ალექსანდრე ნათიშვილიდან თანამედროვე ბიომედიცინამდე — მორფოლოგიის ინსტიტუტის 80 წელი

თარიღი: 2026-10-14 17:09:07

მეცნიერული ტრადიციის რვა ათეული წელი

1946 წელს, აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის ინიციატივით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა. ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული მეცნიერების ისტორიაში — შეიქმნა სპეციალიზებული სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის აგებულების, განვითარების, ფუნქციური და პათოლოგიური ცვლილებების კვლევა უნდა გაეღრმავებინა.

რვა ათეული წლის შემდეგ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია. მისი საქმიანობა დღეს კლასიკური მორფოლოგიის საზღვრებს სცდება და მოიცავს თანამედროვე ბიოსამედიცინო მეცნიერების მრავალ მიმართულებას — ექსპერიმენტულ და კლინიკურ პათოლოგიას, ორგანოთა რეგენერაციასა და ტრანსპლანტაციას, მოლეკულურ და ციფრულ კვლევებს, გერონტოლოგიასა და პალიატიურ მედიცინას.

ადამიანი, რომლის მოღვაწეობაც ქართული სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების ჩამოყალიბების ისტორიასთან განუყოფლად არის დაკავშირებული

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნათიშვილი 1878 წელს თბილისში დაიბადა. თბილისის ვაჟთა მესამე კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო. მისი პროფესიული საქმიანობა ადრევე დაუკავშირდა პრაქტიკულ მედიცინას, სამეცნიერო კვლევასა და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1907 წლიდან მუშაობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრაზე. ახალგაზრდა მეცნიერის კვლევებმა საერთაშორისო პროფესიული აღიარება მოიპოვა: ანატომიური ანომალიებისადმი მიძღვნილი ნაშრომებისთვის მას ამალია და ვენცელ გრუბერების სახელობის სტიპენდია მიენიჭა. 1917 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც სიცოცხლის პირველ წელს ბავშვთა ბრმა და მსხვილი ნაწლავის მორფოლოგიას ეხებოდა.

ნათიშვილის ცხოვრებაში გადამწყვეტი ეტაპი 1918 წელს დაიწყო, როდესაც ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების მოწვევით საქართველოში დაბრუნდა. იმავე წლის აგვისტოში ალექსანდრე ნათიშვილი ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგედ აირჩიეს. სწორედ მან წაიკითხა ანატომიის პირველი ლექცია ქართულ ენაზე და ამით საფუძველი ჩაუყარა ქართული საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებისა და ეროვნული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარებას.

მომდევნო ათწლეულებში მისი პედაგოგიური და საორგანიზაციო საქმიანობა განსაკუთრებული მასშტაბით გაიშალა. ხელმძღვანელობდა ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის, ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრებს; მონაწილეობდა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-სასწავლო ბაზის ჩამოყალიბებაში. 1920–1922 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.

მისთვის ანატომია მხოლოდ სამედიცინო დისციპლინა არ ყოფილა. ნათიშვილი ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის სწავლებას თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ანატომიის კათედრებს ზოოვეტერინარულ და ფიზკულტურის ინსტიტუტებში. ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში მან ანატომიური მუზეუმიც შექმნა.

მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა ასაკობრივ ანატომიას, ანთროპოლოგიას, ადამიანის ფიზიკურ განვითარებას, საჭმლის მომნელებელი და სისხლძარღვოვანი სისტემების მორფოლოგიას. ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების კვლევის საფუძველზე შეიმუშავა საბავშვო ავეჯის სტანდარტები; საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური მონაცემების შესწავლით კი მნიშვნელოვანი მასალა შექმნა ქვეყნის მოსახლეობის ფიზიკური თავისებურებებისა და ეთნოგენეზის კვლევისთვის.

ნათიშვილი აქტიურად მონაწილეობდა პრაქტიკული მედიცინის განვითარებაშიც. 1924 წელს დაინიშნა აბასთუმნის პირველი ტუბსანატორიუმის დირექტორად და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კურორტის აღდგენაში.

მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო ინსტიტუტად ჩამოყალიბების შემდეგ ალექსანდრე ნათიშვილი ხელმძღვანელობდა ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრას. მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ავტორიტეტი ფართოდ იყო აღიარებული. 1940 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1944 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა აკადემიის ბიოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებათა განყოფილებას, იყო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მონაწილეობდა სამეცნიერო საზოგადოებებისა და პროფესიული გაერთიანებების საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა საქართველოს წითელი ჯვრის ცენტრალურ კომიტეტს და თბილისის ანატომიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის საზოგადოებას.

თუმცა მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგად მაინც დამოუკიდებელი მორფოლოგიური სამეცნიერო ცენტრის შექმნა იქცა.

ინსტიტუტის დაარსება

1946 წელს ალექსანდრე ნათიშვილის ინიციატივით დაარსებულმა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტმა ახალი შესაძლებლობები შექმნა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის. თავად ნათიშვილი სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა სამეცნიერო მუშაობას. მისი უკანასკნელი პერიოდის კვლევები ეხებოდა მსხვილი ნაწლავის მორფოლოგიას, ნაწლავის ვასკულარიზაციას, მეკელის დივერტიკულის პათოლოგიასა და კოლიტების მორფოლოგიურ საფუძვლებს.

ალექსანდრე ნათიშვილი 1959 წლის 3 მაისს გარდაიცვალა. მისი სახელის უკვდავსაყოფად ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში დაარსდა მისი სახელობის სტიპენდია, მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა მის მიერ შექმნილი სამეცნიერო სკოლა აღმოჩნდა — მკვლევართა თაობები, რომლებმაც განავითარეს მის მიერ დაწყებული საქმე.

რვა ათეული წლის განმავლობაში ინსტიტუტში ჩამოყალიბდა და განვითარდა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულება, გაფართოვდა კვლევის მეთოდოლოგია, დაგროვდა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების გამოცდილება. კლასიკური ანატომიური და ჰისტოლოგიური კვლევების გვერდით თანდათან დამკვიდრდა ექსპერიმენტული პათოლოგიის, ელექტრონული მიკროსკოპიის, რეგენერაციული მედიცინისა და სხვა თანამედროვე მიმართულებები.

ალექსანდრე ნათიშვილის მიერ დაწყებული საქმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მორფოლოგიის ინსტიტუტს. მისი მოღვაწეობის პერიოდში ინსტიტუტი ჩამოყალიბდა მრავალპროფილურ სამეცნიერო ცენტრად, სადაც კლასიკური მორფოლოგიური კვლევების პარალელურად ვითარდებოდა ექსპერიმენტული პათოლოგია, ელექტრონული მიკროსკოპია, უჯრედული და ქსოვილოვანი კვლევები, გერონტოლოგია და სხვა მიმართულებები.

გაფართოვდა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, დაინერგა კვლევის ახალი მეთოდები, ჩამოყალიბდა სამეცნიერო სკოლები და აღიზარდა მკვლევართა არაერთი თაობა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ინსტიტუტში ტრანსპლანტაციისა და ორგანოთა შენარჩუნების პრობლემებთან დაკავშირებული პირველი ექსპერიმენტული კვლევებიც — მიმართულება, რომელიც დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე ვითარდება. ნინო ჯავახიშვილის ხელმძღვანელობის წლები ინსტიტუტის ისტორიაში სამეცნიერო შესაძლებლობების გაფართოების, ახალი მიმართულებების დამკვიდრებისა და საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი ეტაპია.

თანამედროვე ინსტიტუტი — მეცნიერება პრაქტიკული მედიცინის სამსახურში

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამედროვე მისიაა ადამიანის ორგანიზმის ნორმალური და პათოლოგიური მდგომარეობების მორფოლოგიური და მოლეკულური საფუძვლების შესწავლა, თანამედროვე კვლევითი მეთოდების განვითარება და მიღებული ცოდნის სამედიცინო განათლებასა და კლინიკურ პრაქტიკასთან დაკავშირება.

