პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

თარიღი: 2022-09-26 22:08:05

12-16 სექტემბერს თსუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  – „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“.  კონფერენცია მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ექსპერიმენტატორისა და მოგზაურის, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ბერუჩაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს.

კონფერენცია სამ სექციად მუშაობდა. მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 150-მდე მეცნიერმა მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. კონფერენციას მიეძღვნა ორი ბეჭდური გამოცემა – აბსტრტაქტების კრებული და კონფერენციის მასალების კრებული.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ,  ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ გორდეზიანმა (საქართველო), პროფესორმა ჟან რადვანიმ (საფრანგეთი), პროფესორმა მილან კონეჩნიმ (ჩეხეთი), პროფესორმა იორგ სტადელბაიერმა (გერმანია), პროფესორმა ანდრეი კუშლინმა (რუსეთი), პროფესორმა კალევ სეპმა (ესტონეთი),  ასოცირებულმა  პროფესორმა რობერტ მაღლაკელიძემ (საქართველო), სკოლის პედაგოგმა ქეთევან რაზმაძემ (საქართველო).

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენები მოიცავდა პრობლემატიკას შემდეგ დარგებში: ლანდშაფტმცოდნეობა  და  ლანდშაფტური დაგეგმარება, კარტოგრაფია და გეოინფორმატიკა, ნიადაგების გეოგრაფია, გეომორფოლოგია, ბიოგეოგრაფია, საზოგადოებრივი გეოგრაფია, ისტორიული გეოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია.

კონფერენციის ორდღიანი მუშაობის შემდეგ შედგა  მონაწილეთა ექსკურსია რაჭასა და ზემო იმერეთში, სადაც მათ მოინახულეს ამ რეგიონების ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილე უცხოელ მეცნიერთა სიმრავლემ კიდევ ერხელ ცხადყო პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის მზარდი საერთაშორისო ავტორიტეტი გეოგრაფიულ მეცნიერებაში. კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი დასრულდა მრგვალი მაგიდის ორგანიზებით, სადაც სამივე სექციის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს კონფერენციის შედეგები. მიღებული „კონფერენციის რეზოლუციის“ ერთ-ერთ პუნქტად ჩაიწერა, რომ ანალოგიური კონფერენციები ჩვენს უნივერსიტეტში  გაიმართება  ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო-პედაგოგიური კავშირების გაღრმავებას თსუ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის.

უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაში, ნიკო ბერუჩაშვილის მოსწავლეების გვერდით, ლომის წილი დაიდეს მისმა მეუღლემ – ქალბატონმა ნელი ჯამასპაშვილმა და შვილებმა – ნიკა და ლევან ბერუჩაშვილებმა.

ვინ იყო ნიკო ბერუჩაშვილი?

ნიკო ბერუჩაშვილი მეცნიერ-გეოგრაფთა იმ კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში მსოფლიო მასშტაბით. მისი მოღვაწეობა სამი მიმართულებით განვითარდა: 1) სამეცნიერო კვლევები, 2) პედაგოგიური მოღვაწეობა, 3) საორგანიზაციო საქმიანობა.

თავისი მოღვაწეობის მანძილზე ნიკო ბერუჩაშვილმა შექმნა უპრეცედენტო სამეცნიერო სკოლა, რომელიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყანას მოიცავს. მან, გასული საუკუნის 80-იან წლებში,  გეოგრაფიაში შექმნა ახალი კონცეფცია  „ბუნებრივ-ტერიტორიული  კომპლექსების სივრცე-დროითი ანალიზი და სინთეზი“.  მანვე  შექმნა  ლანდშაფტების  საველე კვლევისა და კარტოგრაფირების ორიგინალური მეთოდიკა, რომელსაც წარმატებით იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერ-გეოგრაფები. ნიკო ბერუჩაშვილმა მის მიერ შექმნილი ორიგინალური მეთოდიკით გამოიკვლია კავკასიის ლანდშაფტები, რომელსაც რამდენიმე გამოცემა მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია: „გარემოს მდგომარეობათა  საკითხები“ (1982 წ), „ლანდშაფტური კვლევები: რა მოგვცეს მათ?“ (1989 წ), „კავკასია: ლანდშაფტები, ექსპერიმენტები, მოდელები“ (1995 წ),   „კავკასიის ლანდშაფტური რუკა“ (1979 წ), „ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების მდგომარეობათა  ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევისა და კარტოგრაფირების მეთოდიკა“ (1983 წ). ამ მეთოდიკით მან დეტალური ლანდშაფტური კვლევები ჩაატარა მსოფლიოს სხვადასხვა მთიან რეგიონში:  ყირიმი, კარპატები, ხიბინის მთები, ურალის მთები, ქოფეთ-დაღის მთები, პამირის მთიანეთი, ტიან-შანის მთები, ალთაის მთები, საიანის მთები, ბაიკალისპირეთი, ვერხოიანსკის ქედი, სიხოტე-ალინის მთები, კურილიის კუნძულები, ჯუნგარიის ალათაუ, კამჩატკა, ჩუკოტკის ნახევარკუძული, კარელიის ყელი, ჰიმალაის მთები, ლადოგის ტბის შემოგარენი, რილას მასივი, ტატრები, სტრანჯის მთები, ალპები, პირენეის მთები, აპენინის მთები, ატლასის მთები, კაპის მთები, დეკანის ზეგანი, ირანის მთიანეთი, მცირე აზიის მთიანეთი, პატაგონიის ანდები, ბრაზილიის მთიანეთი.

