ნატო ფიცხელაური ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური მსოფლიოს სამედიცინო განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმომადგენლობით საერთაშორისო პლატფორმაზე – სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (The World Federation for Medical Education – WFME) წლიურ კონფერენციაზე – წარმატებით წარსდგა საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით.
კონფერენცია, რომელიც ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა, 85 ქვეყნის 900 დელეგატს მასპინძლობდა. მათ შორის საქართველოდან კონფერენციაში 25 დელეგატი მონაწილეობდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა გლობალური სამედიცინო განათლების განვითარებას, მაღალი ხარისხის სტანდარტების გაღრმავებას და ინოვაციური მიდგომების გაზიარებას, რაც ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისთვის აუცილებელ პირობად განიხილება.
ნატო ფიცხელაურმა კონფერენციაზე წარადგინა ზეპირი მოხსენება თემაზე: „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და პროფესიული განვითარების გზაჯვარედინზე“ (At the crossroad of students’ centeredness and faculty development). მოხსენება ეფუძნებოდა საქართველოში ჩატარებულ კვლევებს და ყურადღებას ამახვილებდა სწავლების თანამედროვე მიდგომების აუცილებლობაზე.
კონფერენციის ფარგლებში, პროფესორმა ნატო ფიცხელაურმა შეხვედრა გამართა WFME-ის პრეზიდენტთან, პროფესორ რიკარდო ლეონ-ბორხეზთან. შეხვედრისას განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა სამედიცინო განათლების გლობალური სტანდარტების გაუმჯობესება, აკრედიტაციისა და შეფასების სისტემების სრულყოფა, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სასწავლო პროცესში და მომავლის ექიმების მომზადება. თუ რა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს მეცნიერებმა კონფერენციაზე და რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება WFME-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ამ საკითხებზე თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური გვესაუბრება.
- ქალბატონო ნატო, თქვენ მონაწილეობა მიიღეთ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) ყოველწლიურ კონფერენციაში. როგორ აღწერდით ამ ღონისძიების მასშტაბსა და მნიშვნელობას?
- სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის – WFME World Conference 2025 მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი პრინციპის – „ჯანმრთელობა ყველასათვის” – უზრუნველყოფის ხელშეწყობა ხარისხიანი სამედიცინო განათლების მეშვეობით. კონფერენციაზე მუშაობა წარიმართა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: მაღალი ხარისხის სტანდარტების ხელშეწყობა სამედიცინო განათლებაში, აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტების გავლენის შესწავლა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ინოვაციების დანერგვა სამედიცინო განათლების სისტემების გაუმჯობესების და პედაგოგთა განვითარების ხელშეწყობისათვის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პლენარული სხდომები, სიმპოზიუმები, ვორქშოფები, ზეპირი და პოსტერული მოხსენებები. განსაკუთრებით საინტერესო იყო მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა თანამედროვე სამედიცინო განათლების ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი სამედიცინო განათლებაში, მომავლის ექიმების მომზადება, აკრედიტაციისა და ხარისხის განვითარების გლობალური სტანდარტები და სხვა.
- რა თემაზე გააკეთეთ მოხსენება და როგორ მიიღეს თქვენი გამოსვლა კონფერენციის მონაწილეებმა?
- წარვადგინე ზეპირი მოხსენება – ,,სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და პროფესიული განვითარების გზაჯვარედიზე”. ჩვენ მიერ წარდგენილმა კვლევის შედეგებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი აკადემიური პერსონალის და სტუდენტების უდიდეს ნაწილს მნიშვნელოვნად მიაჩნია სამედიცინო განათლებაში სწავლების თანამედროვე მეთოდების აქტიური გამოყენება, რაც საჭიროებს აკადემიური პერსონალისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ტრენინგის შეთავაზებას, რაც, ამავე დროს, წარმოადგენს ეროვნული დარგობრივი დოკუმენტის ერთ-ერთ მოთხოვნას.
- როგორ შეაფასებდით თქვენი მონაწილეობით კონფერენციაზე მიღებულ გამოცდილებას? რა როლს თამაშობს მსგავსი პლატფორმები ქართველი მეცნიერისთვის?
- WFME-ის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობა ჩემთვის, როგორც მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლისთვის, მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან კონფერენციის მსვლელობის პროცესში საშუალება მომეცა შევხედროდი სამედიცინო განათლების გლობალურ ლიდერებს, რაც ხელს შეუწყობს ფაკულტეტზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტების დანერგვას. კონფერენციამ საშუალება მომცა გავცნობოდი სამედიცინო განათლების სფეროში განხორციელებულ ინოვაციებს და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებს.
- მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე – როგორ გეგმავთ ფაკულტეტზე ამ გამოცდილების გააქტიურებას?
- მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციას გვსურს სწრაფად ვუპასუხოთ თანამედროვე სამედიცინო განათლებაში არსებულ გამოწვევებს და შევიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამაში, სასწავლო პროცესში, შევუქმნათ სტუდენტებს ადეკვატური სასწავლო გარემო, რათა მედიცინის ფაკულტეტზე შევძლოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების შეთავაზება და სტუდენტების უზრუნველყოფა სამედიცინო განათლების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით და უნარ-ჩვევებით.
და მართლაც, ქართველი მეცნიერის მონაწილეობა ასეთ ფორუმში არ არის მხოლოდ პერსონალური წარმატება – ეს არის სიმბოლო იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად უერთდება გლობალურ პროცესებს და თავისი წვლილი შეაქვს თანამედროვე სამედიცინო განათლების განვითარებაში.
