ნიკ სიარგი ქართულ-ესტონური ურთიერთობების შესწავლითაა დაინტერესებული

თარიღი: 2023-12-29 15:49:23

ესტონურ-ქართული ოჯახის შვილი ნიკ სიარგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ისტორიულ მიმართულებაზე ნიკმა 2021 წელს შეაჩერა არჩევანი.

მეცნიერული კვლევები სტუდენტთა წრეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. გამონაკლისი არც ნიკი აღმოჩნდა და მის მთავარ ინტერესს სამეცნიერო კვლევები წარმოადგენს. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც იმ თემას იკვლევ, რომლის შესახებაც გაქვს ცნობები და რასაც სიღრმისეულად იცნობ.

,,ქართულ-ესტონური ურთიერთობა ისტორიიდან (XIX საუკუნის ბოლო მეოთხედიდან XX საუკუნის პირველ ოცწლეულამდე)” – ეს იყო თემა, რომლითაც ნიკი კონფერენციაზე წარსდგა. იგი ქართულ-ესტონური ურთიერთობის შესახებ წერს სტატიებს.

ჩვენთან საუბრისას ნიკმა გვიამბო, რომ დედა ხშირად უყვებოდა მას საქართველოს შესახებ (დედა ქართველია), შესაბამისად დედისგან მიღებული ცნობებით და შემდგომ უკვე საკუთარი სურვილით  გაიცნო ქვეყანა და თავადაც დაინტერესდა საქართველოთი.

,,ორივე ქვეყანა ჩემი სამშობლოა, რადგან დედა ქართველია, მამა კი – ესტონელი, შესაბამისად, ჩემთვის ორივე ქვეყნის ისტორია თანაბრად საინტერესოა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ძირითად ინტერესს კვლევები წარმოადგენს, ჩემთვის ორმაგად პრიორიტეტული გახდა ორი ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით გამიმძაფრდა ინტერესი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების შესწავლისა, ამიტომ ჩემი საკვლევი თემები სწორედ საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობის ისტორიას ეხება”, – ამბობს ნიკი ჩვენთან საუბრისას.

როგორც აღმოჩნდა, სხვა დადებით ფაქტორებთან ერთად, ნიკისთვის მეტად დასაფასებელია ფაქტი, რომ საქართველოში მას სრულად მიეცა საშუალება წარმოეჩინა საკუთარი თავი, გამოევლინა შესაძლებლობები საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში, მიეღო უფრო მეტი ცნობები და, ამასთან, დაეკმაყოფილებინა ინტერესები.

,,ქართული და ესტონური ურთიერთობა ჯერ კიდევ 1800-იანი წლებიდან იღებს სათავეს, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა არც ისე ცოტა ხნის დაწყებულია. პირველი სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, პირველი კავშირის დამყარებიდან, ძალიან მცირე პერიოდში, თბილისში უკვე 200 ესტონელი იყო”, – ამბობს ნიკი.

მიუხედავად  მენტალიტეტის, კულტურისა და ტრადიციების მხრივ განსხვავებებისა, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მსგავსებას განათლებისადმი დამოკიდებულებასა და მეთოდებშიც ამჩნევს. მისივე თქმით, 1895 წელს ტარტუს უნივერსიტეტში უკვე არსებობდა ქართული საკვლევი თემები და იგივე გამოცდილება იყო ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეშიც.

რა გასაკვირია, რომ ნიკის სამომავლო გეგმები კვლავ უკავშირდება მისთვის უკვე მთავარ საკვლევ თემად გადაქცეულ საკითხს – ქართულ-ესტონურ ურთიერთობებს. რესპონდენტმა დაგვიანონსა, რომ 17-18 იანვარს კვლავ წარსდგება კონფერენციაზე საკვლევი საკითხით ,,ქართულ-ესტონური ურთიერთობა 1945-2010 წლის პერიოდში”.

როგორც უკვე შეამჩნიეთ, ჩვენი რესპონდენტისთვის საქართველო განსაკუთრებულ შეგრძნებებს, მშობლიურ სიყვარულს და, ამასთან, მთავარ საკვლევ თემებს უკავშირდება, შესაბამისად, ნიკის ამ ქვეყნისთვის საუკეთესო მომავალი სურს, საუბრის დასასრულს კი გვითხრა,  რომ მთავარი სურვილი, რაც აქვს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაა.

ნინო ჯანჯალაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn