„მუნიციპალური სამართალი – ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო“
ნაშრომი – „მუნიციპალური სამართალი – ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო“ – შემუშავებულ იქნა თსუ-ს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით მოღვაწე აკადემიური გუნდის მონაწილეობით, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით 18 თვის განმავლობაში. ნაშრომი მოცულობითია და შეადგენს 775 გვერდს. ნაშრომი პირველად გამოიცა 2023 წელს. ნაშრომის მეორე – 2024 წლის გამოცემაში – შევიდა ცვლილებები, რომელიც ასახავს საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეტანილ ცვლილებებს და მათ შეფასებას. აგრეთვე განხორციელდა ნაშრომის ცალკეული ნაწილების რედაქციულ-სტილისტური და შინაარსობრივი გადამუშავება.
ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე. ნაშრომის ცალკეულ ნაწილებზე აგრეთვე მუშაობდნენ ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ჭიღლაძე და ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილი.
ნაშრომის მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართლის განვითარების სფეროში, შეავსოს არსებული აკადემიური ნაშრომების მცირე რაოდენობა და წაახალისოს სამეცნიერო დისკუსია.

ნაშრომი განიხილავს და აანალიზებს მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამართალის სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის „სტანდარტებსა” და საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, ნაშრომი ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარების თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვას, ქარტიის ხელმომწერი – ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკის აღწერას და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ევროპის საბჭოს ორგანოების მიდგომებისა და რეკომენდაციების გადმოცემასა და განმარტებას.
სხვადასხვა საკითხის ანალიზისას წიგნში გამოყენებულია პრაქტიკული მაგალითები და შედარებები, რომლებიც მკითხველს შინაარსის სწორად გაგებაში დაეხმარება. საქართველოში არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული გარემოს შეფასებისას ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მწირი, თუმცა მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რაც ამ სფეროში პირველად განხორციელდა.
წიგნი სულ შედგება 15 თავისგან. თავები აგებულია შემდეგი სტრუქტურით: თავის პირველი ნაწილი ეძღვნება ძირითადი კონცეფციების, პრინციპებისა და ტერმინების განმარტებას, მეორე ნაწილი მიმოიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით დადგენილ სახელმძღვანელო სტანდარტებს, ხოლო მესამე ნაწილი აღწერს და აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას.
ნაშრომი განკუთვნილია როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო საფეხურის სტუდენტებისთვის, აგრეთვე შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სამეცნიერო წრეებისა და პრაქტიკოსი საჯარო მოხელეებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან უწევთ შეხება.
ავტორები შეეცადნენ მრავალწლიანი პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება გამოეყენებინათ მარტივი სტრუქტურის, შინაარსობრივად ტევადი და პრაქტიკული მაგალითებით დატვირთული ნაშრომის შესაქმნელად, რომელიც, ვფიქრობთ, განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მკითხველს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული ზოგიერთი რთული კონცეფციისა და პრაქტიკული საკითხის უკეთესად გასაგებად და შემდგომი სამეცნიერო დისკუსიის წასახალისებლად.
