ნია თედორაძე: „ISET-ში მიღებულმა ცოდნამ მომცა საშუალება, კემბრიჯში თავი თავდაჯერებულად მეგრძნო“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დამამთავრებელი კურსის სტუდენტისთვის, ნია თედორაძისთვის, წარმატება შემთხვევითი მოვლენა არ არის – ეს არის გზაა, სადაც ყოველი ნაბიჯი საკუთარ შიშებზე გამარჯვებითა და დაუღალავი შრომით იწერება. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც თბილისის 192-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა და თსუ-ში სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა, ნია მუდმივად ეძებდა განვითარების ახალ შესაძლებლობებს. პირველი კურსის ბოლოს, მაღალი კონკურენციის პირობებში, შიდა მობილობით ISET-ში გადავიდა, სადაც კურიკულუმი ზუსტად ესადაგებოდა მის პროფესიულ მიზნებს. დაუღალავმა სწავლამ, სტიპენდიებმა და აქტიურმა სტუდენტურმა ცხოვრებამ მას ჯერ Erasmus+-ის პროგრამით საფრანგეთში, კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში გაუღო კარი, ხოლო შემდეგ მსოფლიოს ნომერ პირველ უნივერსიტეტში მისცა სწავლის შესაძლებლობა.
ჰარვარდის საზაფხულო სკოლის კონკურსის შესახებ ნიამ ოფიციალურ გამოცხადებამდე ნახევარი წლით ადრე შეიტყო. იმ დროს ამერიკაში სწავლა დაუჯერებელ ოცნებად ეჩვენებოდა, თუმცა საკუთარი ძალების მოსინჯვა მაინც გადაწყვიტა. “ჩემი ფილოსოფია მარტივია: არასდროს მეშინია უარის მიღების. მთავარია, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი, ხოლო თუ არ გამოვა, ესეც გამოცდილებაა! სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობ ძალები უამრავ პროექტში ვცადო: ასიდან ერთმაც რომ გაამართლოს, ეს უკვე უდიდესი გამარჯვებაა. ეს ტაქტიკა ჩემთვის ნამდვილად ამართლებს და წარმატებაც ყოველჯერზე მოაქვს,” – ამბობს ნია. მან გულდასმით შეარჩია კურსი, ჩააბარა ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა, მოამზადა სამოტივაციო წერილი და თსუ-ს პლატფორმაზე განაცხადი ავტვირთა.
პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ იყო გასაუბრება, სადაც კომისიას არგუმენტებით დაუსაბუთა თავისი მოტივაცია. “ინტერვიუს დასრულების შემდეგ მთლიანად მიმდინარე სწავლასა და სამსახურზე გადავერთე. რამდენიმე კვირაში კი ჰარვარდისგან მივიღე დასტურის წერილი, რაც აღუწერლად ემოციური, ბედნიერი და ამაღელვებელი მომენტი იყო – ყველა ოცნება ერთად ახდა! ამას მოჰყვა მზადების აქტიური ფაზა: აცრების გაკეთება, საელჩოსთვის საბუთების მოგროვება, ვიზის მიღება და გამგზავრება,” – იხსენებს იგი.
ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში ჩასულს სრულიად ჯადოსნური გარემო დახვდა. ის “ამერიკული ოცნება”, რომელსაც ადრე მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში ადევნებდა თვალს, მის ყოველდღიურობად იქცა. “პირველივე დღიდან აღფრთოვანებული ვიყავი უნივერსიტეტის მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურით, ისტორიული ქალაქით, ლექტორებითა და სტაფის განსაკუთრებული გულისხმიერებით… მანამდეც არაერთ ქვეყანაში მიმოგზაურია და ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის პატივიც მქონია, თუმცა ჰარვარდი სრულიად სხვა მწვერვალი აღმოჩნდა, რომლის დაპყრობაც თსუ-ს მხარდაჭერით შევძელი. სრულად შევიგრძენი ამერიკელი სტუდენტის ყოველდღიურობა: კაფეტერიები, კლასგარეშე აქტივობები და ბიბლიოთეკაში გატარებული დაუღალავი, თუმცა ძალიან საინტერესო საათები,” – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს ნია.

აკადემიური კუთხით, ნია ჰარვარდში მანქანური სწავლების (Machine Learning) სამაგისტრო კურსს ეუფლებოდა ეკონომიკასა და ფინანსებში. პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო – ყოველდღიურად რამდენიმე საათს მეცადინეობაში, კოდის წერასა და პროექტებზე მუშაობაში ატარებდა. “ჰარვარდში გამგზავრებამდე წარმოუდგენლად მიმაჩნდა ასეთ მოკლე დროში ამხელა ცოდნის ათვისება და მისი პრაქტიკაში გამოყენება,” – აღნიშნავს ნია, რომელმაც შუალედური და ფინალური გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა და ინდივიდუალური პროექტის პრეზენტაციაც წარადგინა.
სწავლასთან ერთად, მან შეიძინა ახალი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ეწვია აივი ლიგის სხვა წამყვან სასწავლებლებს (MIT, Brown), დაესწრო ვეშაპებზე დაკვირვების ექსკურსიასა და ბოსტონის ფესტივალს, ასევე მოახერხა ნიუ-იორკის, ფილადელფიისა და ქეიფ-ქოდის ნახევარკუნძულის მოინახულებაც.
ეს მასშტაბური წარმატება ნიასთვის მშობლიურ უნივერსიტეტში მიღებულ ფუნდამენტურ განათლებას ეფუძნება. “თსუ-ში სწავლამ პირველ რიგში შემძინა სიღრმისეული პროფესიული ცოდნა, გამომიმუშავა მაღალი აკადემიური დისციპლინა, დამახვეწინა ინგლისური ენა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ დაუღალავი შრომა ყოველთვის ფასდება. ამასთან, თსუ-მ გამიხსნა ისეთი შესაძლებლობების კარი, რომელთა არსებობის შესახებაც ადრე არც კი ვიცოდი… სწორედ ISET-ში მიღებულმა ფუნდამენტურმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ მომცა საშუალება, საერთაშორისო ასპარეზზე თავი სრულფასოვნად, თავდაჯერებულად და ამაყად მეგრძნო,” – აღნიშნავს იგი. სტუდენტობის პარალელურად, მას უკვე აქვს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება: პირველივე კურსიდან მართავდა მცირე ბიზნესს, მუშაობდა საქსტატში საყოველთაო აღწერის ორივე ეტაპზე, ითანამშრომლა კომპანია “იდეასითისთან” და დღესაც რამდენიმე პროექტშია ჩართული.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნია თავშეკავებულია, თუმცა მისი მიზნები მკაფიოა: “სამომავლო გეგმებზე საჯაროდ საუბარი ნაკლებად მიყვარს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ამ ეტაპზე სწავლა, თვითგანვითარება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ წინ კიდევ უამრავი საინტერესო გამოწვევა და ახალი მწვერვალი მელის. ჩემი მთავარი მიზანია, მიღებული საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა მაქსიმალურად მოვახმარო ჩემს პროფესიულ ზრდას და მომავალში ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.”