ნიკო ბერუჩაშვილი მონაწილეობდა  სხვადასხვა საერთასორისო სამეცნიერო კონფერენციის  მუშაობაში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ავსტრია, შვეიცარია, ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი, ბრაზილია, ჩილე, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

1985-2006 წლებში ნიკო ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა თსუ-ის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარს. საერთაშორისო სამეცნიერო-გეოგრაფიულ წრეებში დიდი ავტორიტეტის საფუძველზე მან ეს სტაციონარი მსოფლიოს მასშტაბით სამეცნიერო-გეოგრაფიულ  ცენტრად  აქცია.  მარტყოფის  სტაციონარში მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1983, 1987, 1989 წლებში ჩატარდა  საერთაშორისო  სემინარი, რომელიც გეოგრაფიის ძირითად პრობლემატიკას მიეძღვნა. 1979 წელს ნიკო ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით თსუ-ში დაარსდა აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. 1982-2006 წლებში ნიკო ბერუჩაშვილი იყო თსუ-ის კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის გამგე. 2002 წელს მის მიერ დაარსდა საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული გამოცემა  „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი“.  2004 წელს ნიკო ბერუჩაშვილის ინიციატივით საერთაშორისო გეოგრაფიულ კავშირში  შეიქმნა „ლანდშაფტური ანალიზის“ კომისია, რომლის თავმჯდომარეც იგი იყო 2004-2006 წლებში. 1996-2006 წლებში ნიკო ბერუჩაშვილი იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და ქართველ გეოგრაფთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე. 2002 წელს მისი ინიციატივით თბილისში  ჩატარდა  საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მსოფლიოს 10 ქვეყნის  წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ. 2005 წელს მისივე ინიციატივით საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ კვლევებს მიეძღვნა.

ნიკო ბერუჩაშვილის კალამს ეკუთვნის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 10 მონოგრაფია. მისი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა პირველი გეოინფორმაციული ატლასები (1996-1997 წწ).  2011 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა მისი თანაავტორობით შექმნილი კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი.

საინტერესოა ნიკო ბერუჩაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა. მან 40 წელი გაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელოები ლანდშაფტმცოდნეობაში, კარტოგრაფიასა და გეოინფორმატიკაში. მან თსუ-ში სასწავლო პროცესში დანერგა გეოინფორმატიკის ციკლის სასწავლო დისციპლინები. ნიკო ბერუჩაშვილმა 1982 წელს თავისი მასწავლებლის – პროფესორ ალექსანდრე ასლანიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა თსუ-ში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრა და ახალი სული შთაბერა სასწავლო პროცესს. მან პირველმა  შემოიტანა და დანერგა საქართველოში პერსონალური კომპიუტერი და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. მისი ავტორობით ვითარდება ვიდეოკომპიუტერული კარტოგრაფია, რის შემდეგაც კათედრის სახელწოდებაშიც პირველად გამოჩნდა სიტყვა  – გეოინფორმატიკა, რაც ახალი მიმართულების დანერგვის მომასწავებელი იყო. მისი ავტორობით პირველად ჩნდება და პრაქტიკაში ინერგება გეოინფორმაციული სისტემები და კარტოგრაფიული ანიმაციური გამოსახულებები, რამაც ახალ  სიმაღლეებზე აიყვანა კარტოგრაფიული მეცნიერება საქართველოში.  მისი ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელოები: „ლანდშაფტმცოდნეობა“ და „პერსონალური კომპიუტერები გეოგრაფიაში“. სასწავლო პროცესში ჩართულ იქნა ახალი დისციპლინები. ნიკო ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით 1979-1991 წლებში ტარდებოდა სტუდენტთა საკავშირო პრაქტიკები, რომელშიაც ყოფილი სსრ კავშირის 13 უნივერსიტეტი იყო ჩართული. 1980-1993 წლებში მისი თაოსნობით ტარდებოდა სტუდენტთა ზამთრის ექსპედიციები ყოფილ სსრ კავშირის სხვადასხვა მთიან სისტემებში.

ნიკო ბერუჩაშვილი მთელი თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე ხელმძღვანელობდა თსუ-ის გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტთა საველე პრაქტიკებს, რომელიც მარტყოფის  ფიზიკურ-გეოგრაფიულ  სტაციონარზე  ტარდებოდა.

საინტერესოა ნიკო ბერუჩაშვილის მოღვაწეობა სასკოლო გეოგრაფიაში. მან 1996 წელს შექმნა საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის ახალი ტიპის სახელმძღვანელო, რომელიც სრულად პასუხობს ეროვნული განათლების სტანდარტებს. მანვე შექმნა სასკოლო გეოგრაფიული განათლების ახალი კონცეფცია.

ასეთი იყო პროფესორი ნიკო ბერუჩაშვილი – მეცნიერებისადმი შეწირული, დიდი მამულიშვილი და ახალგაზრდებზე უსაზღვროდ შეყვარებული პედაგოგი.

თენგიზ გორდეზიანი

თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn