გზა „ნამდვილ ექიმობამდე“

თარიღი: 2022-12-02 18:08:12

„როგორ გავხდე ექიმი გერმანიასა და ავსტრიაში?“ _  ახალგაზრდა მეცნიერმა, მედიცინის დოქტორმა, კარდიოლოგმა და გასტროენტეროლოგმა ალექსი მურჯიკნელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალ კოლეგებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და „პატარ-პატარა საიდუმლოებებიც“  ასწავლა.  

შეხვედრაზე ახალგაზრდა ექიმმა დეტალურად აუხსნა სტუდენტებს, თუ რა ეტაპების გავლა მოუწევთ მათ ევროპაში სამედიცინო ფაკულტეტზე  რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა მოემზადონ გამოცდებისათვის, რაზე უნდა გაამახვილონ სწავლების პროცესში ყურადღება, როგორ ხდება დიპლომის აღიარება,  როგორ მოიპოვონ სამუშაო უფლებები (Berufserlaubnis), რა თავისებურება აქვს გერმანულ რეზიდენტურას და სხვა.

ალექსი მურჯიკნელმა „ნამდვილ ექიმობამდე“ თავადაც საკმაოდ რთული გზა  გაიარა. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2009 წელს დაამთავრა, თუმცა,  სტუდენტობის პერიოდიდან მუშაობდა გულსისხლძარღვთა კლინიკაში დამხმარე ექიმის ასისტენტად, შემდეგ  კი ექიმ – ასისტენტად.

2012 წელს ალექსი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში, კერძოდ, მაგდებურგში გაემგზავრა, სადაც ჯერ გერმანული ენა შეისწავლა, შემდეგ კი დიპლომის აღიარებისთვის დაიწყო ბრძოლა. პარალელურად ის პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებდა. ბედი ბევრ სფეროში სცადა: ეს იყო კარდიოლოგია, პულმონოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნევროლოგია – ამ მიმართულებით გარკვეული პერიოდი მუშაობდა, ამის შემდეგ ახალგაზრდა ექიმმა მუშაობა ავსტრიაში, ვენის კარდიოლოგიურ და გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში ექიმად გააგრძელა, სადაც პარალელურად მუშაობდა დიპლომზე „ლეიკემია ორსულებში“, რომლის წარმატებით დაცვის შემდეგ დოქტორის ხარისხი მიიღო.

კარიერული განვითარების მიზნით, ახალგაზრდა ექიმი და მეცნიერი ამჟამად  ავსტრიაში, დიროლის მიწაზე, ქალაქ როიტერში, შინაგანი მედიცინის განყოფილებაში გასტროენტეროლოგ კარდიოლოგად მუშაობს.

ახალგაზრდა მეცნიერი თავისუფალ დროსაც შინაარსიანად ატარებს, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან საქართველოს ნაკრების წევრი იყო მსუბუქ ათლეტიკაში და საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა, თუმცა, დროის უქონლობის გამო, სპორტის მიმართულებით კარიერული სვლა შეწყვიტა, სამაგიეროდ, ამჟამად სერიოზულად არის ფოტოგრაფიით გატაცებული და თვლის, რომ ეს მისთვის ჰობზე მეტია. განსაკუთრებით უყვარს  ასტრონომია და ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა. ცხოვრობს აქტიური სპორტული ცხოვრებით, თუმცა, მისთვის მთავარი მაინც ის შორი და რთული გზაა, რომელიც აირჩია.  ალექსი ამბობს, რომ სრულყოფილი პროფესიული განვითარებისთვის ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი…

Facebook
Twitter
LinkedIn