პირველად, საქართველოში, თსუ-ს სტუდენტები შეძლებენ – სინოლოგია და იაპონისტიკა ძირითად სპეციალობად აირჩიონ
მათთვის, ვისაც შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, ენები და კულტურა აინტერესებს და ამ მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება, კარგი ამბავი გვაქვს: თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და მიენიჭა ძირითადი საბაკალავრო საგანმანათლებლო სტატუსი ორი სპეციალობით – სინოლოგია და იაპონისტიკა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა იმ მხრივაც, რომ ამის შემდეგ, პირველად, საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შეძლებენ სინოლოგია და იაპონისტიკა ძირითად სპეციალობად აირჩიონ და ამ მიმართულებით კომპლექსურად აკადემიურ დონეზე მიიღონ განათლება
პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა გელაშვილის ინფორმაციით, საქართველოში შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის მიმართ სტუდენტების მხრიდან დაინტერესება დღითი დღე იზრდება და ამიტომ აკრედიტაციას ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
„აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში თითქმის საუკუნეა, რაც ფუნქციონირებს სხვადასხვა ტრადიციული დარგები – თურქოლოგია, არაბისტიკა, ირანისტიკა და სხვ. ეს სფერო კი შედარებით ახალგაზრდაა. იმის გათვალისწინებით, რომ შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება და აქტუალური ხდება, აქედან გამომდინარე, ამ კუთხით დიდი გამოწვევების წინაშე ვართ და მეტი მუშაობაც გველის. ეს იდეა თავდაპირველად 2006 წელს გაჩნდა და იმთავითვე წარმატებით განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამატებითი სპეციალობის სახით, რაც მნიშვნელოვანი სიახლე იყო უნივერსიტეტისთვის. ამ გზაზე ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია, თუმცა, თსუ-ს ხელმძღვანელობის და საელჩოების დახმარებით მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ“, – ამბობს ნანა გელაშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში გახსნილია ჩინური და იაპონური კაბინეტები, რომლებიც უახლესი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და სისტემატურად მარაგდება სათანადო ლიტერატურით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩინეთისა და იაპონიის საელჩოების დახმარებით წარჩინებული სტუდენტები, სათანადო ტესტირების გავლის შემდეგ, შორეული აღმოსავლეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიემგზავრებიან სწავლის გასაგრძელებლად.
„მადლიერება გვინდა გამოვხატოთ საელჩოების მიმართ, რომლებმაც დიდი ყურადღება და კეთილი ნება გამოიჩინეს და სწორედ მათი თანადგომით გაიხსნა იაპონური და ჩინური კაბინეტები, ასევე გადმოგვცეს სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა სხვადასხვა ენაზე, რომელთა ნაწილი თსუ-ს ბიბლითეკაში ინახება“, – აცხადებს ნანა გელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, წარმატებული სტუდენტები მიდიან ჩინეთსა და იაპონიაში სწავლის გასაგრძელებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა პროგრამით. ,,დაინტერესება ყოველწლიურად მატულობს, რადგან ეს დარგი დღითი-დღე უფრო მეტად პერსპექტიული ხდება. თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პროცესებშიც საქართველოც აქტიურადაა ჩართული, ამიტომ შორეული აღმოსავლეთის რეგიონის აკადემიურ დონეზე შესწავლა და, შესაბამისად, აკრედიტაციის წარმატებით გავლაც მეტად მნიშვნელოვანია. ახლა იაპონიის და ჩინეთის ელჩებს ველოდებით, რომლებიც სტუდენტებს შეხვდებიან და მათ სურვილებს გავაცნობთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, რამდენადაც ახლა უკვე დამოუკიდებელი კათედრა არსებობს, რომელსაც დიდი ამბიციები და გეგმები აქვს. მიყვარს ეს მშვენიერი და ეგზოტიკური სამყარო და ჩემი მოღვაწეობაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ სამყაროს ისტორიის, უძველესი ცივილიზაციის და კულტურის კვლევა-ძიებას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ ქართულ ენაზე ლიტერატურა მწირია ამ ქვეყნების (ჩინეთი, იაპონია) შესახებ, ამიტომ ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობენ ჩვენი კათედრის წევრები. მე გამოვეცი რამდენიმე წიგნი, მათ შორის: „იაპონიის ისტორია“, „იაპონური კულტურა“, „შორეული აღმოსავლეთის რელიგიები“, ,,ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები“ და სხვა. ჩვენი კურსდამთავრებულებიც ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და თარგმნიან კლასიკოსებს ჩინურიდან და იაპონურიდან ქართულად და პირიქით… ახალი პროგრამის ფორმატში შემოვიტანეთ ახალი საგნებიც, მაგალითად, ლიტერატურის ისტორია. ამ საქმეში აქტიურად ჩაერთო იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა. სტუდენტებისათვის ენების უკეთ შესწავლის მიზნით, პროგრამაში ჩართული გვყავს ჩინელი და იაპონელი მოხალისე პედაგოგები“, – ამბობს ნანა გელაშვილი.