მზექალა შანიძის 100 წლის იუბილეს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციაც მიეძღვნა

თარიღი: 2026-01-28 20:57:25

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილეს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციაც მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა მკვლევრების წახალისება და იმ სამეცნიერო ტრადიციის გაგრძელება იყო, რომელსაც მზექალა შანიძე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია ემსახურება.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორი დარეჯან თვალთვაძის თქმით, ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შემდეგ ჩაფიქრებული ჰქონდათ სტუდენტებისთვისაც მიეცათ საშუალება, რომ პროფესორ მზექალა შანიძისადმი თავიანთი დამოკიდებულება გამოეხატათ. .„ჩვენმა სტუდენტებმა წარადგინეს ძალიან საინტერესო და ფართო ასპექტით გაშლილი მოხსენებები. ფაქტობრივად, მოიცვეს ის მიმართულებები, რაზეც ქალბატონი მზექალა მთელი ცხოვრება მუშაობდა, თუმცა იყო განსხვავებული, ინტერდისციპლინური კვლევებიც. ყველა მოხსენება იყო იმედისმომცემი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მომავალი კარგ ხელშია. ეს ძალიან სასიხარულო იქნება ქალბატონი მზექალასთვის და ყველასთვის, ვინც ამ უნივერსიტეტში მეცნიერებას ემსახურება“, – აღნიშნა დეკანმა.

კონფერენციის თემატიკასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნინო პოპიაშვილმა. მისი თქმით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებმა, რომლებმაც ნაშრომები ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით წარმოადგინეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტმა სამეცნიერო მუშაობა ბაკალავრიატის საფეხურიდანვე დაიწყოს და შემდგომ უფრო და უფრო გაიღრმავოს ცოდნა. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის შემოსვლამ დღის წესრიგი შეცვალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების ინდივიდუალური წვლილისა და როლის გამოკვეთა. ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ სამეცნიერო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, საჭიროების შემთხვევაში ვარედაქტირებთ თეზისებს და ღიად ვესაუბრებით იმ საკითხებზე, რომლებიც გამოსასწორებელია“, – განაცხადა ნინო პოპიაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავს კონფერენციებში მონაწილეობა სტუდენტებს სტიპენდიების მოპოვებაშიც ეხმარება.

კონფერენციის ერთ-ერთი მოხსენება შეეხებოდა თემას – ,,სოხუმის დაცემა, როგორც თაობათაშორისი კულტურული ტრავმა”. კვლევა კულტურის კვლევების მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტმა, ქრისტინე მჟავანაძემ წარადგინა. როგორც სტუდენტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი თემის შერჩევა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიასა და საზოგადოებრივ მეხსიერებას შეეხებოდა. „მინდოდა გამომეკვლია, რატომ ფორმირდა სოხუმის დაცემა კულტურულ ტრავმად და როგორ ხდება ამ ტკივილის გადაცემა თაობიდან თაობაზე. ვხედავთ, რომ ახლანდელი თაობა, რომელიც დროსა და სივრცეში დაშორებულია ამ მოვლენას, მაინც გრძნობს თანაგანცდას. სხვადასხვა ნარატივი და ფოტომასალა არ აძლევს საზოგადოებას საშუალებას, ეს ტკივილი დაივიწყოს“, – აღნიშნავს ქრისტინე მჟავანაძე.

ღონისძიებაზე სტუდენტებმა მოხსენებები წარადგინეს შემდეგ თემებზე: ,,მზექალა შანიძე: ბიოგრაფიული გზა და წვლილი ქართულ ენათმეცნიერებაში” (სალომე ადამია, თათია მასურაშვილი), ,,ლუდვიგ ვიტგენშტეინის ენის ფილოსოფია” (თეკლა ბუაძე), ,,კატო მიქელაძის მოღვაწეობის ისტორიიდან” (ნაია ხაჩიშვილი, მარი ბაიდარაშვილი-ფარულავა), ,,ნიკო დადიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიიდან” (ნინო ახალაია), ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მთისა და ბარის სოფლების მეტყველება: ფონოლოგიური და მორფოლოგიური თვალსაზრისით შედარებითი ანალიზი” (მარიტა აშორტია) და სხვ.

კონფერენციის მონაწილეები ეწვივნენ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მოწყოფილ გამოფენასაც, სადაც პროფესორ მზექალა შანიძის პირადი ნივთები, ფოტოები, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა – წიგნები და ხელნაწერები იყო წარმოდგენილი.

Facebook
Twitter
LinkedIn