თსუ-ში მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

თარიღი: 2026-06-18 20:47:05

მეცნიერებაში გადადგმული პირველი ნაბიჯები, მრავალფეროვანი აკადემიური დისკუსიები და სტუდენტური კვლევების გაზიარების პლატფორმა – თსუ-მ, ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის ფარგლებში, რიგით მე-16 საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა. პროექტი, სახელწოდებით „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“, წელს განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა: მასში ცხრა სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 214-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 149 მოხსენება წარადგინა.

კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ მიმართა. მან ხაზი გაუსვა პროექტის ინტერდისციპლინურ ბუნებას, რომელიც დაარსების დღიდანვე არ ყოფილა ჩაკეტილი მხოლოდ ჰუმანიტარულ სპეციალობებზე და დღეს თითქმის სრულად ასახავს იმ მდიდარ სპექტრს, რაც საუნივერსიტეტო სივრცეში ისწავლება.

თითქმის 20-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიების დაფუძნებისა და განვითარების ეტაპებზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” კონფერენციის ხელმძღვანელმა და ორგანიზატორმა, პროფესორმა თამარ პაიჭაძემ ისაუბრა: ,,პროექტი სათავეს 2008 წლიდან, საქართველოსთვის საკმაოდ რთული და მძიმე რეალობის პერიოდიდან, იღებს. თავდაპირველი იდეა შიდა ქართლიდან და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისა თუ პროფესორების საუნივერსიტეტო სივრცეში შემოკრებასა და საჯარო ლექციების ჩატარებას გულისხმობდა, რამაც საბოლოოდ მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენციის სახე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პირდაპირი საომარი კონფლიქტები აღარ არის, გადავწყვიტეთ, პროექტისთვის პირვანდელი სახელი, ისტორიული და სიმბოლური დატვირთვის გამო, მაინც შეგვენარჩუნებინა”.

წელს კონფერენციაზე 13 სექცია მუშაობდა, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა, საკითხები ეკონომიკის, პოლიტოლოგიის, სამართლის, მედიცინის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფილოლოგიის ჭრილში განეხილათ. თამარ პაიჭაძემ ყურადღება გაამახვილა კონფერენციის თაობათა შორის კავშირზე: „ძალიან ამაღელვებელია, როდესაც ამ დარბაზში ვხედავ ისეთ პიროვნებებს, რომლებიც წლების წინ სტუდენტობის ამპლუაში იყვნენ წარმოდგენილნი, ახლა კი უკვე პროფესორები, ასისტენტები და სექციის ხელმძღვანელები არიან. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას აქვს ძალიან სერიოზული და კარგი ისტორია“.

კონფერენციის ერთ-ერთი დანიშნულება სტუდენტური კვლევების წახალისება და საუკეთესო ნაშრომების გამოცემაა. სწორედ ამ მიზნით, 2010 წელს შეიქმნა ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,მერმისი”. ყოველწლიურ კრებულში, რომლის სახელწოდებაც სიმბოლურად მომავალს, ხვალინდელ დღეს ნიშნავს, კონფერენციის დასრულების შემდეგ საუკეთესო, ყველაზე რელევანტური და აკადემიურად გამართული სტუდენტური ნაშრომები იბეჭდება, რაც ახალგაზრდების შრომის დაფასების კიდევ ერთი მექანიზმია.

ღონისძიების შეჯამებისას, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ მადლობა გადაუხადა საორგანიზაციო კომიტეტსა და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი მოხსენებების წარდგენის პარალელურად, დრო და ენერგია კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებსაც დაუთმეს. სხვა მონაწილე სტუდენტებს კი დეკანმა აკადემიური ბიოგრაფიის შექმნის პროცესში გადადგმული პირველი ნაბიჯები კიდევ ერთხელ მიულოცა.

მე-16 საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერ კონფერენციაზე აუდიტორიამ შემდეგი მოხსენებები მოისმინა: „იურისტი, როგორც განმარტების აკრობატი” (დიმიტრი თეიმურაზიანი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);  „გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები” (მარიამ ჯალიაშვილი, ანა კრაველიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი); „გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში” (არტიომ ხოდაკი – ერევნის რუსულ-ამერიკული უნივერსიტეტი); „ფიჯიტალური მარკეტინგი: ციფრული და ფიზიკური გამოცდილების სინთეზი მომხმარებლის ლოიალობის ფორმირებაში” (ლუკა ნადირაშვილი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „ქართული მეწარმეობის როლი ევროკავშირის ქვეყნების კერამიკული ნაწარმით მომარაგებაში” (ლაშა გოგალაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „სითხური ბიოფსია: ინოვაციური ბიომარკერი ონკოლოგიურ დიაგნოსტიკაში” (მარი ლომიძე, ანნა შანავა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი); „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ორთოპედიულ და იმპლანტოლოგიურ სტომატოლოგიაში” (გასან მამედოვი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „სტრესის იმუნოლოგია” (ესმა მარგველაშვილი, ეკატერინე ცივაძე –- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „სოციალური გაუცხოება და კოლექტიური პასუხისმგელობის საკითხი ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ და ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ მიხედვით” (ნინო კაჭკაჭაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „ფინალის ეფექტი ო’ჰენრის ნოველებში: ირონია, მოულოდნელობა და ემოცია” (ნინო ვეფხვაძე, ბარბარე კაკაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „როკმუსიკა და ახალგაზრდული პროტესტი 1960-იან წლებში: ამერიკული და ბრიტანული გამოცდილება” (ანი დარბაისელი, მარიამ მირუაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „თბილისის არქიტექტურა საბჭოთა პერიოდში – იდეოლოგია და ურბანული სივრცე” (ნინო ბერიაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); „ბერიკაობა: კულტურული მემკვიდრეობა და მისი ტრანსფორმაცია” (მარიამ ცხოვრებაძე – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

Facebook
Twitter
LinkedIn