ქართულ-ოსური თანამშრომლობის შედეგი – ნაირა ბეპიევის ახალი წიგნი

თარიღი: 2024-06-13 13:45:01

11 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ნაირა ბეპიევის ახალგამოცემული წიგნის „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა,  რომელიც  2015 წელს ჩამოყალიბდა და რომელსაც დაარსების დღიდანვე ნაირა ბეპიევი ხელმძღვანელობს.

„ოსური წიგნის ბიბლიოგრაფია“  პირველი გამოცემაა და ის  აერთიანებს 1798 წლიდან დაბეჭდილ  როგორც  წიგნებს,  ასევე  საარქივო  მასალებს,  სხვადასხვა ავტორის შრომებსა და სტატიებს.  წიგნი მულტილინგვისტურია.  მასში,  ოსურად დაწერილ მასალებთან ერთად, ვხვდებით ორენოვან  წიგნებსა და ნაშრომებს,  ქართულ და სხვა ენებზე  დაწერილ  ტექსტებს. ზემოთ ჩამოთვლილი მასალები კი, რომლებშიც ასახულია ოსი ხალხის ისტორია, კულტურა თუ ლიტერატურა, დალაგებულია ქრონოლოგიურად.

წიგნი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ქართველ და ოს მეცნიერთა ურთიერთთანამშრომლობის  შედეგია  და მასში შესულია დღემდე მიუწვდომელი, 1990 წლის შემდეგ ცხინვალსა და სხვა ქალაქებში ოსი ავტორების მიერ გამოცემული წიგნები.

წიგნი კარგი გზამკვლევი იქნება იმ მეცნიერ-მკვლევართათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიაში“ წარმოდგენილი ნაშრომებით.

„დღეს გვქონდა  „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პრეზენტაცია, რომელიც სადღეისოდ ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  გამოცემა  გახლავთ.  წიგნში თავმოყრილია მრავალი საინტერესო მასალა. ამ გამოცემის ფარგლებში ჩვენ ოს მეცნიერებთან ვითანამშრომლეთ. შესაბამისად, გვაქვს ისეთი მასალებიც, რომლებიც საქართველოში აქამდე არ გვქონდა. ყოველივე ხელს უწყობს ქართულ-ოსური ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ პერსპექტივაშიც გავაგრძელებთ მათთან მუშაობას და იმედი მაქვს, ეს ძალიან ნაყოფიერი იქნება“,– აღნიშნა ნაირა ბეპიევმა. 

წიგნი დააინტერესებს ოსური ენის, ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიისა და სხვა დარგების შესწავლით დაინტერესებულ მეცნიერებს, სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას. „ნიშანდობლივია, რომ ეს წიგნი საქართველოში და, კონკრეტულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიცა, რადგან სწორედ საქართველოდან და ქართულ-ოსური ლიტერატურული და მწიგნობრული ურთიერთობიდან იწყება ოსური წიგნი.  ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ მწიგნობრებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მაგალითად,  გაიოზ რექტორს და იოანე იალღუზიძეს…  აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისამდე 150 ოსური წიგნია გამოცემული და ამ საქმეს ერთად  აკეთებდნენ ქართველები და ოსები. ესაა დიდი ტრადიცია და უნდა გაგრძელდეს 21-ე საუკუნეშიც. ერთგვარი სიახლეა, რომ წიგნს ერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აღწერილობის ხელნაწერი ოსური წიგნების ფოტობარათები. ამ წიგნში გამოქვეყნებული ფოტო-კატალოგი ბევრი მკითხველისათვის საინტერესო საკვლევი მასალა იქნება“, – აღნიშნა წიგნის მთავარმა რედაქტორმა ნინო პოპიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  მეცნიერ-მკვლევრები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. მათთვის წიგნი კარგი გზამკვლევი იქნება შემდგომი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის.

„დავესწარი „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პრეზენტაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემაა ოსური ენისა და ოსური შემოქმედებისთვის. ჩემთვის, როგორც ეთნოგრაფისთვის, ეს გამოცემა იმითაა უფრო საინტერესო, რომ ის ძალიან დიდ როლს ითამაშებს ჩემს პროფესიულ განვითარებაში”, –  აღნიშნა დამსწრე სტუდენტმა თიკა ჯიოევამ, რომელიც  თსუ-ს ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელი გახლავთ.

აღსანიშნავია,  რომ  წიგნი  გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული ცენტრი  ახლო მომავალში გეგმავს მე-10 საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას და მასში, ადგილობრივებთან ერთად, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

დიტო ბელქანია,

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn