სამწლიანი წარმატებული თანამშრომლობა შტუტგარტის უნივერსიტეტთან: ციფრული მეთოდები, საერთაშორისო გამოცდილება და მომავლის გეგმები
უკვე მესამე წელია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონკრეტულად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმატებით თანამშრომლობს შტუტგარტის უნივერსიტეტთან. ეს თანამშრომლობა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სახეს ატარებს და ყოველწლიურად ახალ შინაარსსა და ფორმას იძენს. პროექტის მთავარი ფოკუსი განათლების სფეროს ორი მიმართულებაა: განათლების ფსიქოლოგია, რომელსაც პროფესორი მზია წერეთელი ხელმძღვანელობს და პროფესიული განათლება, რომელსაც ასოცირებული პროფესორი რუსუდან სანაძე უდგას სათავეში. პროგრამა სრულად ეყრდნობა ციფრული მეთოდების სწავლებისა და სწავლების პროცესში გამოყენების პრინციპებს.
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მზია წერეთელი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ პროგრამის მიმდინარეობასა და მომავლის გეგმებზე ესაუბრა.
როგორც მზია წერეთელმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება თავდაპირველად პროფესორ ბერნ ცინის თსუ-ში ვიზიტით დაიწყო. ის ჩამოვიდა თბილისში თავის დოქტორანტთან ერთად და ამ შეხვედრიდან გაჩნდა იდეა, რომ თანამშრომლობა განათლების ფსიქოლოგიისა და პროფესიული განათლების მიმართულებით გაფართოებულიყო: „ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ იქმნება ხარისხიანი საერთაშორისო თანამშრომლობა ინდივიდუალური კონტაქტებისა და საერთო სამეცნიერო ინტერესების საფუძველზე“, – აღნიშნა მზია წერეთელმა.
დღეისათვის პროექტში აქტიურად მონაწილეობენ თსუ-ს პროფესორები: ია აფთარაშვილი, თამარ გაგოშიძე, ირმა გრძელიძე, ბელა პეტრიაშვილი, ასევე დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები. მათი ჩართულობა ქმნის მყარ საფუძველს მომავალი ინიციატივებისთვის.
პროექტის ფარგლებში გერმანელი კოლეგები უკვე მესამედ ჩამოდიან საქართველოში, ხოლო თსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი სტუმრობს შტუტგარტის უნივერსიტეტს. ეს არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაცვლაა, არამედ შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ორივე მხარემ ერთმანეთის რეალობა უკეთ გაიცნოს.

დოქტორანტთა სემინარები: საერთაშორისო აკადემიური გარემოს მოდელირება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება, დოქტორანტებისთვის განკუთვნილი სემინარებია. მათში მონაწილეობენ როგორც შტუტგარტის, ისე თსუ-ს სტუდენტები და პროფესორები. სემინარებზე განიხილება ზოგადი განათლებისა და პროფესიული განათლების საკითხები. შეხვედრები ტარდება ინგლისურ ენაზე და ევროპული აკადემიური ფორმატის მიხედვით, რაც სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პრაქტიკაა. სემინარები უკვე სამჯერ გაიმართა – ერთხელ ონლაინ ფორმატში, შემდგომ კი თბილისსა და შტუტგარტში. „პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე სწავლა-სწავლების პროცესში. ეს თემა, მიუხედავად მისი აქტუალობისა, ჯერ კიდევ ნაკლებად არის გაშლილი ქართულ საგანმანათლებლო კვლევებში, რაც თანამშრომლობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის. გარდა აკადემიური მიზნებისა, თანამშრომლობა მოიცავს მნიშვნელოვან კულტურულ კომპონენტსაც, რაც ურთიერთგაგებასა და უნივერსიტეტებს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს“, – თქვა მზია წერეთელმა.
მულტილინგვური და მულტიკულტურული ასპექტები
პროექტის ერთ-ერთი ხაზია მულტილინგვური და მულტიკულტურული საკითხები – არა მხოლოდ ადგილობრივი მრავალენოვანი გარემოს, არამედ საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციის კონტექსტში. აქ ყურადღება გამახვილებულია როგორც უცხოელი სტუდენტების ქართულ გარემოში ინტეგრაციაზე, ასევე ქართველებისა – ევროპულ აკადემიურ სივრცეში. ამჟამად, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თსუ-ს განათლების ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი ნინო ბოკუჩავა იმყოფება შტუტგარტში. გერმანული ენის სწავლასთან ერთად იგი ეცნობა გერმანულ სასწავლო და აკადემიურ გარემოს, ესწრება ლექციებს; მანამდე მსგავსი გამოცდილება ჰქონდა დოქტორანტ მარიამ ბაკაშვილს. ორივემ ისარგებლა იმ შესაძლებლობებით, რასაც ერაზმუსისა და DAAD-ის დაფინანსებით განხორციელებული პროგრამა სთავაზობს.
ინკლუზიური განათლება და ვირტუალური კლასი
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინკლუზიური განათლება და ვირტუალური კლასის დანერგვის პრაქტიკა. საპასუხო ვიზიტისას, პროექტის ქართველ მონაწილეებს შტუტგარტში შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ – როგორ მუშაობს ეს სისტემა შტუტგარტის უნივერსიტეტში, ნახეს – როგორ ხდება ვარჯიში ემოციების ამოცნობაში, როგორია სწავლის ტექნიკები, სწავლის მეთოდები და როგორ ხდება მასწავლებელთა მომზადება ამ მიმართულებით და სხვ. ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა მომზადებაზე და ინკლუზიური სწავლების სპეციფიკაზე. „ასევე, პროექტის ფარგლებში რამდენიმე სემინარი ჩატარდა სტატისტიკურ პროგრამაში “R”, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომობითა და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. ამ სესიებს თავად პროფესორი ბერნ ცინი უძღვებოდა და ის კვლავაც აგრძელებს ჩართულობას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნა მზია წერეთელმა ჩვენთან საუბარში.
მომავლის გეგმები
თსუ-ში დაგეგმილია შტუტგარტელი კოლეგების კიდევ ერთი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება საჯარო ლექციები და შემაჯამებელი შეხვედრები. პარალელურად უკვე მიმდინარეობს საუბარი თანამშრომლობის გაფართოებაზე რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობით, თსუ-ს მეთვალყურეობით. „სამი წლის განმავლობაში თანამშრომლობა შტუტგარტის უნივერსიტეტთან არა მხოლოდ ერთობლივი პროექტია – ეს არის ინტერნაციონალიზაციის, სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციური სწავლების განვითარების ნათელი მაგალითი. მომავალი კი კიდევ უფრო ფართო და ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობას გვპირდება“, – თქვა მზია წერეთელმა.
