მზისა ბუსკივაძის ახალი სიტყვა თურქოლოგიის განვითარებაში
თსუ თურქოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი მზისა ბუსკივაძე წელს თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი პრესტიჟული სამეცნიერო ორგანიზაციის – თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა… აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ თურქოლოგებს. სამთვიანი შესარჩევი პერიოდის შემდეგ საგრანტო პროექტი აღმოჩნდა გამარჯვებულთა ძირითად სიაში.
მზისა ბუსკივაძის ინფორმაციით, წლევანდელი საგრანტო კონკურსის თემა იყო თურქული ლიტერატურის სამი გამორჩეული ავტორი: იუნუს ემრე, ჰაჯი ბექთაშ ველი და მეჰმედ აკიფ ერსოი. საგრანტო პროექტის ფარგლებში სამეცნირო კვლევის მასალად კონკურსანტებს უნდა შეერჩიათ ისეთი საკითხი, რომელიც იქნებოდა ახალი სიტყვა თურქოლოგიის განვითარებაში.
„ჩემი საგრანტო პროექტი ითვალისწინებდა შუა საუკუნების გამორჩეულად საინტერესო თურქი პოეტის – იუნუს ემრეს ცნობილი მესნევის „დარიგებათა წიგნის“ (Risaletün Nushiyye) ქართულად თარგმანსა და კომენტირებას. მიუხედვად იმისა, რომ საქართველოში იუნუს ემრეს შესახებ მონოგრაფიის დონეზე სამეცნიერო ნაშრომები მოგვეპოვება (პროფესორ ელიზბარ ჯაველიძის მონოგრაფია ეხება იუნუს ემრეს მსოფლმხედველობის საკითხებს, პროფესორ შალვა გაბესკირიას ნაშრომი კი – პოეტის ენისა და ლექსიკის საკითხებს, იუნუს ემრეს ლექსები თარგმნილია ქართულ ენაზე) ჩემ მიერ შერჩეული ნაშრომის ირგვლივ ქართველ თურქოლოგებს აქამდე კვლევა არ ჩაუტარებიათ. უფრო მეტიც, თავად თურქეთშიც იუნუს ემრეს „დარიგებათა წიგნის“ თანამედროვე თურქულ ენაზე დამუშავება და სამეცნიერო კვლევები მხოლოდ 1990-იან წლებში დაიწყო. მასპინძელი უნივერსიტეტი საკვლევი თემიდან გამომდინარე თავად თურქეთის მეცნიერებათა აკადემიამ შეარჩია, სამეცნიერო ხელმძღვანელიც სფეროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ჩემი კვლევა განვახორციელე ქალაქ ნიღდეში, ომერ ჰალისდემირის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტმა შემიქმნა ყველანაირი პირობა მშვიდად მემუშავა ჩემს საგრანტო პროექტზე. უნივერსიტეტს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია იუნუს ემრეს შესახებ გამოცემული თითქმის ყველა ნაშრომი. თურქული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზია ავშარი გახლავთ იუნუს ემრეს მკვლევარი, მანვე 2016 წელს „დარიგებათა წიგნი“ თანამედროვე თურქულ ენაზე დაამუშავა და გამოსცა. მასთან და სხვა ლიტერატორებათნ კონსულტაციებისა და მუდმივი თანმაშრომლობის შედეგად ჩემ წინაშე დასმული რთული ამოცანა მარტივად დავძლიე. იუნუს ემრეს „დარიგებათა წიგნი“ დიდაქტიკური ხასიათის ნაშრომია, რომელიც რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას – სუფიზმის (ისლამური მისტიციზმი) სააზროვნო სისტემას ეფუძნება და შესაბამისი ცნებებით არის გაჯერებული. საკითხში სიღრმისეულად გარკვევის მიზნით თავად ძეგლის შესახებ მოვიძიე დიდძალი სამეცნიერო ლიტერატურა, ტექსტზე მუშაობისას კი უპირატესობა მივანიჭე ცნობილი თურქი პროფესორის იუნუს ემრეს ცნობილი მკვლევრის – მუსტაფა ტათჩის მიერ დამუშავებულ „დარიგებათა წიგნის“ ტექსტს. მუსტაფა ტათჩის მიერ გამოცემული ტექსტი სხვა ტექსტებთან შედარებით სრულია და სხვადასხვა ხელნაწერების გათვალისწინებით არის შექმნილი. ძეგლზე მუშაობისას ყურადღება მივაქციე სტრუქტურის თავისებურებას, რითაც იგი იმავე პერიოდის სხვა ძეგლებისგან გამოირჩევა.
