ნიკ სიარგის თვალით დანახული ქართულ-ესტონური ურთიერთობები

თარიღი: 2025-05-05 21:20:55

„ვფიქრობ, რომ ადამიანს, რომელმაც არ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია, გაუჭირდება საზოგადოებისთვის რეალური სარგებლის მოტანა“, – ამბობს ნიკ სიარგი, რომელსაც დედა ქართველი ჰყავს, მამა კი ესტონელი. ის წარმატებით ახერხებს, რომ ეს ორი ერი და კულტურა ერთმანეთს შეუთავსოს, თუმცა მაინც ცხადია, რომ ორმაგი იდენტობა მის ინტერესებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. დღეს ნიკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია. მისი სამეცნიერო ინტერესები, ძირითადად, ქართულ-ესტონურ ურთიერთობებს, მსოფლიო ისტორიას და საბჭოთა წარსულის კვლევას შეეხება. იგი ამაყობს, რომ უკვე თსუ-ს 9 სამეცნიერო კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ სწორედ პირველი კონფერენციის შემდეგ მიხვდა  – კვლევისთვის და მეცნიერებისთვის უნდა მიეძღვნა თავი.

ნიკ სიარგის პირველი საკონფერენციო მოხსენება რაინდულ ორდენებს შეეხებოდა. შემდეგ მოჰყვა თემები ქართულ-ესტონური ურთიერთობების განვითარების ეტაპების შესახებ სხვადასხვა საუკუნეში, ასევე წერდა ვალუტის ისტორიაზეც – როგორ გადავიდა ესტონეთი კრონადან და ლირადან თანამედროვე ევროს გამოყენებაზე და სხვა აქტუალურ თემებზე. ამჟამად იგი საბაკალავრო ნაშრომის წერაზეა ფოკუსირებული, თემაც საკმაოდ სერიოზული აარჩია – ,,1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიის ასახვა ესტონეთის პრესაში”. სამეცნიერო ხელმძღვანელობას მას უწევს პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი, რომელიც ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია.

თსუ-ს მიღმა ნიკი აქტიურად არის ჩართული „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის საქმიანობაშიც, სადაც, როგორც თავად ამბობს, კვალიფიციური ექსპერტებისგან ბევრ საინტერესოს სწავლობს, კონფერენციებზე გამოდის და უკვე მისი კვლევაც გამოქვეყნდა მათ ალმანახში. „თსუ-ს გარდა ,,კავკასიური სახლიც“ თავის როლს თამაშობს ჩემს განვითარებაში“,  – გვითხრა ნიკმა. მას ,,ჩერქეზულ სახლშიც“ მიუღია მონაწილეობა კონფერენციაში.

მისი ერთ-ერთი გამორჩეული აკადემიური წარმატების აღმნიშვნელია თსუ-ს გამომცემლობის მიერ გამოცემულ კრებულში მოხვედრილი სტატია, რომელიც 1924 წლის აჯანყებას ეხება. პრეზენტაცია უნივერსიტეტში გაიმართა, ხოლო მონაწილეები სიგელებით და აკაკი ჩხენკელის წიგნებით დააჯილდოვეს.

ნიკი განსაკუთრებით გამოყოფს ქართულ-ესტონური ურთიერთობების თემას. მიაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ნაკლებად შესწავლილი მიმართულება, რომელშიც ჯერ კიდევ ბევრია სათქმელი; საუბრობს, ეს ორი ერი  რამდენად დგას მსგავს ფასეულობებზე – თავისუფლება, დემოკრატია, ურთიერთგაგება. საინტერესოა მისთვის კულტურული პარალელები, ასევე ის ფაქტი, რომ სტაბილურად არსებობდა და კვლავაც ფუნქციონირებს გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის.

საუბრის ბოლოს ვკითხეთ – რას ნიშნავს მისთვის თსუ? მან კი ასე გვიპასუხა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამეხმარა – საკუთარი თავი აღმომეჩინა. მასწავლა, როგორ მივუდგე მეცნიერულად კითხვებს, როგორ ვიფიქრო, როგორ ვიპოვო და გავაანალიზო ლიტერატურა. უნივერსიტეტმა მომცა პროფესიული თვითრწმენა, მასწავლა მიზნების დასახვა, დროის მართვა, მეგობრობა და გუნდური მუშაობა. და რაც ჩემთვის მთავარია  – როცა პირველ კურსზე ჩავაბარე, ქართულად ლაპარაკიც მიჭირდა, სიტყვებს ვერ ვაბამდი. დღეს კი უნივერსიტეტის წყალობით ქართულად გამართულად ვსაუბრობ და ვწერ  – და სწორედ ამ ენაზე ვცდილობ, წარსული ვიკვლიო და მომავალში გზა გავიკვალო“.

Facebook
Twitter
LinkedIn