დაიბეჭდა მონოგრაფია „მწვანე ტრანსფორმაცია აგროსასურსათო სექტორში: ორგანული მეურნეობის ევროპული გამოცდილება და საქართველოს სტრატეგიული არჩევანი“
როდესაც ეკოლოგიურ გამოწვევებზე, ჯანსაღ საკვებსა და „მწვანე მომავალზე“ ვსაუბრობთ, ხშირად გვგონია, რომ ეს მხოლოდ შორეული ევროპული ქვეყნების საზრუნავია. თუმცა, რეალობა სხვაგვარია – იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და სოფლის მეურნეობაში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა დღეს უკვე აუცილებელი მოცემულობაა. როგორ უნდა ვაქციოთ ქართული მიწა უფრო მოსავლიანად, პროდუქტი კი – ჯანსაღად და კონკურენტუნარიანად ევროპულ ბაზარზე?
სწორედ ამ აქტუალურ და ყველასთვის მნიშვნელოვან კითხვებს პასუხობს ახალი, ფუნდამენტური მონოგრაფია: „მწვანე ტრანსფორმაცია აგროსასურსათო სექტორში: ორგანული მეურნეობის ევროპული გამოცდილება და საქართველოს სტრატეგიული არჩევანი“. წიგნის პრეზენტაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
ნაშრომის ავტორები არიან ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ეთერ ხარაიშვილი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბადრი გეჩბაია.

გამოცემა ეძღვნება თანამედროვე აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების, ორგანული მეურნეობის ევროპული გამოცდილების, მწვანე ეკონომიკის პრინციპებისა და საქართველოსთვის ამ მიმართულებით სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობების ანალიზს. მონოგრაფია მნიშვნელოვანია იმით, რომ აერთიანებს თეორიულ ხედვებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ქვეყნის აგროსასურსათო პოლიტიკისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესისთვის, სიღრმისეულად აანალიზებს აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, მწვანე ეკონომიკის ძირითად პრინციპებსა და ევროპულ პრაქტიკას.

ღონისძიება საზეიმოდ გახსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ტიტე აროშიძემ. თავის გამოსვლაში რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნაშრომის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სარგებლიანობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ წამყვან უმაღლეს სასწავლებელს – თსუ-სა და ბსუ-ს – შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე ქართული სამეცნიერო სივრცის განვითარებაში.
წარდგენილ მონოგრაფიასა და მის სამეცნიერო ღირებულებაზე ვრცლად ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა და დარგის ავტორიტეტულმა ექსპერტებმა: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბსუ-ის პროფესორმა ვანო პაპუნიძემ; თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ლობჟანიძემ, თსუ-ის პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გურამ ჯოლიამ.
გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ავტორებმა შეძლეს შეექმნათ ნაშრომი, რომელიც ერთნაირად საინტერესო და გამოსადეგი იქნება როგორც სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ისე გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დაკავებული პრაქტიკოსებისთვის.

წიგნის განხილვამ დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ აკადემიურ წრეებში, არამედ სამთავრობო და საკანონმდებლო შტოებშიც. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო აქტიურ ინტერდისციპლინურ დისკუსიას, რომელშიც ინტერესით ჩაერთნენ ბსუ-ის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
კოლეგების შეფასებით, პროფესორების – ეთერ ხარაიშვილისა და ბადრი გეჩბაიას –ერთობლივი მონოგრაფია კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯია ქართული აგრარული მეცნიერების ევროპიზაციის გზაზე, რაც საუკეთესოდ პასუხობს თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს და ჩვენს ქვეყანას მდგრადი განვითარების ახალ პერსპექტივებს უსახავს.
