ნია თედორაძე: ,,სამშობლოსგან მოშორებით ყოფნამ თითქოს „ქვეყნის ელჩად“ მაქცია“
ნია თედორაძე, რომელიც თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მეოთხე კურსის სტუდენტია, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში, კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში იმყოფებოდა სასწავლებლად. როგორც ნია ამბობს, ერთი სემესტრით უცხოეთში სწავლა მას დაეხმარა როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ზრდაში. ,,ბევრად უფრო დამოუკიდებელი გავხდი, ვისწავლე ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, ფინანსების მართვა, პრიორიტეტების დალაგება და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება. ამასთან ერთად, უნივერსიტეტში მივიღე ღირებული ცოდნა. ლექციები საინტერესო და ინტერაქტიული იყო, რაც მაძლევდა საშუალებას არა მხოლოდ თეორიული მასალა შემესწავლა, არამედ პრაქტიკაშიც გამომეყენებინა. იქ გატარებულმა დრომ დამარწმუნა, რომ სამყარო იმაზე პატარა და ერთმანეთთან დაკავშირებულია, ვიდრე აქამდე მეგონა, ამიტომ ჩემს მომავალ მიზნებს ახლა უფრო რეალურ პერსპექტივებად აღვიქვამ. სამშობლოსგან მოშორებით ყოფნამ თითქოს „ქვეყნის ელჩად“ მაქცია: მაქსიმალურად ვცდილობდი ჩვენი კულტურის სხვებისთვის გაცნობას და პარალელურად სხვა კულტურების შესწავლას. მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრებამ მეტად გულღია გამხადა სიახლეების მიმართ. გარდა ამისა, მომეცა შესაძლებლობა გამეცნო სრულიად განსხვავებული განათლების სისტემა, დისკუსიურ და პროექტებზე ორიენტირებულ გარემოში სწავლამ გამიფართოვა აკადემიური თვალსაწიერი. კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტმა მომცა შანსი გამეჩინა კავშირები მომავალ კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროფესიული ურთიერთობები წარმატების მომტანი იქნება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვისაც“, – აღნიშნავს ნია თედორაძე ჩვენთან საუბრისას.
ნია თსუ-ს მეტად ემადლიერება და ამბობს, რომ სწორედ აქ მიღებულმა ცოდნამ მისცა საშუალება – წარმატებით გაეგრძელებინა სწავლა უცხოეთში. ,,თსუ-ს უცხოენოვანი პროგრამის დამსახურებით ინგლისურ ენაზე სწავლა და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ჩემთვის მარტივი აღმოჩნდა. თსუ-ში სწავლამ ჩამომიყალიბა დისციპლინა, მასალასთან სისტემურად მუშაობის უნარი და კრიტიკული აზროვნება. დიდი მოცულობის ტექსტების კითხვა, მათი დამუშავება და პრაქტიკული გამოყენების პოვნა ჩემი ყოველდღიურობაა. უნივერსიტეტმა არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ კვლევის ჩატარების, არგუმენტირებული მსჯელობის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის გამოცდილებაც შემძინა, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებია“, – ამბობს ნია.
თსუ-სგან განსხვავებით, კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში პრაქტიკული მუშაობა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლექტორი მთლიანად ამოწურავს თეორიულ მასალას – ამის თაობაზე საფრანგეთში მიღებულ ახალ გამოცდილებას გვიზიარებს ნია, რომელიც გვიყვება: ,,თსუ-ში პროფესორების მიერ მოწოდებული მასალები უფრო სრულყოფილი და ამომწურავია, საფრანგეთში კი სტუდენტებს თავად უწევდათ რესურსების მოძიება, რაც შედარებით აფერხებს სასწავლო პროცესს. ასევე, საქართველოში სტუდენტებს მეტი თავისუფლება აქვთ – აირჩიონ სასურველი საგნები, საფრანგეთის უნივერსიტეტებში კი ეს არჩევანი უფრო შეზღუდულია. იქ გამოცდების ფორმატიც განსხვავებულია, რაც ხშირად ჯგუფური პროექტების წარდგენის სახითაა და მოიცავს კვლევებისა და გამოკითხვების ჩატარებას“.
პრობლემას, რომელსაც ნია ასახელებს, პრაქტიკის სწავლებას უკავშირდება. მისი აზრით, კარგი იქნებოდა თსუ-ში სწავლების პროცესის მეტად პრაქტიკულად გარდაქმნა, რაც სტუდენტებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაშიც გამოადგებათ.
