მზია წერეთელი: ჩემი მიზანია, არა მხოლოდ ფაკულტეტზე არსებული პროგრესის შენარჩუნება, არამედ – განვითარებაც

თარიღი: 2023-11-10 16:44:34

მუშაობის პრინციპი – გუნდური, პრიორიტეტი – სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მიზანი – ფაკულტეტის  განვითარება ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების ნაზავით, ხედვა – კომპლექსური: სწავლება-დასაქმება, სწავლა-სწავლების განვითარება, კვლევის ხელშეწყობა, კვლევის შედეგების თეორიულ-პრაქტიკული ეფექტიანი გამოყენება, საერთაშორისო ინტერაქციის გაღრმავება და უნივერსიტეტის მესამე მისიის გაძლიერება საზოგადოებაში აქტუალური საკითხების წამოწევისა და ცნობიერების ამაღლების გზით…  ჩვენ ვსაუბრობთ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი დეკანის, პროფესორ მზია წერეთლის  შესახებ, რომელიც ახალ პოზიციაზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ აირჩიეს, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მთელი ცხოვრება აკავშირებს: 1980 წლიდან – სტუდენტობა, 1990 წელს – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა საკანდიდატო თემის – ,,მეხსიერებაში სემანტიკური ინფორმაციის შენახვის ფორმებისა და მექანიზმების შესახებ“ – დაცვა, 2005 წელს – დისერტაცია  „გენდერული ცნობიერების ფორმირებისა და მოქმედების ფსიქოლოგიური მექანიზმების“ საკითხებზე და, ასევე, არაერთი წაკითხული სალექციო კურსი და უწყვეტი კვლევითი საქმიანობა. უფრო ვრცლად, თუ როგორ გამოიყენებს დაგროვილ გამოცდილებას, რომელსაც მის მასწავლებლებთან –  პროფესორ დალი ფარჯანაძესთან და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური სკოლის სხვა წარმომადგენლებთან სწავლისას ჩაეყარა საფუძველი, მზია წერეთელი ინტერვიუში საუბრობს.

ერთი თვის წინ, როდესაც ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ დეკანის პოზიციაზე აგირჩიათ, თქვენ აღნიშნეთ, რომ  გუნდური მუშაობის პრინციპი, როგორც ფაკულტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ტრადიცია, თქვენთვის პრიორიტეტულია.

მზია წერეთელი: „დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ფაკულტეტზე ხელმძღვანელი შეიცვალა, ჩვენ გვაქვს ტრადიცია – ერთმანეთთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გუნდურობის, ორგანიზებული მართვის სტილის, რასაც ჯერ კიდევ ჩვენი ფაკულტეტის დამფუძნებლებმა ჩაუყარეს საფუძველი და დღემდე გრძელდება. ეს ტრადიცია არ შეწყვეტილა არც მაშინ, როდესაც არა მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტისთვის, არამედ, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის რთული დრო იყო. მე ჩემს კონცეფციაშიც აღვნიშნე, რომ ჩემი მიზანია, არა მხოლოდ ფაკულტეტზე არსებული პროგრესის შენარჩუნება, არამედ – განვითარებაც, მათ შორის, სწავლის ხარისხის ზრდაზე უწყვეტი ზრუნვა, დიგიტალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია. დიგიტალიზაციაში ვგულისხმობ არა მხოლოდ გამართული ტექნიკური აღჭურვილობით ფაკულტეტის უზრუნველყოფას, არამედ დიგიტალური სასწავლო და კვლევითი მეთოდების გამოყენებას. კვლევის მიმართულებით SSPS-თან ერთად R პროგრამის დანერგვას,  მივესალმები ნაწილობრივ ონლაინ სასწავლო კურსებსაც…

ინტერნაციონალიზაციის გარეშე განვითარება წარმოუდგენელია. ჩვენს ფაკულტეტს უკვე აქვს მჭიდრო კავშირები არაერთ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრთან ევროპასა და ამერიკაში, მაგალითად, სულ ახლახან ერაზმუს პლუს პროგრამის ფარგლებში ჩამოსულები იყვნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები შტუტგარტის უნივერსიტეტიდან, რომლებმაც სწორედ R პროგრამის დანერგვაზე ჩაატარეს ტრენინგები. სხვათაშორის ეს პროექტი ჩვენი ყოფილი სტუდენტის ინიციატივით განხორციელდა, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს და რაც ძალიან კარგი პრეცედენტია. რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ ვენის უნივერსიტეტის პროფესორს, მანამდე – ზაარლანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს,   წამოწყებული გვაქვს თანამშრომლობა ჩეხეთის რამდენიმე წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან… სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში აქტიური ჩართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კვლევითი პროცესის გაუმჯობესებისთვის ფაკულტეტზე მოქმედებს საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისთვის მატერიალური წახალისება, ვიტყოდი, რომ  ამგვარმა ჯილდომ შედეგი ნამდვილად გამოიღო.“

