ნესტან სულავას მონოგრაფია – „IV-X საუკუნეების ქართული ლიტერატურა“
თსუ-ს პოფესორის ნესტან სულავას მონოგრაფია „IV-X საუკუნეების ქართული ლიტერატურა“ მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით. 672 გვერდიან ფუნდამენტურ ნაშრომში ასახულია IV-X საუკუნეების ქართული ლიტერატურის განვითარების კანონზომიერებები, ლიტერატურული ნაწარმოების შექმნის თანმდევი პროცესები, ასევე, ისტორიულ-ფილოლოგიური მახასიათებლების ერთიანობა, რაშიც შედის მწერლის მოღვაწეობისა და თხზულების შექმნის ეპოქის პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული მახასიათებლები, ავტორის მსოფლმხედველობრივი მრწამსი, ინდივიდუალური ლიტერატურულ-ესთეტიკური ხედვა, კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური და ლიტერატურულ-ესთეტიკური პროცესების დიაქრონიულ-სინქრონიულ ასპექტებში თემატურ-ჟანრობრივი, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით აღწერა, კლასიფიკაცია, განხილვა მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში. წიგნში, ძირითადად, განხილულია ქართული ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, ჰომილეტიკა.
„ყოველი ეპოქა თავის ხედვას, ახალ კონტექსტს სთავაზობს მკითხველს, განსხვავებულად აღიქვამს როგორც მწერალს, ისე ცალკეულ მხატვრულ თხზულებას, გადააფასებს მათდამი დამოკიდებულებას, შესაბამისად, ცალკეული ლიტერატურული მოვლენა, ფაქტი, მწერალი, ლიტერატურული ნაწარმოები ახლებურად უნდა შეფასდეს. კვლევის ახალ ეტაპზე საქართველოში ლიტერატურული ტრადიციებისა და მხატვრული ლიტერატურისადმი არსებითად განსხვავებული დამოკიდებულებები დამკვიდრდა, ბევრი რამ გადაფასდა, ხელახალი კვლევის საფუძველზე ბევრი რამ შეიცვალა და დაზუსტდა, შეიქმნა მრავალი კონცეპტუალური მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო შრომა მონოგრაფიებისა თუ სტატიების სახით, რომელთა ასახვა/გათვალისწინება აუცილებელია ძველი ქართული ლიტერატურის განხილვისას“, – ამბობს ნესტან სულავა.
ავტორის ინფორმაციით, წიგნი შედგება შესავლის, ორი ნაწილისა და დამატებისაგან. შესავალში საუბარია ქართული ლიტერატურის კვლევის ისტორიის, ქართული დამწერლობისა და სალიტერატურო ენის, ქართული ლიტერატურის განვითარების ეტაპების, ძველი ქართული მწერლობისა და ენის პერიოდიზაციის, ქართული ლიტერატურის დასაწყისის, ქართული ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების, ძველი ქართული სასულიერო მწერლობის დარგების შესახებ, რომელთაგან მსჯელობის საგნად გამოყოფილია ბიბლიოლოგიის, აპოკრიფული ლიტერატურის, ჰაგიოგრაფიისა და ჰიმნოგრაფიის შესწავლის, მათი მხატვრულ-ესთეტიკური ბუნების საკითხები; მიმოხილულია ძველი ქართული ლიტერატურის ადრეული პერიოდის, IV-X საუკუნეების, ლიტერატურულ-კულტურული ვითარება.
