რას გვეუბნება მზექალა შანიძის მიერ განვლილი 100 წელიწადი?

თარიღი: 2026-01-28 20:30:19

„ამ გზით ვიარე 100 წელიწადი და რაც დამრჩა კიდევ გასავლელი, ისევ ამავე გზით ვივლი“, – ამბობს ქართული საენათმეცნიერო სკოლის გამოჩენილი ქართველი მეცნიერი მზექალა შანიძე, რომელსაც 100 წელი ამა წლის 16 იანვარს შეუსრულდა. მისი 100 წლის იუბილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნა. საზოგადოების უმეტესობამ უკვე იცის, რომ მზექალა შანიძე პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის, ქართული ენათმეცნიერების ფუძემდებლის, ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკის შემქმნელის აკაკი შანიძის ქალიშვილია. მიუხედავად ამისა, მზექალა შანიძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ პირადად არასოდეს გამოუყენებია მამის სახელი და რომ თავისი გზა თავად გაიკვალა. ,,ბევრჯერ მითქვამს, რომ მე 14 წლის ასაკში ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებას დავესწარი. რატომ? იმიტომ, რომ აკაკი თვლიდა, რომ უკვე ბავშვობიდანვე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც მიმართულება და რაღაცა გზა – სწორედ ამიტომ ვახლდი ივანე ჯავახიშვილის ლექციაზეც, რომელიც თბილისის უნივერსიტეტის ფუძემდებლისათვის ბოლო აღმოჩნდა. ეს მიმართულება და გზა მამაჩემმა თავად კი იპოვნა, მაგრამ იმაზეც ზრუნავდა, რომ შვილებიც დროულად დასდგომოდნენ საკუთარ გზას. 12 თუ 13 წლისა ვიყავი, როდესაც მომცა ბერძნული სახარება და, პარალელურად, ძველი ქართული ტექსტი და მითხრა: ასე იკითხეო. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგი მეთოდია ენის სწავლისა. აი, ასე ზრუნავდა მამა ჩვენს განათლებაზე და ივანე ჯავახიშვილის იმ უკანასკნელ ლექციაზეც იმიტომ წამიყვანა, რომ თვლიდა – 14 წლისა უკვე გარკვეული უნდა ვყოფილიყავი საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებში“, – ამბობს მზექალა შანიძე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.    

ცნობისთვის: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ემერიტუს-პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მზექალა შანიძე 1943 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1945 წელს გამოეყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც სემიტური ენების ჯგუფში სწავლობდა. 1948 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მზექალა შანიძე გახდა აკადემიკოს გიორგი წერეთლის ასპირანტი სემიტური ენების სპეციალობით. ასპირანტურის ორი წელი გაატარა სანკტ-პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში), სადაც ცნობილი მეცნიერების ლექციებს ისმენდა. 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,ფარინგალური ბგერების საკითხისათვის ძველ ებრაულ ენაში”, ხოლო 1974 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე – ,,ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები”, რომელიც 1979 წელს წიგნად გამოქვეყნდა.

მზექალა შანიძე 1952-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს შემდეგ სპეციალობებში: ძველი ებრაული ენა, სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკა, ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია. იგი 1983 წლიდან ლაბორატორია „ორიონის” ხელმძღვანელია.

მზექალა შანიძე ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერების შესასწავლად სამჯერ (1996, 2002, 2009 წლებში) იმყოფებოდა წმინდა ეკატერინეს მონასტერში სინას მთაზე და არის თანაავტორი (ზ. ალექსიძესთან, ლ. ხევსურიანთან და მ. ქავთარიასთან ერთად) სინის ახლადაღმოჩენილ ხელნაწერთა სამენოვანი კატალოგისა, რომელიც ათენში 2005 წელს გამოქვეყნდა. მისივე ნათარგმნია კატალოგის მთლიანი ინგლისური ტექსტი. პროფესორი აქტიურად მუშაობდა შვეიცარიულ-ქართული პროექტის – იაკობის ჟამის წირვის ქართული თარგმანის უძველეს ტექსტზე და მონაწილეობდა ბელგიურ-ქართული პროექტის – გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების განხორციელებაში. მისი რედაქტორობით ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად აღიარებული აკაკი შანიძის „ხალხური პოეზია“ ხელმეორედ გამოიცა.

მზექალა შანიძეს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე ნაშრომი ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. ნაწილი მისი ნაშრომებისა გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ (საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვ.).

                                    სიახლე, რომელსაც 100 წლის მზექალა შანიძე გვთავაზობს

მზექალა შანიძის ავტორობით სულ ახლახანს გამოიცა წიგნი – „ზანდუკელის საქმე: აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საბჭოთა საქართველოში“. მან აკაკი შანიძის არქივზე მუშაობისას აღმოჩენილ საარქივო მასალებზე დაყრდნობით შექმნა წიგნი, რომლის წარდგენასაც ჯერ კიდევ ელოდება საზოგადოება.

მზექალა შანიძე აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. ,,დიდი სამუშაო მაქვს გასაწევი“, – ამბობს დღეს იგი და აგრძელებს ეფრემ მცირეს შესახებ საინტერესო ხელნაწერებზე მუშაობას.  

