1925 წლის ალია და ნათან ელიაშვილის მემკვიდრეობა

თარიღი: 2025-12-10 18:05:06

3 დეკემბერს, თსუ-ს კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ებრაული კულტურის ევროპული დღეების (2025) ფარგლებში, ღონისძიება „1925 წლის ალია და ნათან ელიაშვილის მემკვიდრეობა“ გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი კვლევითი პროექტის – „ებრაული იდენტობა საქართველოში: საბჭოთა ტრანსფორმაცია (1921–1941)“ – ფარგლებში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ამ პროექტით გათვალისწინებული კვლევის შედეგები. პროექტის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კვლევის ფარგლებში გამოვლენილი მანამდე უცნობი წყაროები, რომლებიც დაცულია ისრაელის ნაციონალური ბიბლიოთეკისა და ბენ-ცვის ინსტიტუტის არქივებში.

შეხვედრაზე აუდიტორიას ვიდეოჩანაწერით მიმართა ნათან ელიაშვილის შვილიშვილმა, ისტორიკოსმა, დოქტორმა რონი მილერმა, რომელიც, ამავდროულად, ნათან ელიაშვილისა და 1925 წლის ალიისადმი მიძღვნილი კვლევის – „მიუწვდომელი ოცნებები: წერილები სიონს“ (2023) ავტორია. დოქტორმა მილერმა ღონისძიების ორგანიზატორებს გაუზიარა ნათან ელიაშვილის საოჯახო არქივში დაცული უნიკალური და საზოგადოებისათვის უცნობი ფოტოარქივი, რომელიც პირველად იქნა წარმოდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

შეხვედრაზე კულტურის კვლევების ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კაკიტელაშვილმა და ამავე ინსტიტუტის დოქტორანტმა მიხეილ მეფარიშვილმა წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა 1925 წელს საქართველოდან ერეც ისრაელში ალიის 100 წლის იუბილეს და მის ლიდერს, მრავალმხრივ საინტერესო, მაგრამ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ პიროვნებას – ნათან ელიაშვილს.

მიხეილ მეფარიშვილს მოხსენებაში ვრცლად არის მიმოხილული 1925 წლის ალიას (ებრაელების ისრაელში დაბრუნების სახელწოდება), რომელსაც ხელმძღვანელობდა სიონისტური მოძრაობის ლიდერი ნათან ელიაშვილი. ავტორის ინფორმაციით, მოხსენება მიმოიხილავს საქართველოს სიონისტური მოძრაობის მდგომარეობას ახლად ოკუპირებულ საქართველოში, ალიის განმაპირობებელ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს, ნათან ელიაშვილის როლს და მნიშვნელობას ალიისთვის მზადების პროცესში. „ნათან ელიაშვილმა, სოონიზმის სხვა ლიდერებთან ერთად პირადი რისკის ფასად საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისგან მიიღო ებრაელი ოჯახების გასამგავზარებელი ნებართვები. 1925 წლის დეკემბერში 17 ოჯახი ნათან ელიაშვილის წინამძღოლობით ჩავიდა ერეც ისრაელში და დასახლდა თელ ავივთან ახლოს მდებარე დაბა ფეთახ თიკვაში. ისრაელში დასახლებულ ებრაულ ოჯახებს მრავალი წინაღობის გადალახვა მოუხდათ, რესურსების სიმწირე, მძიმე საცხოვრებელი პირობები, სიონისტურ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის და სხვა პრობლემები მათ მძიმე ეკონომიკურ და ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაში ამყოფებდა. ნათან ელიაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ჯგუფის წევრები ისევ აგრძელებდნენ ცხოვრებას ფეთახ თიკვაში, ნაწილი კი ბენიამინაში გადავიდა საცხოვრებლად. 1925 წლის ალია იყო მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ებრაელების, და ზოგადად, საქართველოს ისტორიისთვის. 17 ებრაელი ოჯახის ერეც ისრაელში გადასახლება გამოხატავსსაქართველოს ებრაელების მუდმივ სწრაფვას ისტორიული სამშობლოსკენ. ამავდროულად მჭიდროდაა დაკავშირებული 1920-იანი წლების საქართველოში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებთან“, აღნიშნა თავის მოხსენებაში მიხეილ მეფარიშვილმა.

ქეთევან კაკიტელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ნათან ელიაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება, წარმოადგინა ნათან ელიაშვილის თარგმანები. ნათან ელიაშვილი დაიბადა 1893 წელს, დაბა ცხინვალში. მისი მშობლები იყვნენ დავით და ხავა ელიაშვილები. იგი იყო გამორჩეულად ნიჭიერი და ცოდნისმოყვარე მოზარდი. ცხინვალში მოღვაწე რაბინი აბრაამ ხვოლესის დახმარებით ნათან ელიაშვილი ქალაქ რადინში, ხოფეც ხაიმის იეშივაში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ქალაქ ვილნაში, პედაგოგიურ სასწავლებელში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ თბილისში დაფუძნდა, ეწეოდა პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას, თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან, სადაც აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებსა და თარგმანებს. ნათან ელიაშვილი თავისი მრწამსით სიონისტი იყო და აქტიურად იყო ჩართული საქართველოში სიონისტური ჯგუფის აქტივობაში. იგი თანამშრომლობდა პირველ ქათულენოვან ებრაულ გაზეთთან „ხმა ებრაელისა“, რომელიც 1918-1919 წლებში ქუთაისში სიონისტური ჯგუფის მიერ გამოიცემოდა. ხოლო 1924 წელს მეორე ებრაული გაზეთის – „მაკავეელის“ რედაქტორი იყო. ხელმძღვანელობდა ქართველ ებრაელთა 102 შრომის სკოლას, სადაც ასწავლიდა ივრითს. 1925 წელს, ქართველ ებრაელთა 17 ოჯახთან ერთად, ის წავიდა ემიგრაციაში პალესტინის ბრიტანულ მანდატში – ერეც ისრაელში, სადაც დასახლდა დაბა ფეთახ თიკვაში. არჩეული იყო ფეთახ თიკვას მუშათა საბჭოში. იქ დაწერა თავისი მთავარი ნაშრომი – „ქართველი ებრაელები საქართველოსა და ერეც ისრაელში“, რომელიც დღემდე შეუცვლელი წყაროა ქართველ ებრაელთა წარსულის კვლევისათვის.

ნათან ელიაშვილი 1929 წელს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულიაფეთახ თიკვაში, სეგულას სასაფლაოზე. მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული და ებრაული კულტურის ისტორიაში. – აღნიშნა ქეთევან კაკიტელაშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn