რამდენი წელი გასულა…

თარიღი: 2022-12-10 15:28:17

„თამარ, მას შემდეგ, რაც თქვენ  დამირეკეთ და ჩემზე სტატიის მომზადების სურვილი გამოთქვით, ბევრი ვიფიქრე. ვიფიქრე – განა ვინ ვარ მე და რა გამიკეთებია უნივერსიტეტისთვის? იმ უნივერსიტეტისთვის, რომელიც მართლაც რომ ცოდნის ტაძარია და შესანიშნავი მეცნიერებითა და ნიჭიერი მკვლევრებითაა ცნობილი. მე ერთი რიგითი თანამშრომელი ვარ, რომელიც მხოლოდ კეთილსინდისიერი შრომით ვემსახურე ჩემს საყვარელ და, შეიძლება ითქვას, მშობლიურ უნივერსიტეტს“, – ასეთ მოკრძალებულ, თავმდაბალ ადამიანად იცნობენ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეს – ნათია მონიავას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თანამშრომლები, რომელმაც უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე  მუშაობა 1989 წელს დაიწყო. იმ დღიდან მოყოლებული ყველას ახსოვს და უყვარს ერთ დროს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მისაღებში მომუშავე ლამაზი, მომღიმარი, ზღვისფერ თვალებიანი ნათია, რომელიც დიდი პატივისცემით, ზრუნვითა და სიყვარულით ექცეოდა თითოეულ სტუდენტს, რა თხოვნითაც და სურვილითაც არ უნდა მისულიყვნენ მასთან. ყურადღებით მოგისმენდა, დაგაკვალიანებდა, დაგარიგებდა და მაშინვე გრძნობდი, რომ უნივერსიტეტის სივრცეში უკვე აღარაფერი გაგიჭირდებოდა, რომ აქ უკვე  მეგობარი გყავდა, რომელიც სულ თვალს ადევნებდა შენს აქტივობას და რომელიც მოდუნების თუ სიზარმაცის  საშუალებას არ გაძლევდა… პირიქით! სულ გაფრთხილებდა და  გახსენებდა, რომ თუ უნივერსიტეტი აირჩიე, ღირსეული სტუდენტიც უნდა იყო!    

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე  1977 წელს ჩავირიცხე და სწორედ იმ კორპუსში ვსწავლობდი, სადაც ახლა ვმუშაობ. არც მაშინ ვიყავი დიდად მოხიბლული ამ შენობით და ახლა მითუმეტეს. არც მინდა გავიხსენო რამდენი წელი გავიდა… აქ კი ბევრი არაფერი შეცვლილა. შეიძლება კრიტიკული ვარ, მაგრამ სიმართლე ასეთია. ჩვენი ფაკულტეტი  1979 წელს შეიქმნა და მახსოვს –  სტუდენტურ დღეებზე როგორი წარმატებით გამოვიდა ახლადშექმნილი ფაკულტეტი.  

წარმოდგენა იწყებოდა ასე – ისმოდა ჩვილის სასოწარკვეთილი  ტირილი და იქვე სტუდენტები შემორბოდნენ სცენაზე შეძახილით და გამაყრუებელი ჟრიამულით   – დ ა ი ბ ა დ ა…  ძალიან შთამბეჭდავი იყო (ცოტა ძნელია აღსაქმელად)! მაშინ მეორე კურსზე ვიყავი და ეს კადრი ღრმად  ჩამრჩა მეხსიერებაში.

მაშინდელი სტუდენტები ერთმანეთს ვიცნობდით, ვმეგობრობდით, ერთად ვიყავით ჩაბმული ფაკულტეტის ღირსშესანიშნავ მოვლენებში, თუმცა დღის განყოფილების სტუდენტები ამით უფრო გალაღებულები იყვნენ, ჩვენ მაინც საღამოს საათებში გვიწევდა ლექციები. სულ სხვა ატმოსფერო სუფევდა იმ წლებში, სხვა ურთიერთობები, მეგობრობა, სიყვარული, გვტკიოდა და გვიხაროდა ერთმანეთის, რასაც ახლანდელ სტუდენტებზე ვერ ვიტყვი, სამწუხაროდ… 