                     მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სიტყვები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია  მიესალმა და მზექალა შანიძეს  დღეგრძელობა, ასევე, საინტერესო სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება  უსურვა. თსუ-ში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ-ს ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

ცნობისთვის: მზექალა შანიძე არის თბილისის საპატიო მოქალაქე; მას მიღებული აქვს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი; შრომის ვეტერანის მედალი (1987 წ.); აკაკი შანიძის სახელობის პრემია (1990 წ.); ღირსების ორდენი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (2010 წ.); შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (2013 წ.); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის გაეროს მიერ დაარსებული მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (2017 წ.); ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო სიგელი (2018 წ.); ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბრწყინვალების ორდენი (2019 წ.).

კონფერენციის გახსნისას რექტორმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მზექალა შანიძის ღვაწლზე ქართული მეცნიერების წინაშე და აღნიშნა: „ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი დონის მეცნიერი ჰყავს, ბედნიერია სტუდენტი, რომელსაც ასეთი დონის მასწავლებელი ჰყავს და ბედნიერია უნივერსიტეტი, რომელსაც ასეთი დონის პროფესორი ჰყავს“.

მისივე თქმით, საყოველთაოდ ცნობილ მეცნიერის ნაშრომთა შორის განსაკუთრებულია, ასევე, მისი  ნაშრომები დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ. რექტორის შეფასებით, ეს ნაშრომი ისტორიული წყაროს პუბლიკაციის უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს: „ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ისტორიული ტექსტის მეცნიერული დამუშავება და გამოცემა. ქალბატონმა მზექალამ თავისი მოღვაწეობით დაგვიწესა სტანდარტი, რომლის მნიშვნელობაც დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო მკაფიო ხდება“, – აღნიშნა რექტორმა.

ღონისძიება გახსნა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, რომელმაც თავის  სიტყვაში ხაზი გაუსვა დიდი მეცნიერის, მზექალა შანიძის საიუბილეო თარიღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის. ,,მზექალა შანიძე არის მართლაც ეპოქალური მნიშვნელობის ადამიანი. იშვიათია მეცნიერი, რომლის სახელი საზოგადოების ცნობიერებაში იმდენად მყარადაა დამკვიდრებული, რომ გვარის მოხსენიებაც კი ხშირად ზედმეტად მიიჩნევა. ქალბატონი მზექალა – ეს სახელიც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ აღვნიშნოთ – ესაა ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი საუკუნოვანი სიცოცხლე მიუძღვნა ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი საუნჯის სამსახურს: ქართულ ენას და ამ ენაზე შექმნილ კულტურულ მემკვიდრეობას“, – განაცხადა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. დეკანმა იუბილარს საჩუქრად გადასცა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის  ინსტიტუტის მიერ გამოცემული აკაკი შანიძის თხზულებათა  VII ტომი (სულ გამოიცემა თორმეტი ტომი). ამ წიგნის  რედაქტორიც თავად მზექალა შანიძეა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნა: „100 წელი არა მხოლოდ ბიოგრაფიული, არამედ ისტორიული მნიშვნელობის ეტაპია. მზექალა შანიძემ ეს გზა დიდი ღირსებითა და მაღალი პროფესიონალიზმით განვლო და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ძველი ქართული ხელნაწერების კვლევასა და მათი ფართო სამეცნიერო წრეებისთვის ხელმისაწვდომობაში. ქალბატონი მზექალა არის ბიბლიური ტექსტებისა და ფსალმუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მკვლევარი. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული ისტორიული ტექსტები, მათ შორის, „ქართლის ცხოვრება“, რომლის ახალი გამოცემის პროცესშიც მან გადამწყვეტი როლი შეასრულა“. როინ მეტრეველის შეფასებით, მზექალა შანიძე მხოლოდ წარსულზე ორიენტირებული მკვლევარი არ ყოფილა – იგი მუდმივად ზრუნავდა თანამედროვე ქართული ენის სიწმინდესა და  განვითარებაზე, რაც მზექალა შანიძის მოქალაქეობრივი პოზიციის ნათელ გამოვლინებად ითვლება.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დეპარტამენტის სახელით მიულოცა იუბილე დიდ მეცნიერს და ასე მიმართა მას: „ქალბატონო მზექალა, თქვენ განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით ქართველური ენობრივი სამყაროს, ძველი ქართული წერილობითი წყაროების, ქართული საენათმეცნიერო აზრის, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიისა და თანამედროვე ნორმების  კვლევისა და სწავლების საქმეში… თქვენ ცნობილი ხართ, როგორც ობიექტური შემფასებელი და მამის,  დიდი აკაკი შანიძის სამეცნიერო მემკვიდრეობის გამგრძელებელი. თქვენ აღზარდეთ სტუდენტთა მრავალი თაობის წარმომადგენელი, რომლებიც მადლიერებით გიხსენებენ, მუშაობენ, იკვლევენ და ასწავლიან ქართულ ენასა და კულტურას  საქართველოსა და უცხოეთში. დიდი მადლობა იმ შრომისთვის, რომელიც გასწიეთ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის  ექსპერტთა კომისიაში. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით და კვლავ ვიამაყებთ, რომ თქვენთან  ერთად ვმონაწილეობდით  სალიტერატურო ენის საკითხების  განხილვა-გადაწყვეტაში“.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა  თამარ ოთხმეზურმა  დიდი სიყვარულით მიულოცა  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უხუცეს თანამშრომელს, ქართული ფილოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ქართული ენისა და მწერლობის გამორჩეულ მკვლევარს, აკადემიკოს მზექალა შანიძეს დაბადებიდან 100 წლის იუბილე და  ცენტრის თანამშრომელთა სახელით მიმართა: „ქალბატონო მზექალა, თქვენი მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა განსაკუთრებულია ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ისტორიაში. თქვენ მიერ ძველი ქართული ენისა და მწერლობის კვლევის სფეროში დამკვიდრებული სამეცნიერო სტანდარტი, კრიტიკული მიდგომა საკვლევი მასალისადმი, დაუცხრომელი ინტერესი სიახლეების მიმართ მაღალი აკადემიური კულტურის გამოხატულებაა. თქვენ ჩვენთვის ხართ მეცნიერული კეთილსინდისიერების, პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი სიმტკიცის მაგალითი. თქვენ ბრძანდებით მუდამ ჭეშმარიტი ღირებულებების ერთგული, უფროსი მეგობარი და მასწავლებელი, ახალგაზრდობის ნამდვილი გულშემატკივარი. პატივს მივაგებთ თქვენს გამორჩეულ ცხოვრებასა და ღვაწლს და გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და სულიერ სიმტკიცეს.“

კონფერენციის გახსნაზე იუბილარს მიესალმნენ პროფესორები:  ბერნარდ უტიე,  რამაზ ქურდაძე,  მაია მანჯგალაძე და  მანანა თანდაშვილი, რომლებმაც დიდი ენათმეცნიერის შეუფასებელ წვლილზე ისაუბრეს ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.

                   იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები  

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ექვს სამეცნიერო სესიას. პლენარული სხდომა გახსნეს და მოხსენებები წაიკითხეს ცნობილმა გერმანელმა ენათმეცნიერმა, ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა  იოსტ გიპერტმა (დაუთარიღებელი ხელნაწერების დათარიღება: პირველი ათასწლეულის ქართული კოდექსები) და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ (არეოპაგიტული კორპუსის ეფრემ მცირისეული თარგმანი – „ვეფხისტყაოსნის“ ერთი პასაჟის უცნობი წყარო).

სესიებზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: აკაკი შანიძის ენათმეცნიერული სკოლა და მზექალა შანიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა“ (თინათინ ბოლქვაძე, თსუ);  „მიმართვის ჩვენებური წესი“ – მზექალა შანიძის სოციოლინგვისტური ნარკვევის შესახებ“ (სალომე ომიაძე, თსუ); მზექალა შანიძეძველი ქართული გრამატიკული აზრის მკვლევარი“ (ლია ქაროსანიძე,  თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი); მეფსალმუნე ქართული ენისა (მარინე ივანიშვილი, თსუ);  მზექალა შანიძის ნაშრომი ვაჟაფშაველას ენის შესახებ (რუსუდან ზექალაშვილი, თსუ), ომის ციკლისლექსები აკაკი შანიძისხევსურულ პოეზიაშიდა მათი თავისებურება(ხვთისო მამისიმედიშვილი, თსუ); „მცენარეთა სახელები აკაკი შანიძის ხელნაწერ ბარათებში და მათი მნიშვნელობა ქართული ნომენკლატურის ისტორიისათვის (ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი, დავით ჭელიძე, (თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი); საქმე მოციქულთასძველი ქართული თარგმანის ეფრემ მცირისეული რედაქციის ისტორიისათვის(დარეჯან თვალთვაძე, თსუ); ქართულიაპონური ლიტერატურული პარალელი (გიორგი ალიბეგაშვილი, იასუჰირო კოჯიმა, მამუკა ჭანტურაია, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია  პირველწოდებულის  სახელობის ქართული უნივერსიტეტი, თსუ); ქეთევან დედოფლის მოწამეობა ევროპულ პრესაში: 1731 წლის გერმანული ჟურნალის ნარატივი(დალი კანდელაკი, თსუ); დასაწყისის მზა ფორმულები ქართველურ ხალხურ ზღაპრებში: ენობრივი და ფუნქციური ანალიზი(მაია ლომია, რამაზ ქურდაძე, ქეთევან მარგიანი, ნინო ჭუმბურიძე, (თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თსუ) და სხვ.

20 იანვარს გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციაც, რომელზეც სტუდენტებმა  თავიანთი მოხსენებები წარადგინეს. პარალელურად თსუ-ს მუზეუმში მოეწყო გამოფენა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა აკადემიკოს მზექალა შანიძის პირადი ნივთები, ფოტოები და მისი მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა – წიგნები და ხელნაწერები.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და თსუ-ს მუზეუმი.

Facebook
Twitter
LinkedIn