ინსტიტუტში ფუნქციონირებს სამი ძირითადი დეპარტამენტი: კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის; კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების; გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის. მათ საქმიანობას ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ემსახურება.

ინსტიტუტის საშტატო განრიგი 60 ერთეულს მოიცავს, მათ შორის — 35 სამეცნიერო და 25 დამხმარე პერსონალის საშტატო ერთეულს. კვლევითი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების, სამეცნიერო გრანტების, სახელშეკრულებო სამუშაოებისა და სადოქტორო კვლევების ფარგლებში.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინსტიტუტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმრავლესობა საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმებზე ინდექსირებულ ჟურნალებში დაიბეჭდა.

თანამედროვე კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ორგანოთა რეგენერაციისა და ტრანსპლანტაციის პრობლემებს, ქსოვილოვანი დაზიანებისა და აღდგენის მექანიზმების შესწავლას, მოლეკულურ პათოლოგიას, ელექტრონულ მიკროსკოპიასა და ექსპერიმენტულ მოდელირებას.

ამასთანავე, ინსტიტუტი ცდილობს, ფუნდამენტური კვლევის შედეგები პრაქტიკული მედიცინის საჭიროებებს დაუახლოოს. ინსტიტუტის უ. გაბუნიას სახელობის პათოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრი აქტიურად არის ჩაბმული კლინიკურ ჰისტოპათოლოგიურ და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში. კლინიკურ დაწესებულებებთან თანამშრომლობით ტარდება ქსოვილოვანი მასალის ჰისტოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულური კვლევები, რომლებიც მნიშვნელოვანია დაავადებათა, განსაკუთრებით სიმსივნური პათოლოგიების, ზუსტი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის.

ახალი ინფრასტრუქტურა — ახალი შესაძლებლობები

ბოლო წლებში ინსტიტუტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება გახდა. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ვივარიუმისა და გერონტოლოგიის შენობებს, გარემონტდა ძირითადი კორპუსი. სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილმა თანხებმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა.

განახლებულ სივრცეებში მოეწყო თანამედროვე ვივარიუმი და ოთხი ახალი კვლევითი ლაბორატორია — მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიის, ქსოვილოვანი კულტურების, ნანოტექნოლოგიისა და ციფრული მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებებით.

ამავე ბაზაზე შეიქმნა მოლეკულური პათოლოგიისა და ტრანსლაციური ნეირომეცნიერების საუნივერსიტეტთაშორისო ლაბორატორიები. სასწავლო პროგრამებში დაინერგა შესაბამისი კურსები და მომზადდა საუნივერსიტეტთაშორისო სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები.

ეს ცვლილებები ინსტიტუტს საშუალებას აძლევს, უფრო აქტიურად ჩაერთოს თანამედროვე ბიოსამედიცინო კვლევებში და ხელი შეუწყოს სამეცნიერო თანამშრომლობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საერთაშორისო თანამშრომლობა და ახალი სამეცნიერო მიმართულებები

თანამედროვე ბიოსამედიცინო მეცნიერების განვითარება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია.

ინსტიტუტის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა სამხრეთ კორეის სანგჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა პირველადი მილოვანი სისტემის — Primo Vascular System (PVS) — შესწავლის მიზნით. ქართველმა და კორეელმა მკვლევრებმა განახორციელეს ერთობლივი ექსპერიმენტული კვლევები ამ სისტემის ინტრალიმფური კომპონენტების გამოსავლენად.

საერთაშორისო პარტნიორობა მნიშვნელოვანია ორგანოთა რეგენერაციის, ტრანსპლანტაციის, ექსპერიმენტული მოდელირებისა და სხვა მიმართულებებისთვისაც. თანამშრომლობა ხელს უწყობს ახალი მეთოდების დანერგვას, მკვლევართა პროფესიულ განვითარებასა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.

მეცნიერება სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის

ინსტიტუტის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია გერონტოლოგიასა და პალიატიურ მედიცინას. 2023–2026 წლებში გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტმა განახორციელა საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სისტემის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური შეფასება. კვლევის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს 415 ონკოლოგიური ინკურაბელური პაციენტის კლინიკურ, ფუნქციურ და ფსიქოსოციალურ მახასიათებლებს.

კვლევამ გამოავლინა პაციენტთა სიმპტომური ტვირთის მნიშვნელოვანი თავისებურებები და საფუძველი შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებისთვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამედიცინო პერსონალის ტრენინგები, ხოლო მიღებული შედეგები გამოყენებულ იქნა ახალი საერთაშორისო საგრანტო ინიციატივების მოსამზადებლად.

მომავლის ხედვა — ეროვნული ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრი

80-წლიანი ისტორიის მქონე ინსტიტუტის განვითარების სტრატეგია ემყარება სამეცნიერო ტრადიციას, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, საერთაშორისო პარტნიორობასა და ტრანსლაციური კვლევების გამოცდილებას. მისი მთავარი მიზანია, ჩამოყალიბდეს ეროვნული მნიშვნელობის ბიოსამედიცინო კვლევით, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ ცენტრად.

ამ ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გაზიარებული ბიოსამედიცინო კვლევითი ინფრასტრუქტურის ეროვნული ცენტრის შექმნა, რომელიც ინსტიტუტის რესურსებს ხელმისაწვდომს გახდის საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო დაწესებულებებისთვისაც.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა მეცნიერებს — საუნივერსიტეტთაშორისო სადოქტორო და პოსტსადოქტორო კვლევითი ცენტრის განვითარებას, ერთობლივ სადოქტორო პროექტებს, საერთაშორისო თანახელმძღვანელობასა და აკადემიური მობილობის პროგრამებს.

მომავლის კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი ექნება მოლეკულურ დიაგნოსტიკას, ახალი თაობის სეკვენირებას, ბიოინფორმატიკას, ციფრულ პათოლოგიასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. დაგეგმილია საერთაშორისო კვლევით კონსორციუმებსა და ევროპულ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის გაფართოება.

ამავე დროს, გაგრძელდება გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის განვითარება, ჯანმრთელი დაბერების მიმართულებით კვლევები, ეროვნული მონაცემთა ბაზების შექმნა და ინსტიტუტის სამეცნიერო მემკვიდრეობის დიგიტალიზაცია.

80 წელი — ისტორია, რომელიც გრძელდება

ალექსანდრე ნათიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ მორფოლოგიურ მეცნიერებას, შექმნა სამეცნიერო სკოლა და დააარსა ინსტიტუტი, რომლის საქმიანობაც დღეს თანამედროვე ბიოსამედიცინო კვლევების ფართო სპექტრს მოიცავს.

რვა ათეული წლის განმავლობაში შეიცვალა კვლევის მეთოდები, ტექნოლოგიები და მეცნიერების შესაძლებლობები, მაგრამ უცვლელი დარჩა მთავარი მიზანი — ადამიანის ორგანიზმისა და დაავადებათა ბუნების უკეთ შეცნობა და მიღებული ცოდნის ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ გამოყენება.

დღეს ინსტიტუტის წინაშე ახალი ამოცანები დგას: თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უფრო აქტიური ინტეგრაცია, ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა და ფუნდამენტური მეცნიერების პრაქტიკულ მედიცინასთან დაახლოება.

ალექსანდრე ნათიშვილის მიერ დაწყებული საქმე გრძელდება.

მორფოლოგიის ინსტიტუტის 80 წელი მხოლოდ წარსულის შეჯამება არ არის — ეს არის მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც ახალი აღმოჩენებისა და მომავალი თაობების შესაძლებლობად უნდა იქცეს.

Facebook
Twitter
LinkedIn