ნანო ჯიბუტი გენტის უნივერსიტეტში გატარებულ სემესტრს ცხოვრების გარდამტეხ ეტაპად თვლის
ნანო ჯიბუტი, რომელიც თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსზე სწავლობს, ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. საზღვარგარეთ სწავლის ამ ერთ სემესტრს ნანო მის ცხოვრებაში ჩაუნაცვლებელ და გარდამტეხ ეტაპად თვლის.
,,სრულებით სხვა თვალით დამანახა ამ გამოცდილებამ ჩემი სფერო – ფსიქოლოგია – და, ზოგადად, ცხოვრება. გენტის უნივერსიტეტმა მომცა საშუალება ისეთი პრაქტიკული კომპეტენციები ამემაღლებინა, რომელთა განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა საქართველოში ფსიქოლოგიის პროგრამებზე ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. ინტერვიუს, სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს საფუძველზე შესაძლებლობა მქონდა სტაჟირება გამევლო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კოგნიტური ნეირომეცნიერების ერთ-ერთ ლაბორატორიაში, სადაც ვისწავლე ენცეფალოგრამასა და პუპილომეტრთან (EEG, eye-tracking) მუშაობა ექსპერიმენტული მონაცემების შესაგროვებლად და R-ით მონაცემების დამუშავება. გამიმართლა, რომ ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში მოვხვდი, სადაც დოქტორანტურის სტუდენტები და ლაბორატორიის პროფესორი მაქსიმალურად მეხმარებოდნენ, გამოცდილებას მიზიარებდნენ, მასწავლიდნენ და მამხნევებდნენ. გარდა ამისა, გავიჩინე უამრავი ,,საერთაშორისო“ მეგობარი და ბევრი გავიგე სხვადასხვა კულტურის შესახებ. ვცდილობდი, ქართული კულტურა შემეყვარებინა და გამეცნო სხვებისთვისაც, იქნებოდა ეს სტუდენტი თუ ლექტორი. რამდენიმე ჩამოვიდა კიდეც საქართველოში და იმდენად შეუყვარდათ აქაურობა, რომ ისევ აპირებენ დაბრუნებას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული გაცვლა და თვალსაწიერის ამ მხრივ გაფართოება, რასაც, თავის მხრივ, ახალი გამოცდილება და ხედვები მოჰყვება, რადგანაც ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება ერთმანეთის ინდივიდუალურობის შესახებ იმდენი შევიტყოთ, რამდენიც შეგვიძლია“, – ასე გვიზიარებს ნანო ჯიბუტი თავის შთაბეჭდილებებს გენტის უნივერსიტეტში გატარებულ თვეებზე.
ნანო თსუ-საც ძალიან ემადლიერება და თვლის, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტმა მისცა საფუძვლიანი ცოდნა საიმისოდ, რომ სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა.
,,ვთვლი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლამ საკმაოდ ღრმა თეორიული და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა მომცა, რაც კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დამეხმარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ლექტორები ჰყავს, რაც მის ხარისხს განაპირობებს. ისინი ჩემთვის უდიდესი ინსპირაცია და მოტივაციის წყაროები არიან“, – ამბობს ნანო.
თუ რით განსხვავდება სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლა? – ამ კითხვაზე ნანოს ასეთი პასუხი აქვს: ,,გენტის უნივერსიტეტში განათლების სისტემა ფოკუსირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, უახლეს კვლევებსა და სფეროს გამოყენებით ხასიათზე. თსუ-ში კი ფსიქოლოგიის თეორიულ მხარეს უფრო სიღრმისეულად ვსწავლობთ და, გენტის უნივერსიტეტისგან განსხვავებით, სემინარებს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ლექტორები ცდილობენ თითოეულ სტუდენტთან სრულყოფილად და გასაგებად მიიტანონ ინფორმაცია, რის საშუალებასაც ყოველკვირეული სემინარები იძლევა“.
ნანო ჯიბუტი თავის სურვილებსაც გვიმხელს, რაც თსუ-ს უკავშირდება და აღნიშნავს: ,,ვისურვებდი, რომ თსუ-შიც გვქონდეს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორია საჭირო აღჭურვილობებითა და ტექნოლოგიით, რომელიც სტუდენტებთან ერთად ლექტორებსაც მისცემს საშუალებას თავიანთი ჰიპოთეზები მსგავსი მეთოდებით შეამოწმონ“.