მეორე, ვრცელ ნაწილში ძველი ქართული მწერლობის შესახებ საუბარი იწყება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ ქართული და უცხოური წყაროების განხილვით. ამ მონაკვეთში განსაზღვრულია ქართველ მწერალთა მემკვიდრეობის კვლევის თანამედროვე მდგომარეობა და ავტორის მიერ გამოთქმულია თითოეული ავტორისა და თზულების შესახებ ახალი მოსაზრებები. წიგნში წარმოდგენილია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“, იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამების“, „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“, შიო მღვიმელის, „ცხრათა ყრმათა კოლაელთა წამების“, „დავითისა და ტირიჭანის საკითხავის“, იოვანე საბანის ძის „წმ. აბოს წამების“, „წმ. კონსტანტი კახის წამების“, ასურელ მამათა „წამება-ცხოვრებების“, „ილარიონ ქართველის ცხოვრების“, ბასილ ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“, სტეფანე მტბევრის „გობრონის წამების“, იოვანე ბოლნელის, წმ. გრიგოლ ხანცთელის წესდებისა და „საწელიწდო იადგარის“, გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“, სტეფანე სანანოჲს ძე-ჭყონდიდელის, იოვანე მინჩხის, მიქაელ მოდრეკილის, იოვანე ქონქოზის ძის, იოვანე მტბევრის, კვირიკე/კურდანაჲს, ეზრას, იოვანე-ზოსიმეს, ფილიპეს ჰაგიოგრაფიული, ჰიმნოგრაფიული, ჰომილეტიკური მემკვიდრეობის კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური, ლიტერატურულ-ისტორიული, სახისმეტყველებითი, მხატვრული ანალიზი; გამოყოფილია ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო სკოლები და ცენტრები, კერძოდ, 1. შიომღვიმის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული ცენტრი, 2. სამხრეთ საქართველოს (ტაო-კლარჯეთის) ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო სკოლა, 3. პალესტინური, ანუ იერუსალიმურ-საბაწმიდური და სინური საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა.
მონოგრაფიის დამატებაში შესულია ძველი ქართული წიგნის, საღვთისმეტყველო-ლიტერატურული კრებულების: ლექციონარის, მრავალთავის, საწელიწდო იადგარის, პარაკლიტონის/ოქტოიხოსის, მარხვანის, ზატიკნის, თვენის განხილვები. წიგნს ახლავს დამოწმებული ლიტერატურის, წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ჩამონათვალი, პირთა, გეოგრაფიულ სახელთა და თხზულებათა საძიებლები.
ნესტან სულავას თქმით, „თანამედროვე მეცნიერული კვლევის დონეზე ქართული ლიტერატურის ადგილი და როლი ორი მიმართულებით განისაზღვრება: 1. რა ადგილი დაიკავა მან საკუთრივ ქართველი ერის სულიერ, ინტელექტუალურ და ყოფით ცხოვრებაში; 2. რა ადგილი უჭირავს მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში, რასაც ორგვარი ინტერპრეტაცია სჭირდება: ა) რა შესძინა ქართულმა ლიტერატურამ მსოფლიო ლიტერატურას და ბ) რა შეიძინა თავად ქართულმა ლიტერატურამ მსოფლიო ლიტერატურიდან. ამას ემყარება მხატვრული აზროვნების განვითარების ეტაპების კვლევა ვერტიკალურ-ჰორიზონტალურ ჭრილში, ანუ სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტებში თანამედროვე მეცნიერულ მოთხოვნათა შესაბამისად. აუცილებელია მისი შეფასება როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ისე თანამედროვეობის თვალსაწიერიდან; უნდა განისაზღვროს, როგორ შედის იგი ქართველი ერის ცხოვრებაში და რის შემატება შეუძლია მსოფლიო ლიტერატურისათვის, კულტურისათვის, როგორ ეხმიანება მსოფლიო და ქართულ სააზროვნო სისტემებს, რაც მოითხოვს ორგანული და ტიპოლოგიური კავშირების შესწავლა-დაზუსტებას მსოფლიო ლიტერატურის ძეგლებთან მიმართებით. ეს წიგნი სწორედ ამ ხედვით შეიქმნა“.
წიგნის რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე, რეცენზენტები არიან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე, ფილოლოგიის დოქტორები ნანა გონჯილაშვილი და მაკა ელბაქიძე. საძიებლები შეადგინა ფილოლოგიის დოქტორმა ია ღადუამ.
