თსუ-ს რექტორი NASA-ს ჰაკათონის საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

თარიღი: 2024-11-11 14:47:46

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024-ის გამარჯვებული თსუ გუნდის წევრები ,,ასტერისკი” მადლობის სიგელებით და საუნივერსიტეტო საჩუქრებით დააჯილდოვა. თსუ-ს ფიზიკის მიმართულების სტუდენტების პროექტი, რომელიც მოიცავს გეომაგნიტური შტორმის ანალიზს, საქართველოდან წარდგენილია Nasa Space Apps Challenge-ის საერთაშორისო შეჯიბრზე და მონაწილე გუნდებიდან მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო 10 პროცენტში შედის.

თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, NASA Space Apps Challenge ჰაკათონის მონაწილე სტუდენტები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში – CERN-ში მსოფლიოს უდიდეს ლაბორატორიას დაათვალიერებენ.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024 ჰაკათონმა 70-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა საქართველოს მასშტაბით. ჰაკათონმა გააერთიანა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პროგრამირების, ინჟინერიის, დიზაინის, მონაცემთა ანალიტიკის, სთორითელინგის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. თსუ-ს გუნდის „ასტერისკი“ (ლათ. „პატარა ვარსკვლავი“) წევრები არიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტები: მარიამ ასლამაზიშვილი, ლუკა კეზუა, სალომე ძიგუა და სესილი ბერიშვილი (თსუ-ს ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ოლეგ ხარშილაძე).

NASA Space Apps Challenge ჰაკათონზე თსუ-ს გუნდმა საქართველოს მასშტაბით გაიმარჯვა. კონკურსის მეორე ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით, შეირჩა საუკეთესო 10 პროცენტი, რომელშიც შევიდა  „ასტერისკიც“. NASA Space Apps Challenge 2024-ის გამარჯვებული საერთაშორისო მასშტაბით 16 იანვარს გამოვლინდება.

„ჩვენ ავირჩიეთ გამოწვევა, რომელიც ეხებოდა გეომაგნიტური ქარიშხლების ანალიზს, კერძოდ, 2024 წლის მაისში მომხდარ მოვლენას. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ პროცესის სწორი ანალიზი წარგვედგინა, როგორც ფიზიკოსებს. შევქმენით ვებ-აპლიკაცია, რომელიც საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც საინტერესოა. ის მოიცავს ინფორმაციას –  თუ რა არის გეომაგნიტური ქარიშხალი, ასევე მოიცავს უშუალოდ გეომაგნიტური შტორმის ანალიზს (კომპიუტერული მეთოდებით გამოთვლილ მონაცემებს, რომელიც ახასიათებს გეომაგნიტურ შტორმს)“, – განაცხადა  „ასტერისკის“ წევრმა, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ ასლამაზიშვილმა.

NASA-ს (აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში) უდიდესი ჰაკათონი – NASA Space Apps Challenge, 2012 წლიდან დღემდე, ყოველი წლის ოქტომბრის პირველ კვირას ტარდება, რომელიც მსოფლიოს 300-მდე ქალაქში სხვადასხვა პროფესიის კოსმოსის ენთუზიასტებს უყრის თავს. ჰაკათონი ყოველწლიურად ათობით ათას მონაწილეს მასპინძლობს, რომლებიც გუნდებად ერთიანდებიან და ცდილობენ – დედამიწისა და კოსმოსის უდიდეს გამოწვევებს პრაქტიკული გადაჭრის გზა სულ რაღაც 48 საათში მოუძებნონ. ჰაკათონის მთავარი მიზანი NASA-ს მიერ ათეულობით წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების გამოყენება და განათლების ხელშეწყობაა.

Facebook
Twitter
LinkedIn