ნანიკო ტორონჯაძეს, რომელმაც სარკომა დაამარცხა, შედეგი აძლევს მოტივაციას

თარიღი: 2023-10-24 18:12:58

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნანიკო ტორონჯაძე მთელი ამ წლების განმავლობაში სტიპენდიატია, თუმცა მისთვის აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ გახლდათ, რადგან 11 წლის ასაკში დაუდგინდა სარკომა და დაიწყო ბრძოლა რწმენით  გადარჩენისთვის. ,,ბავშვობაში პასუხისმგებლიანი, ინტერესიანი, ცნობისმოყვარე და აქტიური ვიყავი, თუმცა, როცა ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და გამოკვლევებმა დაადასტურა სარკომა, პირველი, რაც მახსოვს,  დედას აცრემლებული თვალები იყო. კლინიკაში რომ დავწექი და დავიწყე მკურნალობა, ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ ყველაფერს შევძლებდი… მართლმადიდებლური სკოლა დავამთავრე და, შესაბამისად, ღვთის სიყვარული და რწმენა, რომელიც ისედაც მქონდა, მკურნალობის დროს უფრო  გამიმძაფრდა“, – ამბობს ნანიკო.

იხსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდით ედგნენ  და აღნიშნავს: ,,დედა, ბებო, სკოლა, მეგობრები  და  ჩემი მასწავლებლები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. დედა ოპერაციების ფორმალურ მხარეებს აგვარებდა; ბებოს, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში არ შეიძლებოდა გარეშე პირთა ყოფნა, მაინც უშვებდნენ და მის გარეშე არცერთი ქიმიოთერაპია არ გამიკეთებია. ის ხედავდა ჩემს ტანჯვას… ამ დროს,  თან, ძალიან ბევრს ვსაუბრობდით…  ასევე, უდიდესი დახმარება გამიწია ნინო სურგულაძის, დიმიტრი ცინცაძის  ფონდებმა და სოლიდარობის ფონდმა, რათა ოპერაცია  საფრანგეთში გაკეთებულიყო. მათ გარეშე არაფერი იქნებოდა’’.

მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის პროცესში ოპტიმისტურად და რწმენით იყო განწყობილი, ნანიკოს ცხოვრებაში რთული დღეებიც ყოფილა, როცა ყველაფერზე ხელი ჩაუქნევია. ,,ამ ოპერაციის შემდეგ პერიოდს ახლდა სირთულეები, სიარულსაც თავიდან ვსწავლობდი… მაშინ, როცა ქიმიოთერაპიამ ჩასმული ძვალი დაასუსტა და გატყდა, ისევ თავიდან გახდა საჭირო ოპერაცია. საქართველოში დაბრუნებული   ყავარჯნებით დავდიოდი  და ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ უნდა მევლო. თერაპიაზე ყოფნისას მიფიქრია, რომ დავიტანჯე და აღარაფერი მინდოდა’’,  – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

შინაგანად რა განცდები ჰქონდა, როცა დაავადება დაამარცხა?  – ამ კითხვაზე ნანიკო გვპასუხობს:

,,პირველ რიგში, თავი ვიგრძენი თავისუფალ ადამიანად, ცრემლები მომდიოდა სიხარულისგან, რადგან ვიაზრებდი, რომ შემეძლო მეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობდნენ ჩემი თანატოლები; რომ არ მექნებოდა შეზღუდვები და დავუბრუნდებოდი სწავლას. ბედნიერებასთან ერთად, ასევე, ჩამენერგა მუდმივი მადლიერების განცდა, რასაც სენტიმენტებიც ახლდა…. ეს განცდა დღემდე მომყვება“.

როგორც თავად გვითხრა, ნანიკო ტორონჯაძემ მკურნალობის კურსი საფრანგეთში ჩაიტარა, ამიტომ მისთვის ეს ქვეყანა გამორჩეულია.  ,,ჩემთვის საფრანგეთი მეორე დაბადების ადგილთან ასოცირდება… რომ არა ის ოპერაციები, რაც იქ გაკეთდა, წარმოუდგენელი იქნებოდა – რა დასასრული მელოდა… ეს ქვეყანა ჩემი მეორე სახლია, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა’’,  – ამბობს ნანიკო. სტუდენტი იმ ადამიანებსაც მიმართავს, რომლებიც ახლა გადიან ამ გზას  – არ დაკარგონ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და რომ სარკომა განაჩენი არ არის… 

ანი როსტიაშვილი

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn