ონლაინ მედიის განახლებული სახელმძღვანელო გამოცემისთვის მზადაა
20 თებერვალს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა 2024 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, სახელმძღვანელოებისა და მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების პრეზენტაცია. ერთ-ერთი ასეთი სახელმძღვანელო გახლდათ ასოცირებული პროფესორის ნათია კუპრაშვილის განახლებული სახელმძღვანელო – „ონლაინ მედია“.
ნათია კუპრაშვილის სახელმძღვანელო „ონლაინ მედია“ არის განახლებული ვერსია 2010 წელს გამოცემული წიგნისა – „ახალი მედია ძველი მედიისთვის“, რომელიც განკუთვნილი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის. გასულ ათწლეულში მედიისა და კომუნიკაციის სისტემაში შემოვიდა ახალი აქტორი – ხელოვნური ინტელექტი და ამიტომაც, როგორც სახელმძღვანელოს მიმოხილვით ნაწილშია მითითებული, წიგნი არის მცდელობა – „შეავსოს სიცარიელე ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო რესურსებში, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციის კონტექსტით. უახლესი კვლევების, ინდუსტრიის პრაქტიკისა და ტექნოლოგიური განვითარების სინთეზით ის მიზნად ისახავს – სტუდენტებსა და პედაგოგებს, ასევე, მოქმედ ჟურნალისტებსაც მიაწოდოს განახლებული შეხედულებები და პრაქტიკული ინსტრუმენტები“.
კონცეპტუალურად სახელმძღვანელო არის ზოგადი გზამკვლევი და სასწავლო რესურსი, რომელიც სტუდენტს აძლევს მიმართულებას ონლაინ მედიის მუშაობის პრინციპების გასააზრებლად. კერძოდ, იგი იძლევა ცოდნას ინტერნეტმედიის ფუნდამენტური ცნებების, ინტერნეტის ისტორიული კონტექსტის, ონლაინ მედიის რეგულირებისა და თვითრეგულირების, საძიებო სისტემებთან მუშაობის, კონვერგენტული ჟურნალისტიკისა და ნიუსრუმის, ონლაინ მედიისთვის განკუთვნილი ჟურნალისტური პროდუქტის, ტრანსმედიული თხრობისა და აუდიტორიის განსაზღვრის თავისებურებების შესახებ. ძველი და ახალი მედიის შედარებითი ანალიზის შედეგად, სახელმძღვანელო აჩვენებს ორივე ტიპის მედიის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, სტუდენტს აძლევს სტიმულს საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსიისთვის.
ცალკე უნდა გამოიყოს თავი „AI ინტეგრაცია ჟურნალისტიკაში“. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ამ სახელმძღვანელოს განახლების ძირითადი მოტივი სწორედ ხელოვნური ინტელექტის, როგორც აქტორის, შემოსვლაა მასობრივი კომუნიკაციის სისტემაში, ამიტომაც ავტორი სახელმძღვანელოში გვთავაზობს AI-ის მედიაში ინტეგრაციის პროცესის განხილვას სამი ძირითადი ფაზით: ტექნოლოგიური განვითარების ეტაპი, ეიფორიული ეტაპი და პრაგმატული ეტაპი.
განსაკუთრებით საინტერესოა მეოთხე თავი, რომელიც სტუდენტს ასწავლის საძიებო სისტემებთან მუშაობას და სთავაზობს იმ სისტემებს, რომლებიც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს გაფართოებული ძიებისა და კვლევისთვის.
სახელმძღვანელოში მოცემულია რჩევები, რომელსაც ავტორი სთავაზობს ონლაინ მედიის კურსის მსმენელებს და რომლებიც, გარდა საერთაშორისოდ აღიარებული მითითებებისა, პრაქტიკულ გამოცდილებასაც ეყრდნობა.
სახელმძღვანელო დაეხმარება ლექტორს კონვერგირებული ნიუსრუმის სწავლებისა და მედია ეთიკისა და თვითრეგულირების სასწავლო კურსის სრულყოფილად გავლაში. გარდა კურიკულუმში არსებული ამ საგნებისა, სახელმძღვანელო სრულიად შესაბამისი იქნება სპეცკურსისთვის ინფორმაციის გადამოწმების ინსტრუმენტების შესასწავლად.
სახელმძღვანელოების კონკურსი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თითქმის ათი წელია ყოველწლიურად იმართება. კონკურსის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლები გამოსცემენ ახალ სახელმძღვანელოებს ან განაახლებენ ადრეულ გამოცემებს, რაც სტუდენტებისთვის შესანიშნავ სასწავლო რესურსებს ქმნის.