არსებობს მოსაზრება, რომ სამეცნიერო კვლევითი შრომა ნაკლებად დაფასებულია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური თვალსაზრისით, რაც ახალგაზრდებს კვლევითი საქმიანობის  დაწყების სტიმულს უკარგავს…

მზია წერეთელი: „ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით ყველა ვცოდავთ, როგორც ჩვენც და ასევე თქვენც – ჟურნალისტები. საზოგადოებაში რა თემასაც წამოწევ, იმ თემებს ეყოლება მკითხველი, ან მაყურებელი და აღნიშნული კონტენტიდან შეარჩევს თავისთვის საინტერესო საკითხებს. ჩვენ  გვყავს ბევრი გამორჩეული მეცნიერი, ისინი ქმნიან ცოდნას, რაზეც დგას არაერთი სისტემა. სარგებელი და დაფასება სხვადასხვანაირად ითვლება, ცხადია, მეცნიერის შრომა მატერიალურადაც უნდა იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი. ეს საკითხი ნამდვილად პრობლემური და მისახედია და ეს ჩემს კონცეფციაშიც მაქვს აღნიშნული. თუმცა, ნამდვილად გვყავს ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი, რომელთა წინ წამოწევასაც ცდილობს, მაგალითად, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მათ იწვევენ ლექციების წასაკითხად ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში არა მხოლოდ ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერების, არამედ ახალგაზრდა მკვლევრების წინ წამოწევა. აუცილებელია საზოგადოებაში სწორი თემატური აქცენტების დასმა, რაც კვალიფიციური ექსპერტების მიერ უნდა გაკეთდეს. ასე მაგალითად, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ მისიად გაცხადებულია მეცნიერების მონაპოვრის საზოგადოებამდე მიტანა, ანუ  იმ  კვლევების შედეგების გაცნობა, რომელიც ახალია და მათთვის აქტუალურ საკითხებს ეხება.

მაინც გკითხავთ, არსებობს თუ არა აკადემიური კადრების დეფიციტის საშიშროება?

მზია წერეთელი: „კადრების დეფიციტის პრობლემა ნამდვილად არ გვემუქრება, უფრო საშტატო დეფიციტის პრობლემა გვაქვს, ზოგადად, დიდ უნივერსიტეტებს აქვთ ეს პრობლემა – ჩვენ ვზრდით კადრებს, ვაყალიბებთ პროფესიონალ ფსიქოლოგებს და შემდეგ ისინი სხვაგან საქმდებიან. ამას ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე ვამბობ, თორემ ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, როდესაც სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გვხვდებიან. უკეთესი იქნებოდა მეტი კადრის დაბრუნება ან დატოვება რომ შეგვეძლოს, თუმცა ერთია – თუ რა მსურს მე, როგორც აკადემიურ პერსონალს და მეორეა – რა შემიძლია, როგორც დეკანს. ეს ყველაფერი ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული.

ფაკულტეტს უდიდესი გამოცდილება აქვს დაგროვილი  პედაგოგიკის მიმართულებითაც. ჩვენი პროფესორები სწავლა-სწავლების საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. დიდი გამოცდილებაა დაგროვილი მასწავლებლის მომზადების პროგრამის მიმართულებით. გამოწვევების მიუხედავად, ეს ტრადიციული ხაზიც არ დავკარგეთ და განვავითარეთ.“

რას გვეტყვით სტუდენტებთან დამოკიდებულებისა და სწავლების მეთოდების შესახებ?

მზია წერეთელი: „დღეს განათლების სისტემაში ე.წ. მთლიანობითი მიდგომაა დანერგილი. სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდნის მიცემით. განათლების მისიაა ცნობიერების ამაღლება, ღირებულებების ჩამოყალიბება, სოციალური და ემოციური უნარების განვითარება. ეს ყველაფერი მოსწავლის, სტუდენტის თუ ნებისმიერი შემსწავლელის მოთხოვნილებების, პიროვნული თავისებურებებისა და სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით მიმდინარეობს. აუცილებელია სტუდენტებისთვის თვითრეგულაციის უნარების განვითარება. სტუდენტებს უყვართ ინტერაქცია, საკუთარი აზრის გამოხატვა, შეკითხვების დასმა. ვფიქრობ, მასწავლებლობა არის ზუსტად ის, რომ სტუდენტს აღმოაჩენინო ის ცოდნა, რომელიც მას სჭირდება. ამასთანავე, ჩვენთან შერწყმული თეორიული და პრაქტიკული კომპონენტები. ჩვენ სტუდენტებს ვრთავთ კვლევით პროცესში, ისინი აკეთებენ პრეზენტაციებს, ტარდება დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში, ვიწროპროფილური ტრენინგები… მაგალითად, ახლახან დავიწყეთ ფაკულტეტზე არსებული გარემოს კვლევა, რომელსაც ატარებენ სტუდენტები, რადგან ერთია – თუ როგორ ვხედავთ მათ საჭიროებებს ჩვენ და მეორეა – თუ როგორია სტუდენტების ხედვა.

