განათლება ჩარჩოებს მიღმა
იოანე მახარაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს. მისთვის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტისთვის, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისათვის თვალის დევნება და მათში აქტიურად ჩართვა ყოველდღიურობად იქცა.
იოანე ფიქრობს, რომ საკუთარი თავის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესის მიღმა არსებულ სხვადასხვა პროექტში ჩართულობა. იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ძირითადად, წერს არჩევნებსა და პოლიტიკურ მოვლენებზე.
მისმა ნაშრომმა ამერიკის 2020 წლის არჩევნების პროგნოზის შესახებ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გარდა ამისა, წარმატებული გამოდგა იოანეს ინგლისურენოვანი სტატია: „რატომ მოიგებს ჯო ბაიდენი ვირჯინიის შტატში“.
გარდა სამეცნიერო ნაშრომებზე მუშაობისა, იოანე აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაში. მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა „იუნუს ემრეს უნივერსიტეტის“ ონლაინ კონფერენციაზე, სადაც წარმოადგინა თემები: „საარჩევნო გეოგრაფია საქართველოში“ და „თურქული ენის რეფორმაცია ათა თურქის დროს“.
იოანეს აზრით, აუცილებელია ჩარჩოებს მიღმა გასვლა და სწორედ იმის სწავლა, რაც ადამიანს თავად აინტერესებს. „მე არასოდეს ვყოფილვარ კლასიკური მოსწავლე, რომელიც მხოლოდ სკოლის დავალებებს ასრულებდა, პირიქით, ძალიან ბევრი საგანი იყო ისეთი, რომელიც არ მაინტერესებდა და დიდად არ ვმეცადინეობდი, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც გინდა, ის უნდა იმეცადინო და ის უნდა ისწავლო“, – თქვა მან.
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლამ იოანეს საყვარელი მეცნიერების, გეოგრაფიის მიმართ ინტერესი უფრო მეტად გაუძლიერა. „ძალიან პატარა ასაკიდან ვკითხულობდი, ვნახულობდი რუკებს, გეოგრაფიულ ფაქტებს, რითაც გეოგრაფიული ცოდნა დამიგროვდა, თუმცა შემდეგ შემოვიდა პოლიტიკა ამ ამბავში და, საბოლოოდ, ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია“, – თქვა იოანემ.
სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ გეოგრაფიასთან დაკავშირებით ბევრს იკვლევს და წერს. ამასთანავე, ამზადებს მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის აპლიკანტებსა და აბიტურიენტებს გეოგრაფიაში. „როცა შენ გინდა, რომ სხვას ასწავლო, შენ თვითონ არ უნდა შეწყვიტო არასდროს სწავლება და, რა თქმა უნდა, ვეძებ და ვეძებ ახალ-ახალ ინფორმაციას“,- განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ იოანეს საქმიანობა მხოლოდ მასწავლებლობით არ შემოიფარგლება. მისი საყვარელი თემა არჩევნების ანალიტიკაა. სწორედ ამიტომ, დაქირავებულ ანალიტიკოსად მუშაობს „ამერიკის დემოკრატიულ პარტიაში“ და კანდიდატებისთვის საარჩევნო პროგნოზებს წერს. გარდა ამისა, ინტელექტ-კლუბის – „რა? სად? როდის?“ – წევრი და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კლასგარეშე აქტიურობა იყო უფრო მნიშვნელოვანი და ახლაც ასე მივიჩნევ. სასწავლო პროცესის მიღმა უნდა იყოს სტუდენტების აქტივობის 50%-ზე მეტი, რადგან მომავალი კარიერისთვის, ცხოვრებისთვის, რომელიც მათ არ დაინდობს, ასევე, გარემოსთვის, სადაც იქნება ძალიან დიდი კონკურენცია და სადაც თავის გატანა მოუწევთ, დასჭირდებათ როგორც ცოდნა, ისე გამოცდილება. ცოდნა უნდა მოაგროვონ უნივერსიტეტში, ხოლო გამოცდილება უნივერსიტეტის გარეთ, სწორედ ამ ღონისძიებებით“, – თქვა იოანემ და დასძინა, რომ ლექცია-სემინარების მიღმა არსებულ პროცესებში სტუდენტების აქტიური ჩართულობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების უმთავრესი საშუალებაა.
საბოლოოდ, სასწავლო პროცესის მიღმა არსებულ პროექტებში სტუდენტთა ჩართულობა არაფორმალური განათლების მიღებისა და გამოცდილების დაგროვების საშუალებას იძლევა, ვინაიდან დღევანდელი კონკურენციის პირობებში ერთადერთი გამოსავალი საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების მუდმივად განვითარებაა.
ნიცა სოლოღაშვილი
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი