამად ის არის აღნიშნული აკადემიის ერ­თა­დე­რთი წევრი-აკა­დემიკოსი კავკასიის ქვეყნებიდან. იმავე აკადემიის უც­ხოელ წევ­რად 2008 წელს არ­ჩეულ იქნა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე (1929-2021), რომელიც იმჟამად საქართ­ველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გახლ­დათ.

რიგაში სამეცნიერო მივლინებით ყოფნის პერიოდში ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ლატ­ვიის ქართველთა საზოგა­დო­ება „სამშობლოს“ წევრებს წაუკითხა ლექციების მოკლე კურსი თე­­მაზე: „ქარ­თულ-ბალტიური ურთიერთობები: ისტორია და თანამედ­რო­ვეობა“.

ამავე დროს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის წელიწდეულის 2026 წლის ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ ჯავახიშვილის სტატია: „წმ. გიორგის გამოსახულება საქართველოს სახელმწიფო გერბზე (ათასწლოვანი ტრადიციის სათავეებთან)“ (N. Javakhishvili, The Iconography of Saint George on the Coat of Arms of Georgia (At the origins of a millennia-old tradition), «Latvijas Zinātņu Akadēmijas Vēstis» («LZA Vēstis»), A Daļa Sociālās un humanitārās zinātnes, Latvijas Zinātņu akadēmija, Gads 80. Sējums, 1. Numurs. Rīga, 2026, pp. 49-61). მასში აღნიშნულია, რომ ათასი წლის წინათ, კახეთ-ჰერეთის მეფემ კვირიკე III დიდმა (მეფობდა 1014-1037/1039 წლებში) მოჭრა ვერცხლის მონეტები, რომლებზედაც წმ. გიორგი გამოსახა. ეს გახლდათ ამ წმინდანის პირველი გამოსახულება მონეტაზე – მსოფლიო მასშტაბით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია, როგორც ნუმიზმატიკური, ასევე ჰერალდიკური თვალსაზრისით. ავტორის დასკვნით, იმხანად, წმ. გიორგი იყო კახეთ-ჰერეთის სამეფოს მთავარი სახელმწიფო სიმბოლო, რომელიც შემდეგში საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო გერბს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა შეიერთა კახეთ-ჰერეთის სამეფო, რომელიც ერთიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილად გადააქცია. ამის პარალელურად კი, იმავე ბაგრატოვანმა გვირგვინოსანმა ახლადშემოერთებული კახეთ-ჰერეთის მთავარი  სიმბოლო – საქართველოს ერთიანი სამეფოს სახელმწიფო გერბად აქცია. წმ. გიორგი საქართველოს სამეფოს დროშაზედაც გამოსახეს. სწორედ ყოველივე ამის ლოგიკური გაგრძელება გახლავთ ის ფაქტი, რომ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო გერბს წმ. გიორგის გამოსახულება ამშვენებს. ამ ტრადიციას კი გააჩნია ათასწლოვანი ისტორია – თუ დავითვლით კვირიკე III-ის მეფობის პერიოდიდან, ხოლო თუ დავით IV აღმაშენებლის მეფობის ხანიდან ვიანგარიშებთ – 900-წლოვანი. იმ ფაქტის გათვალისწინებით კი, რომ ევროპის მოწინავე სახელმწიფოებში გერბები სწორედ XI-XII საუკუნეებიდან გაჩნდა, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო გერბი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გერბად უნდა ჩაითვალოს.

  

ფ ო ტ ო ე ბ ზ ე: 1-2. თსუ-ის საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემის ცერემონია (ვილნიუსი, 31 აგვისტო, 2026 წ.); 3. ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიკოს ივ­არს კალ­ვინშთან (რიგა, 10 სექტემბერი, 2026 წ.); 4. ქალაქ რიგის ცენტრში მდებარე ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის შენობა.   

Facebook
Twitter
LinkedIn