მიმაჩნია, რომ პედაგოგის ყველაზე დიდი მოტივაცია მოდის იმ განცდიდან, როდესაც ხედავ, თუ როგორ ითვისებენ და ითავისებენ შენ მიერ გადაცემულ ცოდნას სტუდენტები, ავითარებენ და მერე უკვე გვიბრუნდებიან  როგორც ახალგაზრდა მეცნიერები ახალი ცოდნის შესაქმნელად.“

თქვენი საკანდიდატო ნაშრომი მეხსიერებაში სემანტიკური ინფორმაციის შენახვის ფორმებსა და მექანიზმებს ეხებოდა,  კიდევ რა თემატიკას მოიცავს თქვენი კვლევითი ინტერესები?

მზია წერეთელი: „პირველი ნაბიჯები კოგნიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებით გადავდგი, ჩემი ხელმძღვანელი და მასწავლებელი ქალბატონი დალი ფარჯანაძე იყო, რომელიც ახლაც ლექციებს კითხულობს და დღემდე ჩემთვის სანიმუშო ადამიანია. მასწავლიდა რევაზ ნათაძე, მასწავლიდნენ დიმიტრი უზნაძის ასპირანტები. ზოგადად, ჩემი კვლევების დროს ინტერპრეტაციისა და თეორიულ ჩარჩოდ ყოველთვის განწყობის თეორიას ვიყენებ. ჩემი პირველი კვლევის შედეგებმა ექსპერიმენტულად დაადასტურა განწყობის არსებობა კოგნიტიურად უფრო მაღალ დონეზე – მეხსიერებაში, მანამდე ფიქსირებული განწყობის მოქმედება  მხოლოდ აღქმის დონეზე იყო ექსპერიმენტულად დადასტურებული. შემდეგ დავინტერესდი გენდერის საკითხებით, ვმუშაობდი განათლების სფეროში ეროვნული შეფასებისა და ფსიქომეტრიკის მიმართულებით. ამდენად, როგორც ხედავთ, ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფერო საკმაოდ დიდია.

ამჯერად ჩემი კვლევითი ინტერესები დიგიტალურ სამყაროში ადამიანის თვითრეგულაციის საკითხს ეხება. აქტუალური თემაა, რადგან ამ ცნებაში იგულისხმება პროცესი, როდესაც ადამიანი თავად უწევს კოორდინირებას საკუთარ ქცევას ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისას. ცხოვრებაში ადამიანს ბევრი გამოწვევა ხვდება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, რომელთანაც გამკლავებაა საჭირო სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების გზით, მაგალითად, ხშირად  ვვარდებით სიტუაციაში, როდესაც არჩევანი გვაქვს – როგორ გამოვიყენო ონლაინ რესურსები? რომელ წყაროს დავეყრდნო? როგორ გადავანაწილო დრო, რესურსები? რომელ უმაღლესში გავაგრძელო სწავლა? ამა თუ იმ საქმის გაკეთება შემიძლია მხოლოდ მე თუ ვინმეს დახმარებით უფრო უკეთ გავაკეთებ? და ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი? ასეთ დროს თვითრეგულირება გვეხმარება აღნიშნული საკითხების მართვაში. ჩემი ინტერესია თვითრეგულირების მექანიზმის შესწავლა.“

კვლევა, სწავლება და ახლა უკვე დეკანის პოზიციაზე ადმინისტრაციული საქმიანობა  – რამდენად რთულია ამ სამი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიანობის შეთავსება?

მზია წერეთელი: „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არაჩვეულებრივი, საიმედო გუნდია შეკრებილი, რომელიც საკუთარ საქმეს კარგად ართმევს თავს და ეს, როგორც დეკანს, საშუალებას გაძლევს, რომ ყველაფერი კარგად დაგეგმო, გადაანაწილო. მუშაობა დაწყებული მაქვს განათლების ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და მუშაობის შედეგია. იმედი მაქვს, რომ საბოლოო, ადაპტირებული ვერსია მომავალ წელს დასრულდება.“

Facebook
Twitter
LinkedIn