პროფესორ ნანა გუნცაძის სამეცნიერო წვლილით შესაძლებელი გახდა ქართული  ლიტერატურის  ჩართვა ევროპულ სივრცეში  

თარიღი: 2022-09-23 19:24:30

12 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება „ევროპული ლიტერატურის ისტორიის“ (გამომცემლობა  CNRS) პრეზენტაცია. (ნაშრომის  ავტორები არიან:  პროფესორი ანიკ ბენუა და პროფესორი  გი ფონტენი; წინასიტყვაობა   ეკუთვნის ნობელის პრემიის ლაურეატს  ოლგა ტოკარჩუკს).  სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება ევროპის ისტორიის სახლში (ევროპარლამენტის ორგანო), სადაც საპატიო სტუმრად  მიწვეულია  თსუ-ის პროფესორი ნანა გუნცაძე, რომელიც  ემერიტუს პროფესორ  გასტონ ბუაჩიძესთან ერთად აქტიურად იყო ჩართული სახელმძღვანელოს შექმნაში.   

მოწვევაში  წიგნის  თანაავტორი, ლილის უნივერსიტეტის პროფესორი გი ფონტენი წერდა:

„ძვირფასო კოლეგა, მიიღეთ  ევროპული ლიტერატურის ისტორიის მთელი  გუნდის მადლობა  ჩვენს წიგნში ქართული  საუნივერსიტეტო მეცნიერული წვლილისთვის   და, შესაბამისად,  ჩვენს გუნდში  ინტეგრაციისათვის… თქვენ,  თქვენი და თქვენი  წყაროების  სამეცნიერო წვლილით  შესაძლებელი გახადეთ  ქართული  ლიტერატურის  ჩართვა ევროპულ სივრცეში.

ძვირფასო კოლეგა, მსურს  დავადასტურო ჩვენი მოწვევა ევროპული  ლიტერატურის ყველა მეგობართან,  რომლებმაც წვლილი შეიტანეს  ჩვენს საერთო OPUS MAGNUM  (დიდ ნაშრომში) –  ძვირფასო ნანა, თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ;  ამიტომაც გთხოვთ,     პატივი  დაგვდოთ  და დაგვესწროთ წიგნის პრეზენტაციაზე“.

ევროპული   ლიტერატურის ისტორიის   სახელმძღვანელო  კოლექტიური ნაშრომია, რომლის შექმნაშიც  მონაწილეობა მიიღო  200-მდე  პროფესორმა  მთელი ევროპიდან.

შედეგი  ადასტურებს  ამ პროექტის განმახორციელებელი საუნივერსიტეტო ქსელის საგანმანათლებლო ამბიციას:  არის თუ არა ლეგიტიმური და აუცილებელი 800 მილიონი ევროპელი მოქალაქისთვის იცოდეს ლიტერატურის შექმნის  ფესვები, ისტორია, სიახლეები?  –  ცხადია, არის!

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ ნაშრომში ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის დიალექტიკა არ  არის  დავიწყებული: ძველ, ბიბლიურ, კელტურ და არაბული  მემკვიდრეობის  წვლილს ლიტერატურაში, რომლითაც იწყება წიგნი, აგრძელებს  ამავე ნაშრომის ბოლო  თავი სახელწოდებით  – „თანამედროვე მოღვაწეები“, ანუ ცოცხალი ავტორები, რომლებშიც ქართველი მწერლებიდან პროფესორ ნანა გუნცაძის მიერ შეყვანილია  პოეტ ბესიკ ხარანაულის პოეზია.

„ევროპული ლიტერატურა“ სულ 16 თავისაგან შედგება, მათ შორის:   მემკვიდრეობა, ევროპული ლიტერატურის გენეზისი, შუა საუკუნეებიდან იტალიურ რენესანსამდე, ჰუმანიზმი და რენესანსი, ბაროკოს ტრიუმფი და ფრანგული კლასიციზმი, მე-18 ს. განმანათლებლები,  მე-19  და მე-20 ს-ის ლიტერატურა ცალკე თავებად და ა.შ. და მთავრდება  თანამედროვე ტენდენციებით  და ფიგურებით 1989 წლიდან 2020 წლამდე.                              

„ბედნიერი ვარ, რომ ნაშრომის ყველა თავში – შუა საუკუნეებიდან  დაწყებული, დღევანდელი მწერლობით დამთავრებული,  მომეცა  შესაძლებლობა  ქართული ლიტერატურის  შესახებ ინფორმაცია  მოკლე სტატიებით   შემეტანა.   XX საუკუნის ქართული პოეზიის დიდი ნაწილი შეიტანა  პროფესორმა ემერიტუსმა გასტონ ბუაჩიძემ. ამდენად, როგორც წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა გი ფონტენმა  აღნიშნა,  ჩვენი სამეცნიერო წვლილით  შესაძლებელი გახდა  ქართული  ლიტერატურის  ჩართვა ევროპულ სივრცეში.  ჩემთვის, როგორც  ქართველი მეცნიერისათვის, ფრანგული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარისა და  დასავლური ღირებულებების ერთგული საქართველოს მოქალაქისათვის უაღრესად სასიხარულოა  ასეთ მასშტაბურ  პროექტში მონაწილეობა და ევროპულ სივრცეში ქართული ლიტერატურის დამკვიდრება;  ჩემი დიდი სურვილია ჩვენს სტუდენტობას შთავაგონო  ლიტერატურის მკვლევარისათვის  ამ  ძალზე  საპატიო  მისიის მნიშვნელობა და გავუჩინო მოტივაცია  გააგრძელოს ეს გზა, რათა ბოლოს და ბოლოს ქართული პოეზიის შედევრებმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდში“,  – აღნიშნა პროფესორმა ნანა გუნცაძემ.   

Facebook
Twitter
LinkedIn