იმ წლებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის  დეკანი  პროფესორი ნოდარ ტაბიძე გახლდათ – საოცარი პიროვნება, დახვეწილი, ინტელიგენტი, პროფესიონალი, რომელიც  სტუდენტებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ბატონი ნოდარი პირველ ლექციაზე ყველა მის სტუდენტს (ჩემი სტუდენტობის დროსაც და შემდეგაც)  ასეთ დავალებას გვაძლევდა: უნდა დაგვეწერა თემა – „ვინ ვარ მე“ და  შემდეგ იწყებოდა ამ ჩვენი ნაცოდვილარი „თხზულების“ განხილვა.  მარტო ამ ერთი „თხზულებით“ არ მთავრდებოდა ჩვენი გაცნობა, მთელი სემესტრი გრძელდებოდა ჩვენით  ხან აღფრთოვანება და ხან მწარე „დაცინვა“…  წლების შემდეგ, როცა მას ვხვდებოდით მე და ჩემი მეგობრები და უამრავი მისი ყოფილი სტუდენტი, ყველას, რაღაც ნაცნობ ფრაზას  შეახსენებდა იმ ძველი „შემოქმედებიდან“, შენახულიც კი ჰქონდა ძველი, გაცრეცილი ნაწერები“, – გვიამბობს ნათია და ერთ ფაქტსაც იხსენებს: „ჩემი კურსელი ნატო კორსანტია, რომელიც ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გალის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო, ომის დროს იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო. წლების შემდეგ ნატოს ჯგუფელები და მათ შორის მეც ერთად შევხვდით ბატონ ნოდარს მის კაბინეტში.  და მაშინ ბატონმა ნოდარმა უჯრიდან ამოიღო ნატოს მიერ პირველ კურსზე (1978 წელს) ფურცელზე დახაზული გზა – თუ როგორ უნდა მისულიყვნენ,    გალში ჩასვლის შემთხვევაში, რკინიგზის სადგურიდან ნატოს სახლამდე. ეს იყო ისეთი ამაღელვებელი, დღემდე არ მავიწყდება… თვალებზე ცრემლებიც კი მოადგათ ნატოს, ნაირას, ნანას, თამრიკოს…“ – იხსენებს ნათია და  ვგრძნობ, როგორ მალავს ამ ამბის გახსენებისას თვითონაც თვალზე მომდგარ ცრემლს…

„ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მუშაობა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე, როცა საქართველოში უკვე არეულობა იწყებოდა… ახლა მახსენდება: ცოტა ხნით თქვენს რედაქციაშიც კი ვმუშაობდი, როგორც შტატგარეშე კორესპონდენტი… როგორ მიხაროდა… მაშინ ბატონი გივი შეყილაძე იყო თსუ-ს გაზეთის რედაქტორი –  პროფესიონალი, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი. სამწუხაროდ, პრაქტიკოს ჟურნალისტად არ მიმუშავია.

1989 წელს დავიწყე მუშაობა ტელე-რადიო კათედრის ლაბორანტად და ვასრულებდი ფაკულტეტის მდივნის მოვალეობას. თითქმის 10 წელი ვიმუშავე ბატონ ნოდარ ტაბიძესთან  და განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით ვიხსენებ იმ წლებს. სამოქალაქო ომის საშინელ პერიოდში თითქმის ფეხით დავდიოდით სამსახურში, შეძლებისდაგვარად მაინც ტარდებოდა ლექციები. ახლა ვხვდები, როგორ ერთმუჭად იყვნენ შეკრულნი ადამიანები, როგორი სიყვარული და ერთმანეთის თანადგომა ჰქონდათ… შემიძლია ვთქვა, რომ იმ წლებში უფროსისგან ერთი წყენა არ მახსენდება… არიან თურმე ასეთი ადამიანებიც…“ – ამბობს ნათია, რომელიც თვლის, რომ გუნდური მუშაობა წარმატებული მუშაობის პრინციპია,  რომ გუნდის თოთოეული წევრის პასუხისმგებლობის და საქმის კეთილსინისიერად  კეთების სურვილი  წარმატებული საქმიანობის საწინდარია, როგორი ადმინისტრაციაც არ უნდა მართავდეს მას!

