ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები – 2023
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის, ბიოლოგიის დეპარტამენტის, ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და უნივერსიტეტის რექტორატის თანადგომით, 22 დეკემბერს გაიმართა მე-11 სამეცნიერო კონფერენცია: „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები – 2023“. კონფერენცია მიეძღვნა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის კათედრის დაარსებიდან 105 წლის იუბილეს.
კონფერენციის ფორმატი სხვა სამეცნიერო კონფერენციებისგან განსხვავებულია. იგი, ტრადიციულად, სამ განყოფილებას მოიცავს. პირველი განყოფილება ეთმობა წარმატებულ მეცნიერთა მიერ განხორციელებულ უახლეს სამეცნიერო კვლევებს, მეორე განყოფილებაზე წარმოდგენილია მოსწავლე-ახალგაზრდების ნაშრომები, რომლებიც ბოლო წლების საინტერესო სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაყრდნობითაა მომზადებული, ხოლო მესამე განყოფილებაში, კათედრის მიერ განხორციელებულ ახალ კვლევებზე დაყრდნობით, კათედრის დოქტორანტები და პროფესურა საკუთარ ანგარიშს აჩვენებენ საზოგადოებას.
კონფერენციის პირველ სესიაზე მოისმინეს: ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ანგარიში – „კათედრის მიღწევები და თანამედროვე გამოწვევები“ (მომხსენებელი ნანა დორეული); „რკინის როლი ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებაში, კლინიკური და მოლეკულური ასპექტები“ – პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის დეპარტამენტში მიღებული გამოცდილების გაზიარება (მომხსენებელი გელა ბესელია); „სენსორული დისკრიმინაციის მოდელი in vitro დისოცირებულ ქერქულ კულტურაში“ (ცეზარ გოლეთიანი. კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი); „COVID-19 პანდემიის გავლენა საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების კოგნიტიურ ფუნქციებზე“ (რექა ბასკარი – ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ხელმძღვანელი ხათუნა ფარქოსაძე (ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი).
მეორე სესიაზე ნეირობიოლოგიით დაინტერესებულმა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მეცნიერ-მკვლევრებს გააცნეს თემები: „ალცჰაიმერის დაავადების ნეირობიოლოგია (თამარ ზაკუტაშვილი, ანასტასია მაჭარაშვილი, მე-11 კლასი, თბილისის კლასიკური გიმნაზია); „ჰატინგტონის ქორეა“ (ნიკოლოზ სიჭინავა, მე-11 კლასი, თბილისის კლასიკური გიმნაზია). „დეპრესიის ნეირობიოლოგია“ (ლილე სადღობელაშვილი – მე-9 კლასი, კლასიკური გიმნაზია); აუტიზმი (ლიზა მურვანიძე – მე-9 კლასი, კლასიკური გიმნაზია); გაფანტული სკლეროზი (ანნა მითაიშვილი, ანასტასია ტყეშელაშვილი, მე-10 კლასი, კლასიკური გიმნაზია).
მესამე სესია მთლიანად დაეთმო სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაციას. წარმოდგენილ იქნა კვლევები, მათ შორის: „რკინის ნანონაწილაკ-დაკავშირებული ქვერცეტინის ეფექტები კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსის ცხოველურ მოდელში“ (ლუკა დორეული, თსსუ, მე-3 კურსი. თსუ, ფიზიოლოგიის კათედრა); „fMRI/MRI კვლევა ნეიროდეგნერაციული დაავადებების დიაგნოსტირებაში: მაღალკალორიული კვება და ტვინის შეშუპება (სერგო გეგეჭკორი – თსუ, დოქტორანტი).
კონფერენციაზე გამოვლინდა მოსწავლეთა შორის ყველაზე წარმატებული მოხსენება, რომლის ავტორიც სახელმძღვანელოთი დაჯილდოვდა.
„მიყვარს დეკემბრის თვის მესამე პარასკევი… და აი, უკვე მეთერთმეტეჯერ ასე აკადემიურად და მოკრძალებულად ჩავატარეთ ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია. შესანიშნავი კონფერენცია გამოვიდა. მოვისმინეთ წარმატებული ახალგაზრდა დოქტორების უახლესი კვლევების შედეგები და თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და ევროპული სკოლის მოსწავლეების ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი თანამედროვე ნეირობიოლოგიურ კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები. მინდა მადლობა გადავუხადო მომხსენებლებს და დამსწრე საზოგადოებას, ფაკულტეტსა და ჩვენს დეპარტამენტს ხელშეწყობისთვის“, – გვითხრა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების პროფესორმა ნანა დორეულმა.
კონფერენცია ,,ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები» პირველად 2010 წელს ჩატარდა და ის სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს ეძღვნებოდა. მასზე გასული წლების განმავლობაში 250-მდე მეცნიერი და 100-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენება იქნა წარმოდგენილი.