ნათია სირაძე კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა
,,ადგილობრივ თვითმმართველობებში ზოგადსაგანმანათლებლო ეფექტურობის კვლევა – ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მაგალითების შედარებითი ანალიზი“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა ნათია სირაძემ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – ახალგაზრდები თანამედროვე საქართველოში). ნათია სირაძე კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა.
რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა დასკვნა გამოიტანა კვლევის შედეგად? – კონფერენციაში გამარჯვებული ნათია სირაძე, რომლის მეწყვილეც სტუდენტი ლიკა ფირცხალაიშვილი გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: ,,კვლევის მიგნებები საკმაოდ საინტერესოა და, შეიძლება ითქვას, რომ გააბათილა ჩვენ მიერ საწყის ეტაპზე შემუშავებული ჰიპოთეზა. გამოვლინდა, რომ ონის მუნიციპალიტეტი, რომელშიც დემოგრაფიული ვითარება გაცილებით კრიზისულია და, ამასთან, ცენტრალური ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაფინანსება გაცილებით დაბალი აქვს, იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს გაცილებით მეტ და ეფექტურ ზოგადსაგანმანათლებლო სერვისებს სთავაზობს. ანუ ჰიპოთეზა, რომ ამბროლაური, როგორც დემოგრაფიულად ნაკლებად კრიზისული ფონის მქონე და მეტი ფინანსური რესურსებით აღჭურვილი მხარე, შექმნიდა გაცილებით ეფექტიან საგანმანათლებლო სერვისებს – არ გამართლდა“, – აღნიშნავს კვლევის თანაავტორი ნათია სირაძე.
ბლიც-ინტერვიუ
- რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
- პოლიტიკის მეცნიერება არ ყოფილა ჩემი ოცნების სფერო, მეტიც, ვფიქრობ, სრულიად სპონტანური არჩევანია, რომელიც გამოცდებით დაღლილმა, დაბნეულმა აბიტურიენტმა გააკეთა და რომელიც უდიდესი გამართლება აღმოჩნდა მისთვის. ამიტომ მიჭირს პასუხი გავცე კითხვას – რატომ? ზოგჯერ რთულია ჩასწვდე, დაინახო და ახსნა მოვლენათა არსი. შეფასება კი იოლი საქმეა… პოლიტიკის მეცნიერება – ეს უდიდესი ხელოვნებაა და მეც, უბრალოდ, მომეცა შანსი – დავტკბე იმით, რასაც უმრავლესობა ბინძურ საქმედ აღიქვამს; რეალურად კი ყოველი მოვლენისა თუ დეტალის არსობრივი ნაწილია. შემიძლია თამამად ვაღიარო, რომ საკუთარი თავი ვიპოვე მეცნიერებაში, რომელიც ხელოვნებაა – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?!
- ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
- მიჭირს გამოვარჩიო რომელიმე კონკრეტული ლექტორი, ამიტომ, თუ გადაჭარბებად არ ჩამითვლით, რამდენიმეს დავასახელებ – სანდრო ტაბატაძე, თამარ ვეფხვაძე, მანანა შამილიშვილი და ნიკა გიგაური… თუმცა, თითოეული ლექტორი გამორჩეული და საინტერესოა.
- რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
- განსაკუთრებით გამოვარჩევდი ბიუროკრატიულ პრობლემებს, რასაც ხშირად ვაწყდებით სტუდენტები. ამასთან, ბევრ გამორჩეულ და საინტერესო ლექტორთან ერთად, იშვიათად, თუმცა მაინც, მოიძებნებიან პროფესორები, რომელთაც გამოარჩევთ სტუდენტებისადმი უსამართლო, არაადეკვატური დამოკიდებულება. მსგავსი კადრების არსებობა ნეგატიურად აისახება თსუ-ს რეპუტაციასა და სწავლის ხარისხზე.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
- ვფიქრობ, ყველაზე მეტად მე და ჩემს კურსელებს პრაქტიკული გამოცდილება გვესაჭიროება, ვგულისხმობ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობას. ამიტომ, ვიმედოვნებ, წინ გველოდება მეტად საინტერესო და აქტიური სტუდენტური ცხოვრება.