2025 წლის მთავარი მიღწევები თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში
თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში 2024-2025 წლებში სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობდა „კონკურენტული ინოვაციების ფონდის“ (CIF) მიერ დაფინანსებული 2 პროექტის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 7 პროექტის (2 – „ფუნდამენტური კვლევების გრანტი“, 2 – „ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტი“, 3 –„დოქტორანტურის გრანტი“) ფარგლებში, ასევე ინსტიტუტის ტრადიციულ სამეცნიერო თემატიკაზე.
ინსტიტუტში მიმდინარე კვლევები მოიცავს:
- ღვიძლის რეგენერაციის და გადანერგვის საკითხებს, მათ შორის გადასანერგი ღვიძლის მანქანური პერფუზიით ex-situ შენახვის (პრეზერვაციის) პირობებში ღვიძლის რეგენერაციის შესაძლებლობის დადასტურებას. ამ ინოვაციური ჰიპოტეზის შემოწმება მიმდინარეობს უცხოელ ექსპერტთა (პროფესორი ლევენეკი გრონინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან /ნიდერლანდები/ და პროფესორი პადილო – სევილიის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკიდან /ესპანეთი/) ჩართულობით. ღვიძლის ex-situ პერფუზიისათვის გამოყენებულია მორფოლოგიის ინსტიტუტში ნ. ხოდელის და ზ. ჩხაიძის (მოულოდნელად გარდაიცვალა 2025 წელს) მიერ შექმნილი ორიგინალური კონსტრუქციის ტუმბო (დაპატენტებულია საქართველოს ეროვნული პატენტით). რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტებით დაფინანსებულია როგორც აღნიშნული ტუმბოს შემდგომი ავტომატიზაციის, ისე ჰიპოტეზის შემოწმების კვლევები;
- კვლევებს ნანოტექნოლოგიების გამოყენებით. ნანოტექნოლოგიების დანერგვა თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტში უკავშირდება გიორგი ფიჩხაიას სახელს, რომელიც 2025 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ კვლევების ფარგლებში ხორციელდება: ნანონაწილაკების ჩართვით ტუბერკულოზის რეზისტენტულ შტამებზე „ძველი თაობის“ ანტიბიოტიკების ზემოქმედების ეფექტის გაზრდის კვლევა; მხოლოდ ფიზიკურ პროცესებზე დაფუძნებული „წყლის გაწმენდის“ ტექნოლოგიის შემუშავება, ასევე „გაწმენდილი წყლის“ გამოყენებით ცხოველებზე და მცენარეებზე გამოვლენილი დადებითი ეფექტების კვლევა;
- ჰეპატო-პანკრეატო-ბილიური (ღვიძლის-პანკრეასის-ნაღვლის სადინარის) ზონის მიდამოს პათოლოგიათა მოდელების კვლევებს;
- ორიგინალური შაქრის – „შაქარი მარგებელის“ (დაპატენტებულია საქართველოს ეროვნული პატენტით) ეფექტიანობის კვლევებს ექსპერიმენტში და კლინიკაში;
- ნერვული, სისხლძარღვოვანი, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების კვლევებს როგორც ექსპერიმენტში, ისე კლინიკური პათოლოგიების დროს;
- პირველადი მილოვანი სისტემის (Primo Vascular System) კვლევებს (თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც მხარი აუბა კორეელ მეცნიერთა მიერ აღმოჩენილ ამ ახალი სისტემის კვლევას).
განსაკუთრებით აღსანიშნავია მორფოლოგიის ინსტიტუტში მოლეკულური პათოლოგიის სფეროში კვლევების განვითარება და მოლეკულური პათოლოგიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსის შექმნა.
,,ადამიანის გენეტიკის შესახებ ცოდნის გამოყენება მედიცინაში დაიწყო „ადამიანის გენომის პროექტის“ (1987-2003 წლები) იმპლემენტაციის შემდეგ, რამაც მკვლევრებს საშუალება მისცა გაეშიფრათ ადამიანის გენომი და აეხსნათ სხვადასხვა დაავადების მოლეკულური საფუძვლები. ამ მოვლენამ საფუძველი ჩაუყარა მედიცინაში ახალი ერის – ,,მოლეკულური პათოლოგიის” ეპოქის დასაწყისს. ადამიანის გენომის პროექტით მიღებულმა მონაცემებმა პირველი შედეგი უკვე 1996 წელს მოგვცა, როდესაც ბაზარზე გაჩნდა პირველი გენეტიკური ტესტირების სისტემა – BRACAnalysis – ძუძუს და საკვერცხის მემკვიდრეობითი სიმსივნეების დასადგენად.
სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ დასაფინანსებლად მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფამ განაპირობა ადამიანის დაავადებების მოლეკულური პათოლოგიის შესახებ ცოდნის ექსპონენციური ზრდა. ამჟამად, მოლეკულური დიაგნოსტიკა, დამიზნებითი („ტარგეტული“) მოლეკულური თერაპია და გენეტიკური თერაპია წარმატებით ხორციელდება ბევრ სამედიცინო ცენტრში. მაგრამ, მოლეკულური პათოლოგიის სფეროს სწრაფმა ზრდამ მწვავედ წარმოაჩინა ამ მიმართულებით სპეციალისტების დეფიციტის პრობლემა და, შესაბამისად, სამედიცინო განათლების ნაკლოვანებები: ტრადიციული სასწავლო კურსები მოლეკულურ ბიოლოგიაში წარმოადგენს საბაზისო მეცნიერებას და ძნელია აქ მიღებული ცოდნის ტრანსფორმაცია კლინიკური მედიცინის სფეროში; სამედიცინო დისციპლინების სილაბუსებში კი მოლეკულური პათოლოგიის საკითხები შეზღუდულადაა წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელი ხდება ისეთი სასწავლო კურსების შექმნისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა, რომელიც შეავსებს ნაპრალს საბაზისო მეცნიერებასა და კლინიკურ პრაქტიკას შორის. ასე გაჩნდა მსოფლიოში მედიცინის და ბიოტექნოლოგიის სასწავლო პროგრამებში მოლეკულური პათოლოგიის კურსის დამატების ტენდენცია, რომელიც მოიცავს როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის, რეზიდენტის და დოქტორანტის მომზადების კურსებს“, – აღნიშნავს მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დიმიტრი კორძაია.
თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში, თსუ-ს პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრასთან თანამშრომლობით, CIF გრანტით დაფინანსდა პროექტი „მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“ (ხელმძღვანელი – პროფესორი მ. ჯანგავაძე). პროექტის ფარგლებში შეიქმნა მოლეკულური პათოლოგიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსი, რომელშიც გათვალისწინებულია მოწინავე ევროპული სამედიცინო სკოლების გამოცდილება და მოლეკულური პათოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტთა რეკომენდაციები. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა და თანამედროვე სამეცნიერო აპარატურით აღიჭურვა ინსტიტუტის მოლეკულური ლაბორატორიის ინფრასტუქტურა, ჩამოყალიბდა მოლეკულური გენეტიკის, ქსოვილოვანი კულტურების და ელექტროფორეზის ლაბორატორიები, განვითარდა ბიოინფორმატიკისა და ხაზოვანი ლაბორატორიული ცხოველების ექსპერიმენტული ბაზა. აღნიშნულ ბაზაზე უკვე ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 3 სადოქტორო და 2 ახალგაზრდა მეცნიერის კვლევითი პროექტი. დაგეგმილია 4 სადოქტორო კვლევითი პროექტის განხორციელება.
დიმიტრი კორძაიას თქმით, თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე პროცესები, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში მოლეკულური პათოლოგიის სფეროში კვლევების განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შრომის ბაზრის პროფესიული კადრებით დაკომპლექტებაზე.
წელს მორფოლოგიის ინსტიტუტმა უმასპინძლა გერმანელ, კორეელ და ინგლისელ მეცნიერებს; ინსტიტუტის 9 თანამშრომელი სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთში (ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია ვიზიტი უზბეკეთში); ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო 3 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზებაში (კიდევ ერთი კონფერენციის მოწყობა დაგეგმილია ა.წ. 4 დეკემბერს).
2024-2025 წელს მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნდა 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 14 – Scopus-ში ან WOS-ში ინდექსირებულ ჟურნალებში; ინსტიტუტის ბაზაზე დაცული იქნა 4 სადოქტორო დისერტაცია.