ნათია მონიავა მშობლიურ უნივერსიტეტზე დიდი სიყვარულით და აღფრთოვანებით  საუბრობს. უსმენ და ფიქრობ: ღმერთო, როგორი გულწრფელია, როგორი მოკრძალებული,  როგორი თავმდაბალი და მორცხვი,  უჭირს დიდი მეცნიერების, ღირსეული პროფესორების წინაშე საკუთარ თავზე და საქმიანობაზე ლაპარაკი, თვლის, რომ არ იმსახურებს ასეთ ყურადღებას და თავს უხერხულად გრძნობს, არადა სწორედ ასეთ ადამიანებზე, ასეთ   პერსონალზე გადის უნივერსიტეტის ღირსება, სახელი  და პოპულარობა! ისინი არიან საიმედო საყრდენი მეცნიერების, პროფესურისა და  სტუდენტების.  ისინი ქმნიან უნივერსიტეტში  სივრცეს და გარემოს, რომელიც კომფორტული უნდა იყოს ყველასთვის.  ნათიას აზრით, უნივერსიტეტში მომუშავე თითოეული სპეციალისტი უნდა გრძნობდეს თავის წილ პასუხისმგებლობას და უნდა გამოირჩეოდეს პროფესიონალიზმით.

„სამსახური, სადაც არ არის ურთიერთპატივისცემა, იქ იდეალურ სამუშაო ატმოსფეროზე საუბარი ზედმეტია. რა თქმა უნდა, აუცილებელია დისციპლინაც და მეგობრული დამოკიდებულებაც.  სპეციალისტები უნდა გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმით, ყველა უნდა გრძნობდეს თავის წილ პასუხისმგებლობას. კოლეგებს მაშინ უყვარხარ, როცა სამართლიანი,  გულისხმიერი და  ყურადღებიანი ხარ.   ადამიანებს ვექცევი ისე, როგორც მინდა, რომ მე მომექცნენ – ეს ჩემი ცხოვრების კრედოა! ამიტომ ყოველთვის კარგი განწყობით ვარ თანამშრომლებთანაც და სტუდენტებთანაც. ვცდილობ სტუდენტს ყოველთვის დავეხმარო და მოვუგვარო პრობლემა, გავარკვიო შექმნილ გარემოებაში. ჩვენი სტუდენტების უმრავლესობამ არ იცის თავისი უფლება-მოვალეობის შესახებ… მინდა, მათ უყვარდეთ დედა უნივერსიტეტი და  მხოლოდ უკმაყოფილებას არ გამოთქვამდნენ“, – ამბობს ნათია, რომელიც უნივერსიტეტზე ისეა შეყვარებული, რომ მასზე აუგის მთქმელი არ უყვარს! 

„უნივერსიტეტი ნამდვილად მიყვარს,  უკვე იმდენი წელია ამ კედლებში ვარ,   შევეჩვიე და შევესისხლხორცე! ვერ ვიტან მასზე ვინმე  რომ აუგს იტყვის. მე კი ვიცი, როგორიც მინდა იყოს ჩემი უნივერსიტეტი: ლამაზი, თეთრი, ქათქათა, კეთილმოწყობილი, აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თანამედროვე ლაბორატორიებით, სპორტული დარბაზებით, კეთილმოწყობილი სტუდენტური საერთო საცხოვრებლით, სტუდენტური სასადილოებით, საუკეთესო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებითა და ღირსეული ხელფასებით! ძალიან მინდა მოვესწრო უნივერსიტეტის ასეთ აღორძინებას… შეიძლება ძალიან კატეგორიული ვარ, მაგრამ ნამდვილად მინდა საქართველოს პირველი უნივერსიტეტი ყოველთვის პირველი იყოს!“ – აცხადებს ნათია მონიავა.

Facebook
Twitter
LinkedIn