კვლევაში მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმე ბიბლიური ალუზიებისა და ბიბლიური პერსონაჟების გაანალიზების საკითხსაც, ასევე განვმარტე თოთოეული ცნება და სიმბოლო. აღნიშნული კვლევა წარმატებით დასრულდა, რაც აღინიშნა თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ მუზაფერ შექერის მადლობის წერილით ჩემი და ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის წარდგენილი შუალედური და საბოლოო ანგარიშების გათვალისწინებით“, – აღნიშნავს მზისა ბუსკივაძე.
აღსანიშნავია, რომ მზისა ბუსკივაძე პროფესორ მუზაფერ შექერის მიწვევით იმყოფებოდა ანკარაში, მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ვრცლად ისაუბრეს საგრანტო პროექტზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გრანტის ფარგლებში ჩატარებული სამეცნიერო კვლევა და მესნევის თარგმანი წიგნის სახით უნდა დაიბეჭდოს.
„წიგნი შედგება შესავლის, სარჩევის, სამი თავისა და თავად ტექსტის თარგმანისგან, რომელსაც თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სიაც. თავად პოეტისა და ძეგლზე მუშაობისას ვისარგებლე უახლესი კვლევებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო კულტურული და გეოგრაფიული გარემო, რომელიც კვლევის ჩატარებაში დამეხმარა. ქალაქი ნიღდე მდებარეობს შიდა ანატოლიაში, მის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი კონია და ყარამანი, რომლებიც მისტიკური, ანუ სუფიური აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი კერები იყო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის უნივერსიტეტში ჩემი სამეცნიერო ვიზიტი პირველი არ ყოფილა, ცნობილი ლიტერატორების, იუნუს ემრეს შემოქმედებისა და ცხოვრების მკვლევართა პირადად გაცნობამ, აზრთა გაზიარებამ და თანამშრომლობამ მეტი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. საგრანტო პროექტზე მუშაობისას გამოიკვეთა სამომავლოდ დასამუშავებელი თემებიც და ქართველი და თურქი თურქოლოგების ერთობლივ პროექტებზე მუშაობის დიდი სურვილი.
პროექტის ფარგლებში მოვამზადე სამეცნიერო სტატია „იუნუს ემრეს მესნევის „დარიგებათა წიგნის“ რეცეფციის საკითხი“, რომელიც ცნობილი თურქოლოგის მეთინ ექიჯის საიუბილეო კრებულში დაიბეჭდება ნოემბრის ბოლოს.
ნიღდეს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ჰასან უსლუსთან შეხვედრისას გაჩნდა ინიციატივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიღდეს ომერ ჰალისდემირის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც სტუდენტების, ისე პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. ვფიქრობ, თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის საგრანტო კონკურსში გამარჯვება, პროექტის წარმატებით დასრულება მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის, იგი თურქოლოგიის კათედრის წარმატებაცაა. ვიმედოვნებ, შუა საუკუნეების ცნობილი თურქი მისტიკოსი პოეტის იუნუს ემრეს „დარიგებათა წიგნის“ ქართული თარგმანი და კომენტარები ქართული თურქოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ასევე, იგი დიდ ინტერესს აღძრავს, ზოგადად, თურქული ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანებშიც“, – ამბობს მზისა ბუსკივაძე.