საუნივერსიტეტო კვლევები ჯანდაცვის ეროვნული სისტემისათვის – 2025
,,საუნივერსიტეტო კვლევები ჯანდაცვის ეროვნული სისტემისათვის – 2025” – ამ სახელით გაიმართა კონფერენცია თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში. ღონისძიებაზე ინსტიტუტის მეცნიერებმა, თსუ-ს პროფესორებმა და დოქტორანტებმა, მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე, წელს ჩატარებული კვლევების მთავარი მიღწევები შეაჯამეს და ძირითადი მიგნებები წარმოადგინეს.
სამეცნიერო კონფერენცია მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ გახსნა. მან ისაუბრა „კონკურენტული ინოვაციების ფონდის“ (CIF) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც 2024-2025 წლებში განხორციელდა. მისასალმებელი სიტყვისას პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოლეკულური პათოლოგიის სფეროში კვლევების განვითარებასა და მოლეკულური პათოლოგიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსის შექმნაზე.
დამსწრე აუდიტორიამ პირველი მოხსენება სწორედ ზემოაღნიშნული სასწავლო პროგრამის შემუშავებისა და დანერგვის შესახებ მოისმინა. თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის გამგის, მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მიხეილ ჯანგავაძის თქმით, CIF-ის გრანტის ფარგლებში ინსტიტუტში შეიქმნა „მოლეკულური პათოლოგიის კვლევის ცენტრი“, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის, გენეტიკური ანალიზის აპარატურით. ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სტუდენტებს საშუალებას მისცემს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.

პროფესორმა მიხეილ ჯანგავაძემ ხაზი გაუსვა ახალი სასწავლო კურსის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თანამედროვე მედიცინაში, დიაგნოსტიკის გარდა, მკურნალობის ტაქტიკაც (მაგალითად, სიმსივნის დამიზნებითი მოლეკულური თერაპია ან მედიკამენტების დოზირება) გენეტიკურ კვლევებს ეფუძნება. „დღეს პრობლემა ისაა, რომ ექიმები ხშირად იღებენ ტესტის პასუხს გენურ მუტაციაზე, მაგრამ არ იციან ამ შედეგების ინტერპრეტაცია, რადგან ეს მათთვის არავის უსწავლებია. არადა, მკურნალობის მეთოდებში სიახლე სწორედ ამ ცოდნას ეფუძნება – მაგალითად, სისხლის გამათხელებელი მედიკამენტის, ვარფარინის დოზირებაც კი გენეტიკაზეა დამოკიდებული და წინასწარი ტესტით უკვე ზუსტად იცი, რა დოზა სჭირდება პაციენტს“, – გვითხრა პროფესორმა მიხეილ ჯანგავაძემ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ორიგინალური შაქრის – „შაქარი მარგებელის“ ეფექტიანობის კვლევების პრეზენტაცია. გამოყენებითი მეცნიერებების განვითარების ლიგის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნუგზარ ჯოგლიძემ სუფრის შაქართან შედარებით „შაქარი მარგებელის“ უპირატესობებზე ისაუბრა. მისი თქმით, 1 კოვზი ,,შაქარი მარგებელი” 6 კოვზი ჩვეულებრივი შაქრის ტოლია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებაა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესინჯათ ამ პროდუქტის გამოყენებით დამზადებული ტკბილეული, ნაყინი, წვენები.
გახსნაზე წარმოდგენილი მოხსენებების შემდეგ კონფერენცია გაგრძელდა ორი სიმპოზიუმით, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. პირველი მოიცავდა მოლეკულურ პათოლოგიასთან დაკავშირებულ კვლევებს, მეორე კი ეხებოდა მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ მოწოდებულ ინოვაციებს მეცნიერებისა და მოსახლეობის სამსახურში.
გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი“ ესაუბრა ერთ-ერთ მომხსენებელს, კლინიკურ ონგოლოგსა და თსუ-ს დოქტორანტს, ნინო ვარდიაშვილს, რომლის მოხსენებაც საკვერცხის კიბოს მკურნალობის თავისებურებებს შეეხებოდა. მისი თქმით, პაციენტისადმი პერსონალიზებული მიდგომა უფრო ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა. სტანდარტული მიდგომით, სიმსივნის შორსწასული ფორმების დროს გადარჩენადობის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა გენეტიკური კვლევების მეთოდმა (Next Generation Sequencing) სრულიად ახალი სურათი აჩვენა.
„ჩვენ გავაკეთეთ გენეტიკური რუკა, სადაც 300-ზე მეტი გენი გაანალიზდა. შედეგად, კონკრეტულ ინდივიდებში აღმოვაჩინეთ ისეთი მუტაციები, რომელთა შესახებაც ინფორმაციას არ ვფლობდით. ამ მუტაციების შესაბამისი მკურნალობის გამოყენებამ კი ეფექტი მოგვცა და გაზარდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს სტანდარტული მკურნალობით ვერ მოხერხდებოდა“, – აღნიშნა ნინო ვარდიაშვილმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა თირკმლის სიმსივნის ადრეულ დიაგნოსტიკას ეხებოდა. ექიმ-უროლოგმა და თსუ-ს დოქტორანტმა გივი კობერიძემ აუდიტორიას ახალი პოტენციური ბიომარკერის (microRNA) შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის იზოლირებაც შესაძლებელია როგორც თირკმლის სიმსივნის ქსოვილში, ასევე ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებში.
„თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ბიოლოგიური მარკერი საკმარისია თირკმლის სიმსივნის საიმედო დიაგნოსტიკისთვის, ეს აგვაცილებს ბევრ არასაჭირო ქირურგიულ ჩარევას და დაავადებას გამოვავლენთ უფრო ადრეულ ეტაპზე“, – აღნიშნა გივი კობერიძემ ჩვენთან საუბარში.
პროფესორ დიმიტრი კორძაიას თქმით, თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე პროცესები, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში მოლეკულური პათოლოგიის სფეროში კვლევების განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შრომის ბაზრის პროფესიული კადრებით დაკომპლექტებაზე. მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იმედოვნებს, რომ ინსტიტუტის მკვლევართა მიერ შემუშავებული ინოვაციური მიდგომები მალე პოვებს აღიარებას და სრულად ჩადგება ქვეყნის სამსახურში.
